Facebook Twitter

¹ას-566-534-2011 30 მაისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თ. თოდრია, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ხ. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხ. ტ-ისა და თ. დ-ას მიმართ და მოითხოვა ხ. ტ-ისათვის მის სასარგებლოდ სესხის, 17 500 აშშ დოლარის, გადახდის დაკისრება, ასევე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 2009 წლის 14 აგვისტოდან 2010 წლის 14 მაისამდე პერიოდზე 9 450 აშშ დოლარის, ხოლო 2010 წლის 14 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 050 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის მოთხოვნით, თანხის გადახდევინება უნდა განხორციელებულიყო ხ. ტ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქ. თბილისში, ... ¹... ..-ში მდებარე უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით. ფ. კ-ემ საქმის ზეპირი მოსმენის დროს დააზუსტა მოთხოვნა და თანხმობა განაცხადა ვალის ხ. ტ-ისათვის გადაკისრებაზე, რის გამოც თ. დ-ას მიმართ საქმის წარმოება შეწყდა საოქმო განჩინებით და საქმის განხილვა გაგრძელდა ხ. ტ-ის მიმართ სესხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ხ. ტ-ეს ფ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის, 17 500 აშშ დოლარის, 2009 წლის 14 აგვისტოდან 2010 წლის 14 მაისამდე პერიოდის 9 450 აშშ დოლარის, 2010 წლის 14 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად პირგასამტეხლოს 1 050 აშშ დოლარის გადახდა. დადგინდა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინება ხ. ტ-ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ... ¹... ..-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრაO ხ. ტ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით ხ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და, დაევალა, დაეზუსტებინა გადაწყვეტილების რა ნაწილს ასაჩივრებდა და ასევე წარმოედგინა სააპელაციო საჩივარზე სადავო თანხის 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა.

2011 წლის 7 თებერვალს ზემოაღნიშნული განჩინება სასამართლოს IP ტელეფონის მეშვეობით ჩაჰბარდა აპელანტ ხ. ტ-ეს. 2011 წლის 17 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტმა ხ. ტ-ემ, რომელმაც განმარტა, რომ იმყოფება ავად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გონივრული ვადით გაგრძელება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით აპელანტ ხ. ტ-ეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 (ხუთი) დღით გაუგრძელდა.

აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა პირადად 2011 წლის 22 თებერვალს. 2011 წლის 28 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კვლავ მიმართა აპელანტმა ხ. ტ-ემ, რომელმაც დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მთლიანად. ამასთან, აპელანტმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით აპელანტ ხ. ტ-ეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით გაუგრძელდა და დაევალა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის, 1348 აშშ დოლარის, ეკვივალენტი ლარის გადახადა, მის მიერ სააპელაციო საჩივარზე უკვე გადახდილი 150 ლარის გამოკლებით. 2011 წლის 14 მარტს სააპელაციო სასამართლოს მიმართა აპელანტმა და განუმარტა, რომ იმყოფებოდა რთულ მდგომარეობაში, იყო ავად და ჰქონდა ფინანსური პრობლემები. აპელანტმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და მოითხოვა ხარვეზის შევსებულად მიჩნევა და საქმის წარმოებაში მიღება. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის განჩინებით აპელანტ ხ. ტ-ეს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 3 დღით და დაევალა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის (1348 (ათას სამას ორმოცდარვა) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 250 ლარის გამოკლებით. აღნიშნული განჩინების თაობაზე აპელანტს ეცნობა სასამართლოს სატელეფონო შეტყობითY 2011 წლის 17 მარტს.

2011 წლის 21 მარტს ხ. ტ-ემ კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა საქმის წარმოებაში მიღება და სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილზე გადახდის გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, არ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას. პალატამ, 2011 წლის 23 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ხ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხ. ტ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: მან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა არა მის, არამედ თ. დ-ას მიმართ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა იპოთეკური სესხის გარიგებაში. ამასთან, მას არც თანხა მიუღია და არც თანხის გადაცემაში მონაწილეობდა. სააპელაციო სასამართლომ მას დააკისრა შეუსაბამოდ მაღალი სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რისი საშუალებაც მას არ გააჩნდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ხ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად ხ. ტ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა, რა ნაწილში ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას და წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხ. ტ-ეს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების თაობაზე ეცნობა 2011 წლის 7 თებერვალს. ხ. ტ-ეს მისი განცხადების საფუძველზე არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის განჩინებით აპელანტ ხ. ტ-ეს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 3 დღით და დაევალა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის (1348 (ათას სამას ორმოცდარვა) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 250 ლარის გამოკლებით.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას სასამართლომ დააკისრა დიდი ოდენობით სახელმწიფო ბაჟი, რისი გადახდის საშუალებაც მას არ გააჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ხ. ტ-ემ ვერ დაასაბუთა და ამასთან უტყური მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა,

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.