Facebook Twitter

ას-570-538-2011 2 მაისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «საქართველოს ... და ... ...» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. კ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აუცილებელი გზის მოწყობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «საქართველოს ... და ... ...მ» სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. კ-შვილის, გ. ძ-ძისა და ნ. ს-შვილის მიმართ მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ჯ. კ-შვილის საკუთრებაში არსებული 817 კვ.მ ¹72.03.29.085 მიწის ნაკვეთის, ამავე მისამართზე მდებარე გ. ძ-ძის საკუთრებაში არსებული ¹72.03.29.355 1193 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ნ. ს-შვილის საკუთრებაში არსებულ ¹72.02.30.071 151 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ¹72.02.30.122 1214 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყენებაზე მოსარჩელისათვის აუცილებელი გზის მოწყობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 6 თებერვლის ¹975 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სამთავრობო პროგრამით «ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე» გათვალისწინებული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2010 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის დახმარების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, კორპორაცია დაჩქარებულ რეჟიმში ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენის საგურამო-ქუთაისის 100.7 კილომეტრის სიგრძის საგურამო ხაშურის მონაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეკოსტრუქციო გაზსადენზე ვრცელდება უსაფრთხოების ზომები. გაზსადენი, როგორც ხაზობრივი ნაგებობა, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. პროექტის განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია მოპოვებულ იქნას და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს კორპორაციის უფლებები მილსადენის დერეფანში მოყოლილ ყველა მიწის ნაკვეთზე. მოპასუხეების მიწის ნაკვეთები მოყოლილია «მაგისტრალური მილსადენის დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის ¹963 ბრძანებულებით დადგენილ რეგულირების ზონაში და კორპორაციის მფლობელობასა ან საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის. მოპასუხეები უარს აცხადებენ კორპორაციის შეთავაზებაზე სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ და არ ეთანხმებიან კორპორაციის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციის პირობებს.

ჯ. კ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს «საქართველოს ... და ... ....ის» მიმართ და მოითხოვა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის (შეგებებულ სარჩელში მოპასუხისათვის) მიწის საბაზრო ღირებულების _ 17000 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: აუცილებელი გზის უფლების პირობების მიხედვით ჯ.კ-შვილს ფაქტობრივად უუქმდება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და ეზღუდება მისი თავისუფლად გამოყენების უფლება. წარმოდგენილი ნახაზით გაზსადენი მიწის ნაკვეთის შუაში მთელ სიგრძეზე გადის. დარჩენილი ნაწილი გამოუყენებელია და მთელი მიწის ნაკვეთი კარგავს ფუნქციას. აღნიშნული გარემოებების გამო ერთჯერადი გადახდით მოსარჩელემ უნდა აუნაზღაუროს მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა.

მოპასუხე გ. ძ-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აუცილებელ გზაზე დათანხმდება მოსარჩელეს, თუ მას გადაუხდის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებას ან საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს მცხეთის რაიონის სოფელ ...ში ან მცხეთაში, .... ტერიტორიაზე.

მოპასუხე ნ. ს-შვილმა წარმოდგენილი სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოპასუხის მითითებით, მან მიწის ნაკვეთი შეიძინა 80200 ლარად. კორპორაციის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციის ოდენობაზე განაცხადა უარი, რადგან გაზსადენის რეკონსტრუქციით მიადგება ბევრად მეტი ზიანი. სადავო მიწის ნაკვეთის გამოყენება შეუძლებელი გახდება დანიშნულებისამებრ და სერვიტუტის ხელშეკრულებით შეთავაზებული კომენსაციის ოდენობა მიზერულია.

სარჩელი ასევე არ ცნო ჯ. კ-შვილმა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «საქართველოს ... და .......ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «საქართველოს ... და ......ს” ნება დაერთო მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ჯ. კ-შვილის საკუთრებაში არსებული ¹72.03.29.085 817 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე გ. ძ-ძის საკუთრებაში არსებული ¹72.03.29.355 1193 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მცხეთის რაიონის სოფელ ...ში ნ. ს-შვილის საკუთრებაში არსებული ¹72.02.30.071 151 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 1214 კვ.მ ¹72.02.30.122 მიწის ნაკვეთის გამოყენებაზე აუცილებელი გზის მოწყობის (საგურამო ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის საგურამო-ხაშურის მონაკვეთის) მიზნით, ჯ. კ-შვილის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «საქართველოს ... და ......ს» დაეკისრა ჯ. კ-შვილისათვის 2220 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით კი, მოსარჩელე შპს «საქართველოს ... და ...ის» შუამდგომლობის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა გადაწყვეტილება აუცილებელი გზის დადგენის ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილში გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «საქართველოს ... და ......მ».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით შპს «საქართველოს ... და ...ის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელ ლ. ე-ძეს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 27 იანვარს, ლ. ე-ძე არის შპს «საქართველოს ... და ......ის» დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, შესაბამისად, იგი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მიიჩნევა უფლებამოსილ პირად და ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა სწორედ ლ.ე-ძისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან აითვლება.

პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დენა ამოიწურა 2011 წლის 10 თებერვალს, საქმის მასალების თანახმად კი, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 22 თებერვალს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «საქართველოს ... და ......მ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა, მოწმე ხ.ა-შვილის დაკითხვა და მოწინააღმდეგე მხარე ჯ.კ-შვილის მიმართ შპს «... და ......ის» სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კორპორაციის თანამშრომელ ლ.ე-ძეს 2011 წლის 27 იანვარს ჩაბარდა არა რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, არამედ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განჩინებისა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილები, ასევე სააღსრულებო ფურცელი, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილ სააღსრულებო ფურცელზე გაკეთებული მინაწერის თანახმად, კორპორაციის თანამშრომელს ჩაბარდა განჩინება, გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, ამასთან დაკონკრეტებული არ არის მას ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება თუ მხოლოდ მისი სარეზოლუციო ნაწილი. აღნიშნული მინაწერი შესრულებულია მოსამართლის თამაშემწის მითითების შესაბამისად. ჩაბარებული დოკუმენტები ლ.ე-ძემ კ...ში წარადგინა მიღების მეორე დღეს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ასლის დედანთან სისწორის სანოტარო წესით დამოწმების შემდეგ, სამივე დოკუმენტი კორპორაციის განცელარიაში გატარდა ერთად. დოკუმენტზე დასმული შტამპის თანახმად, ფურცლების საერთო რაოდენობაა 5, რაც ზუსტად გამომდინარეობს სააღსრულებო ფურცლის, გადაწყვეტილებისა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილების რაოდენობიდან, ამასთან, სასამართლოს მითითების გაზიარების შემთხვევაში, თუ კორპორაციამ 2011 წლის 27 იანვარს ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილბა, მაშინ საზოგადოების კანცელარიაში მისი სარეზოლუციო ნაწილი რეგისტრირებული ვერ იქნება.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილსა და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული იყო გარკვეული უსწორობა. შპს «... და ......მ» უსწორობის გასწორების მიზნით, განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და წარადგინა ლ.ე-ძის მიერ ჩაბარებული დოკუმენტები.

განცხადებაზე დასმულ სასამართლოს შტამპში მითითებული ფურცლების საერთო რაოდენობა ასევე ემთხვევა კომპანიის კანცელარიის შტამპზე მითითებული ფურცლების რაოდენობას, რაც შეეხება დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი კომპანიის თანამშრომელს ჩაბარდა 2011 წლის 9 თებერვალს. საქმის მასალებში არსებული ხელწერილით, მართალია, არ დასტურდება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა (ხელწერილში მითითებულია მხოლოდ გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე), თუმცა ორგანიზაციის კანცელარიაში გატარებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ფურცლების რაოდენობა და მისი გატარების თარიღი ემთხვევა საქმეში არსებული ხელწერილის შედგენის თარიღს და გადაცემული დასაბუთებული გადაწყვეტილების ფურცლების საერთო რაოდენობას.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2011 წლის 27 იანვარს ჩაბარებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კომპანიის თანამშრომელმა გადაწყვეტილების ასლის დედანთან სისწორის დამოწმების მიზნით ამავე წლის 28 იანვარს მიმართა ნოტარიუსს, ხოლო სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის მონაცემებით, დამოწმებული ფურცლების საერთო რაოდენობა ორია.

იმ შემთხვევაში, თუ ლ.ე-ძე ჩაიბარებდა სადავო გადაწყვეტილების დასაბუთებულ ასლს, ფაქტობრივად საფუძველს მოკლებული იქნებოდა საჯარო რეესტრში მინიჭებული უფლების აღრიცხვისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის წარდგენა, რადგანაც ეს უკანასკნელი დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში კორპორაციისაგან არ მოითხოვდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების 2011 წლის 9 თებერვალს ჩაბარების ფაქტი ასევე დასტურდება იმითი, რომ საქმეში არსებული გადაწყვეტილების გზავნილის თარიღებით ირკვევა, მხარეთათვის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან დაახლოებით ორი კვირის ვადაში მისი გაგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ალოგიკური იქნება სასამართლოს ქმედება გამოცხადებიდან ორ დღეში დასაბუთებული გადაწყვეტილების მზაობის შემთხვევაში მისი ერთი მხარისათვის ჩაბარება, ხოლო მეორე მხარისათვის დაახლოებით ორი კვირის ვადაში გაგზავნა.

ზემოაღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოწმის სახით მოსამართლის თანაშემწე ხ.ა-შვილის დაკითხის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩვრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს «საქართველოს ... და .......ის» კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოდავე მხარე, რომელიც არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი მისი კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4331 მუხლის თანახმად ამავე კოდექსის 2591 მუხლი ამოქმედებულია მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიმართ, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად უნდა ჩაითვალოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე ზუსტად და უტყუარად გამოარკვიოს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტი, რადგანაც კანონის მითითებული დანაწესის სწორად განმარტება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს ერთმევა უფლება, სასამართლო წესით დაიცვას თავისი ინტერესი. აღნიშნული კი უზრუნველყოფილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით და მის ერთ-ერთ ძირითად, ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს (სსსკ-ის მე-2 მუხლი).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეში არსებული ხელწერილით (ტ. I, ს.ფ. 333) უტყუარად ირკვევა 2011 წლის 27 იანვარს შპს «საქართველოს ... და ... .....ის» უფლებამოსილი თანამშრომლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი, ვინაიდან ამავე საქმის მასალებში მოიპოვება ხელწერილი, სადაც მითითებულია, რომ საზოგადოების თანამშრომელმა ლ.ე-ძემ 2011 წლის 9 თებერვალს ჩაიბარა 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და განჩინება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხლივას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ.

დასახელებული ნორმა ადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს და სავალდებლოდ მიიჩნევს მტკიცებულებათა ერთობლიობაში განხილვა-შეფასებას, რაც მოსამართლეს შეუქმნის გონივრულ ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის დადგენილად მიჩნევისათვის, ამასთან, ამავე მუხლის პირველი ნაწილის აწესებს, რომ არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დედგენილი ძალა არ აქვს, ამდენად, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია, უტყუარად გამოიკვლიოს და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს ყველა ფაქტისა თუ მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასების გზით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებებას, მის მიერ 2011 წლის 27 იანვარს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებელ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებასთან ერთად გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების თაობაზე. ის გარემოება, რომ სასამართლომ დაადგინა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, თავისთავად მოწმობს საქმის არსებითად გადაწყვეტიდან ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის დროულად გაცემისა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შესაძლებლობას, რათა არ დაირღვეს მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლება (დაუყოვნებლივ აღსრულდეს ამ ნაწილში გადაწყვეტილება), ამასთან, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-3 დღეს ნაკლებად სავარაუდოა მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის გადაცემის შესაძლებლობა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული და რეგულირებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მისი მოტივირებული სახით მომზადების დრო და წესი.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე იზიარებს მოდავე მხარის მიერ 2011 წლის 27 იანვარს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ხოლო ამავე წლის 9 თებერვალს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს ვინაიდან წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დართული ორგანიზაციის შტამპის თარიღები და მასზე მითითებული ფურცლების საერთო რაოდენობა ემთხვევა საქმეში არსებულ ჩაბარების ხელწერილების თარიღებს და ქმნის გონივრულ ვარაუდს იმისა, რომ მხარემ თავდაპირველად სწორედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო შემდგომ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა, აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს სანოტარო აქტში მითითებული დამოწმებული ასლის ფურცლების საერთო რაოდენობაც. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ პროცესის მონაწილე სხვა მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება გაეგზავნათ 2011 წლის 9 თებერვალს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობის გამაქარწყლებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება, კერძოდ, 2011 წლის 27 იანვარს კორპორაციის თანამშრომელ ლ.ე-ძის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება საქმის მასალებით უალტერნატივოდ არ დგინდება.

საკასაციო სასამართლომ მოცემული კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვისა და მოწმის სახით მოსამართლის თანაშემწის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის მართებულების შესწავლისას მიიჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა.

კერძო საჩივრის ავტორი მოცემული კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე დაიკითხოს მოსამართლის თანაშემწე ხ. ა-შვილი, რომელიც დაადასტურებს შპს «საქართველოს ... და ......ის» თანამშრომელ ლ. ე-ძისათვის 2011 წლის 27 იანვარს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების ფაქტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, პალატა ვერც მოწმეს დაკითხავს სასამართლო სხდომაზე და მათ ჩვენებას, როგორც ახალ მტკიცებულებას, ვერ შეაფასებს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შპს «საქართველოს ... და .....ისათვის» ჩაბარების ფაქტი, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად არასწორად დატოვება, აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, განსახილველ შემთხვევაში დარღვეული იყო თუ არა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა შპს «... და ......ისათვის» რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან და სარწმუნოდ გამოარკვიოს არსებობს თუ არა მოცემულ საქმეზე ამავე საზოგადოების სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «საქართველოს ... და ......ის» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.