საქმე # 020141318700060315
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №29I-18 თბილისი
ზ. ზ., 29I-18 3 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - მამუკა ნოზაძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 18 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მამუკა ნოზაძემ, რომელმაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა მსჯავრდებულების - ზ. ზ-ს, მ. გ-სა და რ. ჩ-ს მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენით დაკისრებული სამოქალაქო სარჩელის თანხის დარჩენილი ნაწილის - 164143 ლარის ასანაზღაურებლად.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ, სამოქალაქო მოპასუხეებს – ზ. ზ.ს, რ. ჩ-ს, მ. გ-სა და მ. ლ-ს სოლიდარულად დაეკისრათ 404 143,2 ლარის ანაზღაურება.
3. 2011 წლის 5 აგვისტოს პროკურორსა და მსჯავრდებულებს - ზ. ზ.ს, მ. გ-ს, რ. ჩ-სა და მ. ლ-ს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ საპროცესო შეთანხმებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულების - ზ. ზ-ს, მ. გ-სა და რ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ნაწილის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 164 143 ლარი ზ. ზ.ს, მ. გ-სა და რ. ჩ-ს უნდა აენაზღაურებინათ 2017 წლის 5 აგვისტომდე, რასაც პროკურორი ასევე ითხოვდა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ზ. ზ-ს, მ. გ-ს, რ. ჩ-სა და მ. ლ-ს მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. მითითებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში სააპელაციო პალატა არ უთითებს, რომ ზ. ზ., მ. გ. და რ. ჩ. ვალდებულნი არიან, დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის დარჩენილი ნაწილი - 164 143 ლარი აანაზღაურონ 2017 წლის 5 აგვისტომდე.
5. მსჯავრდებულებმა სამოქალაქო სარჩელით დაკისრებული თანხა არ გადაიხადეს მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმებით დათქმულ ვადაში, რის გამოც სახელმწიფო ბრალდებელმა 2017 წლის 13 დეკემბერს საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და საქმის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაბრუნება.
6. 2018 წლის 8 თებერვალს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან ზ. ზ., მ. გ. და რამინ ჩ. შ. საქართვალოს პრეზიდენტმა და ისინი გათავისუფლდნენ როგორც ძირითადი, ისე - დამატებითი სასჯელების მოხდისაგან. მათვე მოეხსნათ ნასამართლობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე არ იქნა განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
8. 2018 წლის 18 მაისს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მამუკა ნოზაძემ, რომელმაც მოითხოვა ზ. ზ-ს, მ. გ-სა და რ. ჩ-ს მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტისადმი მიყენებული ზიანის გამო სამოქალაქო სარჩელის ნაწილში დარჩენილი თანხის - 164 143 ლარის ანაზღაურების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობა ზ. ზ-ს, მ. გ-სა და რ. ჩ-ს მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტისადმი მიყენებული ზიანის გამო სამოქალაქო სარჩელის ნაწილში დარჩენილი თანხის ასანაზღაურებლად სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენი გამოტანილ იქნა საქმის არსებითი განხილვის გარეშე და მითითებულ განაჩენში სასამართლოს სამოქალაქო სარჩელის თანხაზე არ უმსჯელია.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მამუკა ნოზაძემ. კასატორი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო პალატისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების დავალებას იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა მსჯავრდებულებისათვის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების პირობის, სამოქალო სარჩელით დაკისრებული თანხის დარჩენილი ნაწილის - 164 143 ლარის - 2017 წლის 5 აგვისტომდე ანაზღაურების შესახებ. ამასთან, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ვალდებულება სრულად შეესაბამება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება წარადგინონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო შუამდგომლობას, საჩივარს იხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით, ხოლო მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენცია არის ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
3. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელისა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს მიერ ასეთი მოთხოვნის განხილვის პროცედურას (რაც სამოქალაქო წესით განსახილველი მოთხოვნაა), საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული შუამდგომლობის განხილვა არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას და, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სისხლის სამართლის წესით განიხილოს წარმოდგენილი საჩივარი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N 331-17 საქმეზე).
4. ამასთან, მართალია, საქართველოს ძველი - 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით შესაძლებელი იყო სისხლის სამართლის საქმესთან ერთად სამოქალაქო სარჩელისა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების განხილვა, ხოლო ზ. ზ-ს, მ. გ-ს, რ. ჩ-სა და მ. ლა-ს საქმეც ხსენებული საპროცესო კოდექსით არის განხილული და მათ სამოქლაქო სარჩელი დაეკისრათ იმავე კოდექსის საფუძველზე, მაგრამ, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე დამთავრებულია სამართალწარმოება (მითუფრო, რომ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსით მსჯავრდების ნაწილში აღსრულებულია), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მოცემულ საქმეზე ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც არ ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელის სახით დაკისრებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნის განხილვას და, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველ სასამართლოს არა აქვს ასეთი მოთხოვნის განხილვის საკანონმდებლო საფუძველი. ამდენად, 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით წარმართულ საქმეზე სამოქალაქო სარჩელთან მიმართებით, მაშინ, როდესაც საქმეზე დამთავრებულია სამართალწარმოება, არ წარმოადგენს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსახილველ მოთხოვნას.
5. დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა მსჯავრდებულებისათვის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების პირობის, სამოქალო სარჩელით დაკისრებული თანხის დარჩენილი ნაწილის - 164 143 ლარის - 2017 წლის 5 აგვისტომდე ანაზღაურების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამის შესახებ სააპელაციო სასამართლო უთითებს მხოლოდ განაჩენის აღწერილობით ნაწილში, ხოლო - სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში სააპელაციო პალატა ამ საკითხზე არ მსჯელობს.
6. აქვე, საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ 2017 წლის 13 დეკემბერს სახელმწიფო ბრალდებელმა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სწორედ იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულებმა სამოქალაქო სარჩელით დაკისრებული თანხა არ გადაიხადეს მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმებით დათქმულ ვადაში, რის გამოც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და საქმის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაბრუნება, ხოლო ამის შემდეგ, 2018 წლის 8 თებერვალს, დასავლეთ საქარველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან ზ. ზ., მ. გ. და რ. ჩ. შეიწყალა საქართვალოს პრეზიდენტმა და ისინი გათავისუფლდნენ როგორც ძირითადი, ისე - დამატებითი სასჯელების მოხდისაგან. მათვე მოეხსნათ ნასამართლობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე არ იქნა განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - მამუკა ნოზაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე, 300-309-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - მამუკა ნოზაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი