Facebook Twitter

ას-572-539-2010 12 ივლისი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე. კ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ფირმა “ა-ი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ფირმა “ა-ის” დირექტორმა კ. რ-ევამ მოპასუხე ე. კ-შვილის მიმართ. განმცხადებელმა მოითხოვა გადახდის ბრძანების გაცემა მოპასუხისათვის 159 327 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. მოთხოვნის დაკმაყოფილება განმცხადებელმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ე. კ-შვილის მიმართ და სასჯელის ზომად განისაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული იყო კ. რ-ევა, განაჩენით დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა ე. კ-შვილმა ფირმა “ა-ისაგან” მიითვისა 159 327 აშშ დოლარი (ტ.1, ს.ფ. 1-2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 აპრილის გადახდის ბრძანებით ე. კ-შვილს დაეკისრა 159 327 აშშ დოლარის გადახდა ფირმა “ა-ის” სასარგებლოდ (ს.ფ. 41-42).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 აპრილის გადახდის ბრძანება ე. კ-შვილისათვის ფირმა “ა-ის” სასარგებლოდ 159327 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დადგინდა საქმის საერთო სასარჩელო წარმოების წესით განხილვა (ტ.1, ს.ფ. 59).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფირმა “ა-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. კ-შვილს ფირმა “ა-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 159 327 აშშ დოლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდებოდა ე. კ-შვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა და ფირმა “ა-ისათვის” 159327 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ პირის ქმედების მართლწინააღმდეგობა და ბრალის განზრახი ან გაუფრთხილებელი ფორმა წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ წინაპირობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი იყო სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ( ტ.1, ს.ფ. 193-198).

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება ე. კ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად. აპელანტი მიუთითებდა, რომ დავა მომდინარეობდა ორი იურიდიული პირის _ ფირმა “ა-ისა” და შპს “პლანეტას” შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რის გამოც ე. კ-შვილი, როგორც ფიზიკური პირი, წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს. აპელანტი ასევე ითხოვდა საქმის გადაცემას არბიტრაჟისათვის განსჯადობის წესების დაცვით, ვინაიდან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად მხარეთა შორის არსებული დავა უნდა გახილულიყო არბიტრაჟის მიერ (ტ.1, ს.ფ. 214-219).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით ე. კ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ტ.2, ს.ფ. 3-7).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ე. კ-შვილმა, რომელმაც წარადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის შემცირება და მისი გადახდის გადავადება. აპელანტი ასევე ითხოვდა მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოსადგენად საპროცესო ვადის მიცემას (ტ.2, ს.ფ. 14-26).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით ე. კ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ტ.2, ს.ფ. 34-36).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ე. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ე. კ-შვილს გაეგზავნა ქ. რუსთავის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც აპელანტი სასჯელს იხდიდა. სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა ¹5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების დირექტორის 2010 წლის 11 მარტის მომართვა და მასზე თანდართული 2010 წლის 10 მარტის ოქმი, საიდანაც ირკვეოდა ე. კ-შვილის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 თებევლის განჩინების ჩაბარებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული განჩინება ქ. რუსთავის ¹1 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში უნდა ჩაბარებოდა. სააპელაციო სასამართლომ აპელანტისათვის განჩინება ჩაბარებულად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხოლო რამდენადაც აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (ტ.2, ს.ფ. 44-48).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. კ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განჩინების ასლი მას ვერ ჩაბარდებოდა, ვინაიდან იგი 2010 წლის 1 მარტიდან 8 აპრილამდე იმყოფებოდა ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრში, რასაც ადასტურებს შესაბამისი სამედიცინო ცნობა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ განჩინების ჩაბარების შემთხვევაშიც კი სასამართლოს მიერ დადგენილ 10-დღიან ვადაში იგი ვერ შეძლებდა ხარვეზის შევსებას (ტ.2, ს.ფ. 56-57).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ მას ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განჩინების ასლი ვერ ჩაბარდებოდა. კერძო საჩივარზე თანდართული სამედიცინო ცნობებიდან ირკვევა, რომ ე. კ-შვილი აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს 2010 წლის 2 მარტს, საიდანაც გაეწერა 2010 წლის 9 მარტს. ქალთა და არასრულწლოვანთა ¹5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი ინსპექტორისა და კონტროლიორის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, რომ ე. კ-შვილმა განჩინების ჩაბარებაზე უარი განაცხადა 2010 წლის 9 მარტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს მის მიერ განჩინების ჩაბარებაზე უარის თქმის დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არყოფნას და გზავნილი ჩაბარების შეუძლებლობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატი უარს განაცხადებს უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. კ-შვილის მიერ განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2010 წლის 9 მარტს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საკითხზე, შეეძლო თუ არა კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის დანიშნულ ვადაში შევსება, რამდენადაც კერძო საჩივრის დავის საგანია მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ე. კ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. კ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.