Facebook Twitter

ას-590-558-2011 27 მაისი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ «... ... ...»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 31 მარტს სსიპ «... ... ...» რექტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ განცხადებით მიმართა.

ზემოაღნიშნული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მითითებული განცხადება დაკმაყოფილდა, რ. ს-ს სსიპ «... ... ...ს» სასარგებლოდ 364,32 ლარის გადახდა დაეკისრა.

რ. ს-მა 2011 წლის 8 აპრილს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა და მისი გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ. საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები ქ. კ-ვა და თ. ზ-ძე, რომლებმაც იმავე საქმეზე მიიღეს 2008 წლის 27 აპრილის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ საქმე ცალმხრივად, მხოლოდ ახალციხის უნივერსიტეტის მონაწილეობით განიხილა, ამასთან, არ გაითვალისწინა რ. ს-ის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება მხოლოდ ახალციხის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ ცნობას, რომ სადავო თანხა 364,22 ლარია. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საჯაროობის პრინციპი და მითითებული დოკუმენტი კერძო საჩივრის ავტორს არ ჩააბარა, რითაც მოუსპო საშუალება, საპასუხო მტკიცებულებები წარედგინა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით რ. ს-ი, როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანი, გათავისუფლებულია 3000 ლარამდე თანხაზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან. საქმეში წარმოდგენილი სააღსრულებო ბიუროს ცნობით კი ირკვევა, რომ მას დაუკავდა საშემოსავლო გადასახადი. გარდა ამისა, სააღსრულებო ბიუროს მიერ 2007 წლის 1 აპრილს გაცემული საანგარიშსწორებო ჩეკის მიხედვით მან მიიღო 1142 ლარი, ასანაზღაურებელი სექტემბრის ხელფასი კი, 1214 ლარი უნდა ყოფილიყო, ანუ რ. ს-ს არ ანაზღაურებია საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდის კომპენსაცია 10 დღეზე გაანგარიშებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ახალციხის უნივერსიტეტს დაუბრუნა თანხა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ საქმე სასამარლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ განიხილა.

პალატა განმარტავს, რომ მოსამართლის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში დაუშვებელია, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე, თუ მოსამართლე არ იყო დანიშნული კანონის შესაბამისად ან გასული იყო მისი უფლებამოსილების ვადა. კერძო საჩივრის ავტორი არც ერთ ამგვარ გარემოებას არ მიუთითებს, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აღსრულების შებრუნების საკითხი იმავე მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომლებმაც საქმე არსებითად განიხილეს, აღნიშნული სასამართლო შემადგენლობის უკანონობაზე არ მიუთითებს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს რ. ს-ის მტკიცებას, რომ მას სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, რ. ს-ს 2011 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომაზე ეცნობა საქმის განხილვის 28 თებერვლისათვის გადადების შესახებ, რაც კერძო საჩივრის ავტორმა შესაბამის ხელწერილზე ხელის მოწერით დაადასტურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ს-ი კანონით დადგენილი წესით იყო დაბარებული სასამართლო სხდომაზე.

საკასაციო სასამართლო მხარის ვერც იმ მტკიცებას გაიზიარებს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, აღსრულების შებრუნების საკითხი მის დაუსწრებლად განეხილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ზოგადი ნორმაა და შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVIII თავით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვის წესს, თუ მითითებულ თავში არსებული რომელიმე სპეციალური ნორმა არ შეიცავს განსხვავებულ დებულებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672-ე მუხლი გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხის განხილვისათვის რაიმე განსაკუთრებულ წესს არ ადგენს, შესაბამისად, მოქმედებს იმავე კოდექსის 2671-ე მუხლის დებულებანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საკითხი რ. ს-ის დაუსწრებლად განეხილა იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი კანონით დაგდენილი წესითY იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის თაობაზე.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მას არასწორად დაუკავდა საშემოსავლო გადასახადი, ამასთან, სააღსრულებო ბიუროს მიერ 2007 წლის პირველ აპრილს გაცემული საანგარიშსწორებო ჩეკის მიხედვით მან მიიღო 1142 ლარი, ასანაზღაურებელი სექტემბრის ხელფასი კი, 1214 ლარი უნდა ყოფილიყო, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672-ე მუხლის მიხედვით, აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად ფაქტობრივად მიღებული თანხა უნდა დააბრუნოს და არა ის თანხა, რაც მას შეიძლება მიეღო შეცვლილი (გაუქმებული) გადაწყვეტილების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2007 წლის 20 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნისას განაცდურის გადახდის ნაწილში შეიცვალა და მოპასუხე ახალციხის უნივერსიტეტს, შრომისუუნარობის 10 დღის ნაცვლად, 1 დღის ანაზღაურება დაეკისრა. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შედეგად, მოპასუხეს დანარჩენი 9 დღის საზღაური უნდა დაბრუნებოდა, რომელიც მოსარჩელის მიერ რეალურად მიღებული თანხის ფარგლებში უნდა გამოანგარიშებულიყო, მიუხედავად იმისა, გადასახადით სწორად დაიბეგრა თუ არა ეს თანხა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

კერძო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ რ. ს-ი ძირითად განჩინებასთან ერთად ასაჩივრებს 2011 წლის 28 თებერვლის მოსამართლე ქ. კ-ას აცილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმავე კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამდენად, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება, ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს ის განჩინებებიც, რომელთა მიმართაც კერძო საჩივარი არ დაიშვება, გამოიყენება საქმის საკასაციო წესით განხილვისას, ანუ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისას და არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით დადგენილი წესით საქმის განხილვისას, რადგანაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების საკასაციო წესით განხილვისას სასამართლო აფასებს არა მხოლოდ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებისა და დავის არსის სამართლებრივი შეფასების კანონიერებას, არამედ საქმეზე მიღებული შედეგის, ასევე, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი განხილვის ყოველი კონკრეტული საპროცესო სტადიის კანონიერებას. აღსრულების შებრუნების შესახებ განჩინება კი, არ არის შემაჯამებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილი ვერ გავრცელდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში რ. ს-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე, 404-ე 36-ე, 2672 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ს-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის მოსამართლე ქ. კ-ას აცილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. რ. ს-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის აღსრულების შებრუნების შესახებ განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.