¹ას-568-536-2011 9 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ს. გ-ძე, თ.გ-ძე, ე. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს .... ბანკი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს ... ბანკი სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ი/მ მ. გ-ძის, ს. გ-ძის, თ. გ-ძისა და ე. გ-ძის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე, კერძოდ, მოითხოვა სს .... ბანკი და ი.მ მ. გ-ძეს შორის 2008 წლის 09 ოქტომბერს დადებული “კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის” შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და ასევე მხარეებს შორის 2008 წლის 13 ოქტომბერს დადებული ¹- საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება. მოპასუხეებისათვის _ ი.მ. მ. გ-ძისა და ს. გ-ძისათვის სს ... ბანკი სასარგებლოდ 61 277.56 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 45 752.48 აშშ დოლარი, პროცენტი – 7243.9 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 8281.18 აშშ დოლარი. თანხის გადახდევინების მიზნით თ. გ-ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების _ მდებარე ქ. თბილისი, .... ¹1-ში, საცხოვრებელი ფართისა (წილი 31.00/2690.00კვ.მ.) და ამ ფართის პროპორციული მიწის ნაკვეთის, ასევე ე. გ-ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების _ მდებარე ქ. თბილისი, ... ბინა ¹6, საცხოვრებელი ბინის ფართი 55.50 კვ.მ. და ამ ფართის პროპორციული მიწის ნაკვეთის (ნაკვეთი - კოდი -) რეალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ... ბანკი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს ... ბანკი და ი/მ მ. გ-ძეს შორის 2008 წლის 09 ოქტომბერს დადებული კრედიტების ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულება და 2008 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული ¹-საკრედიტო ხელშეკრულება.
მოპასუხეებს ი/მ მ. გ-ძეს და ს. გ-ძეს სს ... ბანკი სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი დავალიანების 45 752.48 აშშ დოლარის, პროცენტის 7 243.90 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 4 140.59 აშშ დოლარის გადახდა.
ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თანხის გადახდევინება მომხდარიყო თ. გ-ძის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე-ქ.თბილისი, .... .¹1 მდებარე საცხოვრებელი ფართი წილი 31.00/2690.00 და ამ ფართის პროპორციული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹-, ასევე ე. გ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ.თბილისი ... ბინა ¹6, ფართით 55.50 კვ.მ, საკადასტრო კოდი -. იძულებითი რეალიზაციის გზით. თუ აღნიშნული ქონება არასაკმარისი აღმოჩნდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი დავალიანების გადახდა დადგინდა ს. გ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. გ-ძემ, ე. გ-ძემ და თ. გ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 იანვრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა, რომელიც შეიცავდა:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომატან სასამართლოზე;
ბ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;
გ) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი;
დ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებმა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა და აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით. ამასთან, აღნიშნული განჩინებითვე განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2011 წლის 23 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა, წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვეს, დარჩენილი თანხის - (მათი მოსაზრებით) 50 ლარის გადახდის გადავადება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით, ს. გ-ძის, თ. გ-ძისა და ე. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ს. გ-ძემ, თ.გ-ძემ და ე. გ-ძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ, მათ ხარვეზი ნაწილობრივ შეავსეს და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მოითხოვეს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადავადება გადაწყვეტილების გამოტანამდე, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ითვალისწინებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ს. გ-ძის, თ. გ-ძისა და ე. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 იანვრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დავის საგნის ღირებულების 4%-ის მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით), და სააპელაციო საჩივარი წარმოდგენა., რომელიც შეიცავდა:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომატან სასამართლოზე;
ბ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;
გ) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი;
დ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა და მათ ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით. ამასთან, აღნიშნული განჩინებითვე განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2011 წლის 23 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა, წარმადგინეს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვეს, დარჩენილი თანხის - (მათი მოსაზრებით) 50 ლარის გადახდის გადავადება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ აპელანტებმა სასამართლო განჩინებით დავალებული არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულეს, კერძოდ, არ წარმოადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრი, და არ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რის გამოც ვერ განისაზღვრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. აღნიშნულის ნაცვლად, აპელანტებმა წარმოადგინეს მხოლოდ 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო დარჩენილი თანხის (რომლის ოდენობაც განუსაზღვრელია) კვლავ გადავადება მოითხოვეს.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტების 2011 წლის 23 მარტის განცხადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაუსაბუთებელია, ხოლო მარტოოდენ მხარის მითითება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს, კერძოდ:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებისა თუ გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთეს, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მითითებული გარემოება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, მით უფრო, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, მათ არც დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და არც დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში არ წარმოუდგენიათ, რაც დავალებული ჰქონდათ აპელანტებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, სოფიო გოგლიჩიძემ, თამარ გოგლიჩიძემ და ელგა გაგაძემ დაკარგეს მათთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. გ-ძის, თ. გ-ძისა და ე. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.