Facebook Twitter

ას-578-546-2011 16 მაისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ Dნ. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ლ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 22 ოქტომბერს ლ. გ-ესა და ნ. ლ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელე ლ. გ-ემ მოპასუხე ნ. ლ-ს ასესხა 4000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, 2010 წლის 22 იანვრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. ლ-ს კუთვნილი უძრავი ქონება. ქ.რუსთავში, ... ¹... ... ..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, სესხი იყო სარგებლიანი, რომელიც შეადგენდა თანხის 6%-ს ყოველთვიური გადახდით. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ხელშეკრულების თანახმად, სესხს ერიცხებოდა პირგასამტეხლო შესაბამისად გადასახდელი თანხის 0,3% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ნ. ლ-მა გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის სარგებელი 240 აშშ დოლარი, ხოლო ორი თვის სარგებელი არ გადაუხდია და არც ნასესხები 4000 აშშ დოლარი დაუბრუნებია.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო 0,3% შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა გაბათილდეს ან უნდა შემცირდეს. საქმის მთავარ სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან ისესხა 3760 აშშ დოლარი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ნ. ლ-ს მოსარჩელე ლ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6280 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დავალიანების თანხის გადახდევინება დადგინდა იპოთეკით დატვირთული ნ. ლ-ის საკუთრებაში არსებული ქ.რუსთავში, ... ¹30-36-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის იძულებით რეალიზაცია აუქციონის წესით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა და მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებით აპელანტს ნ. ლ-ს, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ან სახელმწიფო ბაჟის 768,80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 4 პროცენტის გადახდა. ნ. ლ-ს ხარვეზის განჩინება პირადად ჩაჰბარდა 2011 წლის 7 მარტს. 2011 წლის 21 მარტს საპროცესო ვადის დარღვევით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ნ. ლ-მა და მოითხოვა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება.

პალატამ განმარტა, რომ განცხადებაში საპროცესო ვადის დარღვევის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი მითითებული არ არის და, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დატოვა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ლ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტს, რომ არის სოციალურად დაუცველი და ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლებას. სასამართლომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაავალა და მოსთხოვა სოციალურად დაუცველი პირის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. გარდა ამისა, აღნიშნული დოკუმენტების წარმოსადგენად არ გაუგრძელა ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის «ვ» პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანისას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ადგენს ორ აუცილებელ პირობას, რაც შეიძლება გახდეს ბაჟისაგან განთავისუფლების საფუძველი, კერძოდ, პირი რეგისტირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ამასთან იღებდეს საარსებო შემწეობასაც.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებით აპელანტ ნ. ლ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და, ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ან სახელმწიფო ბაჟის სახით 768,80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 4 პროცენტის გადახდა. აღნიშნული განჩინება ნ. ლ-ს ჩაჰბარდა 2011 წლის 7 მარტს და ხარვეზი შევსების ვადა ამოეწურა 2011 წლის 14 მარტს. ნ. ლ-მა საპროცესო ვადის დარღვევით, 2011 წლის 21 მარტს, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად.

მითითებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზებზე არ მიუთითებს არც განცხადებაში (ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ) და არც კერძო საჩივარში, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის საპატიოობის დასაბუთებად ვერ გამოდგება კერძო საჩივარზე ავტორის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო მოწმობა. მითითებული მოწმობით მართალია, ნ. ლ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას (რაც კანონით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია), მაგრამ აღნიშნული დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, რაც ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიღებული განჩინების კანონიერებას. ამასთან საგულისხმოა, რომ აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია 2011 წლის 30 მარტს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის გამო. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსი საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლივად შეფასების შედეგად, ასაბუთებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლ.დ დატოვებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინება დარჩეს უცვლ.დ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.