Facebook Twitter

¹ას-58-57-2010 3 თებერვალი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ გ. გ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “ე-ო” (სს “ენ-ის” უფლებამონაცვლე)

მოპასუხე _ სს “თ-ი”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2001 წლის 14 დეკემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სესხის დაბრუნების მოთხოვნით სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ენ-მა” (ამჟამად შპს “ე-ო”) მოპასუხეების _ გ. გ-შვილისა და სს “თ-ის” მიმართ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ გ. გ-შვილმა სს “ენ-იდან” 1998 წლის 6 მაისის ¹170 საკრედიტო ხელშეკრულებით, აგრეთვე სს “თ-ის” 1998 წლის 7 მაისის საგარანტიო წერილების საფუძველზე, ერთი წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის თვეში 1,5 პროცენტის დარიცხვით, მიიღო 40 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად 1999 წლის 29 დეკემბერს, 2000 წლის 17 იანვარს და 2000 წლის 28 თებერვალს დაფარა 14 664 აშშ დოლარი (ძირითადი სესხი 14 595 აშშ დოლარი და პროცენტი 69 აშშ დოლარი). სესხის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 1999 წლის 6 მაისს, რის შემდეგაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად ამოქმედდა საჯარიმო სანქცია, დარჩენილ თანხას დაერიცხა 16 542 აშშ დოლარი და დავალიანებამ შეადგინა 65 620 აშშ დოლარი (ძირითადი სესხი 25 405 აშშ დოლარი, პროცენტი 23 673 აშშ დოლარი, ჯარიმა 16 542 აშშ დოლარი) (ს.ფ. 1-2).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მარტის გდაწყვეტილებით სს “ენ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. გ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 65 620 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მოსარჩელის მოთხოვნა გ. გ-შვილთან ერთად დასახელებული თანხის სს “თ-ისათვის” სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-შვილმა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სს “ენ-ისგან” მიიღო 40 000 აშშ დოლარი სესხით სარგებლობისათვის თვეში 1,5 პროცენტის დარიცხვით. მოპასუხემ დაფარა სესხი 14 644 აშშ დოლარი. 2001 წლის მაისის მდგომარეობით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 65 620 აშშ დოლარი, მათ შორის: გადაუხდელი სესხის თანხა 25 405 აშშ დოლარი, პროცენტი _ 23 673 აშშ დოლარი, ჯარიმა _ 16 542 აშშ დოლარი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სს “თ-ს” საგარანტიო წერილი არ გაუცია გ. გ-შვილის მიერ აღებული სესხის დაფარვის უზრუნველსაყოფად. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სს “თ-ის” მიერ გაცემული საგარანტიო წერილის დედანი, რაც დაადასტურებდა ამ უკანასკნელის მიერ საგარანტიო წერილის გაცემის ფაქტს (ს.ფ. 126).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის საქალაქო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება (ს.ფ. 250-259).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის წარმომადგენელ ნ. დ-იას თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 10 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილ იქნა 2009 წლის 1 დეკემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 272-274).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-შვილმა (წარმომადგენელი ნ. დ-ია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვები იყო ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი შეტანილია გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას სასამართლოს მოცემულ ფაქტობრივ გარემოებაზე არ უმსჯელია, რაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის სწორად გადასაწყვეტად არსებითია (ს.ფ. 279-282).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დასტურდება, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ასლი გ. გ-შვილის წარმომადგენელ ნ. დ-იას, რომელსაც მარწმუნებლის სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნდა, პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 10 ნოემბერს (ს.ფ. 249). საქმეზე ასევე დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 1 დეკემბერს (ს.ფ. 250-259). სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დაცულობის საკითხის გამორკვევისას მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რამდენადაც გ. გ-შვილმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონის აღნიშნული ნორმით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მასთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის ზემომითითებული მოთხოვნის გავრცელების სისწორეს, მაშინ როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის ძველი რედაქციის მოქმედების პერიოდში, რომლითაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 1 თვით იყო განსაზღვრული და რაიონულ სასამართლოსაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის ერთი თვე ჰქონდა მითითებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით დადგენილი სამოქალაქო საპროცესო ნორმების მოქმედების პრინციპი. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამდენად, კანონმდებელი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის განხილვა დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-შვილს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება გააჩნდა ახალი კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ფარგლებში, მით უფრო, რომ მისი წარმომადგენლის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტში ახალი კანონი უკვე დიდი ხანია მოქმედებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შესატანად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2009 წლის 11 ნოემბერს და დასრულდა 2009 წლის 24 ნოემბერს. გ. გ-შვილმა (წარმომადგენელი ნ. დ-ია) სააპელაციო საჩივარი წარადგინა არა დროის დასახელებულ მონაკვეთში, არამედ დაგვიანებით _ 2009 წლის 1 დეკემბერს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გ. გ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.