Facebook Twitter

ას-582-547-10 8 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბ. ბ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ბ. ბ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2010 წლის 2 ივლისს ბ. ბ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ არის ინვალიდი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს რადგან მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით.

აღნიშნული განჩინების ასლი ბ. ბ-ძეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2010 წლის 23 ივლისს (ს.ფ.143-144), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 26 ივლისს. აღნიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

2010 წლის 9 აგვისტოს ბ. ბ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2010 წლის 26 ივლისს, ხოლო მის მიერ განცხადება შემოტანილი იქნა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ანუ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე ბ. ბ-ძის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ბ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.