ას-577-543-2010 18 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M ვ. როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. გ-შვილის, თ. გ-შვილისა და ა. ზ-უას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებაზე, საქმეზე ა. ბ-შვილის სარჩელისა გამო ი. გ-შვილის, თ. გ-შვილისა და ა. ზ-უას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 10 დეკემბერს ა. ბ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა და მოპასუხეებად ი. გ-შვილი, თ. გ-შვილი, ასევე ა. ზ-უა დაასახელა. მოსარჩელემ ქ. თბილისში, ... ¹36 კორპუსში მდებარე ¹17 ბინის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 12 იანვარს, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძალითაც ა. ბ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეების, ი. გ-შვილის, თ. გ-შვილისა და ა. ზ-უას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ... ¹36 კორპუსში მდებარე ¹17 ბინა.
მოპასუხეებმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებით ა. ზ-უას, თ. გ-შვილისა და ი. გ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმავე სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით აპელანტებს 10-დღიანი ვადა მიეცათ ხარვეზის შესავსებად, კერძოდ კი, სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის გადასახდელად.
იმავე სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განჩინებით ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა კიდევ 10 დღით გაგრძელდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით თ. გ-შვილის, ი. გ-შვილისა და ა. ზ-უას სააპელაციო საჩივარი, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება ი. გ-შვილმა, თ. გ-შვილმა და ა. ზ-უამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ი. გ-შვილის, თ. გ-შვილისა და ა. ზ-უას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს 5-დღიანი ვადა მიეცათ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით (ტ. II, ს.ფ. 28), დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინება მხარეს 12 ივნისს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა 17 ივნისს ამოიწურა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს საპროცესო ვადის გაგრძელებაზე უარი ეთქვათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც, ი. გ-შვილის, თ. გ-შვილისა და ა. ზ-უას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. გ-შვილს, თ. გ-შვილსა და ა. ზ-უას კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.