ას-567-534-2010 12 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ა-ი 96” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ჟ. ა-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. ა-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ა-ი 96-ის” მიმართ და მოითხოვა ადიგენის რაიონის სოფელ არალში ე.წ “...” ტერიტორიაზე მდებარე ჟ. ა-შვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაწმენდა, ქვა-ღორღისა და შენობის ნანგრევების გატანა, მიწის ნაკვეთის მოხვნა-გაკულტივირება, ასევე სასამართლო ხარჯების ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ადიგენის რაიონის სოფელ არალში, ე.წ. “...” ტერიტორიაზე. მოპასუხე აღნიშნული მიწის ნაკვეთის სიახლოვეს აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს, რა დროსაც დაანგრია იქ არსებული ძველი შენობა-ნაგებობები და ააშენა ახალი. 2008 წლის შემოდგომაზე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეზიდა და დაყარა დანგრეული შენობის ნარჩენები და ქვა-ღორღი, რის გამოც შეუძლებელი გახდა მიწის ნაკვეთის შესაბამისი დანიშნულებით გამოყენება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობის გამო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჟ. ა-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “ა-ი 96-ს” დაევალა ადიგენის რაიონის სოფელ არალში მდებარე ჟ. ა-შვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან სამშენებლო ნარჩენების მთლიანად გატანა და მიწის ნაკვეთის მოხვნა-გაკულტივირება, ასევე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ა-ი 96-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს “ა-ი 96-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება შპს “ა-ი 96-ის” წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილის მამას _ ს. ჩ-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 28 იანვარს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადრესატისათვის მისი ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია.
პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, შპს “ა-ი 96-ს” აღნიშნული გადაწყვეტილება განმეორებით 2010 წლის 17 მარტსაც ჩაბარდა, მაგრამ მისი გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების პირველი ჩაბარების დღიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ა-ი 96-ის” მიერ ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უკანასკნელი ვადა იყო 2010 წლის 11 თებერვალი, მან კი სასამართლოს სააპელაციო საჩივარი წარუდგინა 2010 წლის 31 მარტს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “ა-ი 96-ის” წარმომადგენელმა ტ. ჩ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შემოწმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება შპს “ა-ი 96-ის” წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილის მამას _ ს. ჩ-შვილს 2010 წლის 28 იანვარს ჩაბარდა, შესაბამისად, პალატამ მითითებული დროიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა არასწორად აითვალა. ს. ჩ-შვილის მიერ მიღებული გზავნილით მხარეს ჩაბარდა სხვა სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა გზავნილზე რეალურად გაგზავნილი დოკუმენტის რეკვიზიტები დაფიქსირებული არ არის. ფაქტობრივად, ტ.ჩ-შვილს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 17 მარტს და მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ა-ი 96-ის” წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხარის მიერ გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან მხოლოდ 14 დღის განმავლობაში. ამდენად, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს და მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტი, საიდანაც უნდა აითვალოს ზემოხსენებული 14-დღიანი ვადა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 2010 წლის 28 იანვრიდან არასწორად აითვალა, კერძოდ:
საქმის მასალებში წარმოდგენილია საფოსტო შეტყობინება, რომლის თანახმად ტ. ჩ-შვილისათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილი 2010 წლის 28 იანვარს ჩაბარდა მის მამას _ ს. ჩ-შვილს, თუმცა გზავნილის ნომერია 2/304-09, ხოლო განსახილველ დავას პირველი ინსტანციის სასამართლო იხილავდა ნომრით 2/128-09. იგივე ნომერი აქვს მინიჭებული სასამართლო გადაწყვეტილებასა და მის სხვა გზავნილებს.
აღნიშნული გარემოება იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ 2010 წლის 28 იანვარს ადვოკატ ტ.ჩ-შვილის მამისათვის ჩაბარებული სასამართლო გზავნილი მოცემულ საქმეს არ ეხება და სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა უნდა აეთვალა 2010 წლის 17 მარტიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც, საქმეში არსებული შპს “სკს-ს” შეტყობინების ბარათის მიხედვით, აპელანტის წარმომადგენელ ტ.ჩ-შვილის მამას ჩაბარდა სასამართლო გზავნილი გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლთან ერთად.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შპს “ა-ი 96-ის” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა საფუძვლების შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ა-ი 96-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.