ას-588-553-10 8 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჯ. კ-ძის საჩივარი (თავისი შინაარსით) კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ჯ. კ-ძის საჩივარი (თავისი შინაარსით) კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით ჯ. კ-ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2010 წლის 2 ივლისს ჯ. კ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას რასაც დაურთო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
“რ” ვეტერანები, რომლებმაც “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს.
მოცემულ შემთხვევაში, ამ ტიპის საქმიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას.
უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით.
აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2010 წლის 10 ივლისს (ს.ფ.134-135), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 13 ივლისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. კ-ძის საჩივარი (თავისი შინაარსით) კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.