Facebook Twitter

ას-583-548-2010 26 ივლისი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ჩ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ს-ი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაცია

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ს-მა” მოპასუხე ლ. ჩ-შვილის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს “ს-სა” და ლ. ჩ-შვილს შორის დაიდო საბანკო მომსახურების ხელშეკრულება. ლ. ჩ-შვილზე სესხად გაიცა 8 000 აშშ დოლარი 60 თვის ვადით, წლიური 19% სარგებლის დარიცხვით. სამომხმარებლო კრედიტი გაიცა მიზნობრივად, ავტომობილის შესაძენად, რომლის ღირებულება განისაზღვრა 9800 აშშ დოლარით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დაგირავდა კლიენტის მიერ შესაძენი ავტომობილი. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით 2008 წლის 8 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ქონების დაზღვევის თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, სამომხმარებლო კრედიტის ანგარიშში გადასახდელი თანხა შეადგენდა 8017.19 აშშ დოლარს, ხოლო სადაზღვევო შეთანხმების ანგარიშში გადასახდელი თანხა _ 657.97 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ჩ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8675.16 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა შეადგენდა 6352.55 აშშ დოლარს, პროცენტი _ 818.329 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო _ 846.32 აშშ დოლარს, დამატებითი სადაზღვევო შეანხმებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა _ 462.2 აშშ დოლარს, პროცენტი _ 47.64 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო _ 148.13 აშშ დოლარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი და მის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესრულებული როგორც საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით, ისე სადაზღვევო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება (ტ.1, ს.ფ. 76-80).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჩ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად. აპელანტი მიუთითებდა, რომ სადაზღვევო თანხის დაფარვა მის მიერ მოხდა სრულად, ხოლო საქმეში არ იყო წარდგენილი დოკუმენტი სადაზღვევო თანხის გაცემის თაობაზე, ასევე არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულება მსესხებლის მიერ კრედიტის დაფარვის ვადებისა და პირობების დარღვევის თაობაზე. აპელანტის მოსაზრებით, საქმეში უნდა ჩართულიყო მძღოლი, რომელმაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დააზიანა ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული და დაზღვეული ავტომანქანა (ტ.2, ს.ფ. 28-36).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით ლ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სადავო თანხის 4%-ის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ტ.2, ს.ფ. 3-5).

2010 წლის 8 აპრილს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აპელანტმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება გონივრული დროით (ტ.2, ს.ფ. 24).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის განჩინებით ლ. ჩ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით (ტ.2, ს.ფ. 25-26).

2010 წლის 23 აპრილს სააპელაციო სასამართლოს მიმართა ლ. ჩ-შვილმა, წარადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეზე ზიანი მიყენებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად, დაზღვეული ავტომანქანა დაზიანდა, რაზეც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სადაზღვევო კომპანიამ დაარღვია დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება მისთვის კანონსაწინააღმდეგო იყო და შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას (ტ.2, ს.ფ. 28-36).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განჩინებით ლ. ჩ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით (ტ.2, ს.ფ. 38-39).

2010 წლის 7 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ლ. ჩ-შვილმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე არსებული გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ მას ავტოავარიის შედეგად მიადგა ზიანი (ტ.2, ს.ფ. 41).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის განჩინებით ლ. ჩ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით (ტ.2, სფ. 43-44).

2010 წლის 13 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ლ. ჩ-შვილმა და კვლავ ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება (ტ.2, ს.ფ. 46).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით ლ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (ტ.2, ს.ფ. 47-50).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ჩ-შვილმა, რომელემაც ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ კანონი ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გადაწყვეტილების იმ ნაწილშიც, რომელიც გასაჩივრებული არ ყოფილა. კერძო საჩივრის ავტორი თანახმა იყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე ავტომანქანით ან დამნაშავე მძღოლის მიერ. კერძო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ ლ. ჩ-შვილის მიერ კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო სასამართლოს მისი განუხილველად დატოვება შეეძლო 10-დღიან ვადაში და არა მის შემდეგ (ტ.2, ს.ფ. 54-55).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი კერძო საჩივრის ავტორს არ შეუვსია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაუგრძელდა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, ხოლო სრული ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლები, აპელანტის მიერ არ ყოფილა წარდგენილი. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა მას სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ლ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.