Facebook Twitter

¹ას-591-559-2011 10 მაისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ.ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ს-ა (წარმომადგენელი მ. კ-ი)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 31 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. ს-ამ მოპასუხე ვ. ს-ას მიმართ და მოითხოვა:

ა. ნოტარიუს მ. ს-ის მიერ 2008 წლის 7 მაისს ვ. ს-ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;

ბ. ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებში, სადაც ნ. ს-ას სამკვიდრო ქონების, კერძოდ, ქ.ბათუმში, ...ში მდებარე ბინა 42-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ვ. ს-ა (ტომი 2, ს.ფ. 2-9).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ. ს-ის მიერ ვ. ს-ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა; ზ. ს-ა ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი ნ. ს-ას დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ; დადგინდა, რომ შესაბამისი ცვლილება შესულიყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში, მითითებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე განხორციელებულ ჩანაწერში, სადაც ბათუმში, ...ში მდებარე ბინა 42-ის მესაკუთრედ აღრიცხული იყო ვ. ს-ა.

სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მამკვიდრებელი ნ. ს-ა გარდაიცვალა 1999 წლის 20 აპრილს;

ნ. ს-ას გარდაცვალების დღიდან გაიხსნა სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც მდებარეობდა ბათუმში, ...ის ბინა 42-ში, საერთო ფართით 90.30კვ.მ;

მოსარჩელე ზ. ს-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ ნ. ს-ასთან 1961 წლიდან;

ვ. ს-ა (დაბადებული 1962 წლის 19 მარტს) და ე. ს-ა (დაბადებული 1964 წლის 7 ივლისს) არიან ნ. ს-ას შვილები;

ნოტარიუს მ. ს-ის მიერ 2008 წლის 7 მაისს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ნ. ს-ას დანაშთ ქონებაზე პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ ითვლება ვ. ს-ა. სამკვიდრო შედგება უძრავი ქონებისაგან, რომლსაც წარმოადგენს ბათუმში, ...ში მდებარე ბინა 42, საერთო ფართით 90.30კვ.მ. ამ უძრავი ქონების მესაკუთრეა ვ. ს-ა.

მოსარჩელე ზ. ს-ა წარმოადგენს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს აწ გარდაცვლილი ნ. ს-ას დანაშთ ქონებაზე.

მართალია, ნ. ს-ას გარდაცვალებიდან გასული იყო საკმაო დრო და ზ. ს-ას კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების შესახებ, მაგრამ სასამართლოს მითითებით, სადავოს არც ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ ზ. ს-ა მეუღლის ნ. ს-ას გარდაცვალების დღიდან ფაქტობრივად ფლობდა დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მას სხვა ადგილზე საცხოვრებელი არ ჰქონია და შესაბამისად, არც უცხოვრია. სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული გარემოება უდავოდ ადასტურებდა მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღებას.

ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით სასამართლომ მოთხოვნა, რომ 2008 წლის 7 მაისის სამკვიდრო მოწმობაში შესულიყო ცვლილება, საფუძვლიანად მიიჩნია. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული დადასტურებიდან გამომდინარე საფუძვლიანად უნდა ჩათვლილიყო ასევე მოთხოვნის მეორე ნაწილი, რომელიც შეეხებოდა საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ცვლილებას, სადაც მესაკუთრედ აღრიცხული იყო მხოლოდ ვ. ს-ა, რამდენადაც სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა თავისთავად იწვევდა მესაკუთრედ აღრიცხვის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას (ტომი 2, ს.ფ. 89-93).

მოგვიანებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ე. ს-ამ და ი. კ-ი-ს-ამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 99-101).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით ე. ს-ასა და ი. კ-ი-ს-ას განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, დაინიშნა საქმის ხელახალი განხილვა (ტომი 2, ს.ფ. 135-137).

საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინება უცვლელად დარჩა ზემდგომი სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებით (ტომი 2, ს.ფ. 187-192).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით:

მოსარჩელეების, ზ. ს-ასა და ე. ს-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა: ნაწი­ლობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 7 მაისს ნოტარიუს მ. ს-ის მიერ ვ. ს-ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა; ზ. ს-ა და ე. ს-ა ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი ნ. ს-ას დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ; დადგინდა, რომ შესაბამისი ცვლილება შესულიყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარე­გისტრაციო სამსახურში 2008 წლის 7 მაისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე განხორციელებულ ჩანაწერში, სადაც სამკვიდრო ქონების, ბათუმში, ...ში მდებარე ბინა 42-ის მესაკუთრედ აღრიცხული იყო ვ. ს-ა.

ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. კ-ს აწ გარდაცვლილ ნ. ს-ას დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნაზე, ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლომ როგორც ზ. ს-ას, ისე ე. ს-ას შემთხვევაში, დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დასახელებული მოსარჩელეები ნ. ს-ას გარდაცვალების შემდეგ უწყვეტად ფლობდნენ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება უდავოდ ადასტურებდა მათ მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიღებას და სარჩელის მოთხოვნას მათ ნაწილში დასაბუთებულს ხდიდა.

რაც შეეხებოდა ი. კ-ი-ს-ას მიერ სამკვიდროს ფლობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდრო ქონებაზე მისი თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოებებით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. კ-ის ნაწილში მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილობაზე _ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი იყო და არ ქვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი 3, ს.ფ. 30-37).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნ. ს-ას დანაშთ ქონებაზე ე. ს-ას მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, ასევე, ზ. ს-ას სამკვიდრო ქონების წილის 1/4 ნაწილამდე შემცირება (ტომი 3, ს.ფ. 40-50)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება შეჩერდა მოსარჩელე ე. ს-ას გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, რვა თვის ვადით (ტომი 3, ს.ფ. 78-81).

2011 წლის 7 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხა­დებით მიმართა გ. კ-ის წარმომადგენელმა მ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა განსახილველ საქმეზე ე. ს-ას უფლებამონაცვლედ მისი ანდერძისმიერი მემკვიდრის (შვილიშვილის) გ. კ-ის ცნობა (ტომი 3, ს.ფ. 85).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით განცხადება უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდა, საქმეში ე. ს-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. კ-ი, საქმის წარმოება განახლდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე წარდგენილ, ნოტა­რიუსის მიერ გაცემულ ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ: ა. გ. კ-მა განცხადებით მიმართა სანოტარო ბიუროს ე. ს-ას სამემკვიდრეო ქონების მისაღებად; ბ. ე. ს-ას ქონებაზე სამკვიდრო გახსნილია; გ. გ. კ-ი ითვლება ანდერძისმიერ მემკვიდრედ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექ­სის 92-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასა­მართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთო­ბიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იური­დიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლება­მო­ნაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უფლებამონაცვლე შეიძლება იყოს კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრე. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. კანონის დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლედ ცნობისათვის საჭიროა პირის მიერ სამკვიდროს მიღება კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გ. კ-ი, როგორც ე. ს-ას ანდერძისმიერი მემკვიდრე, ცნობილი უნდა ყოფილიყო ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლედ. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ე. ს-ა იყო გარდაცვლილი, გ. კ-მა განცხადებით მიმართა სანოტარო ბიუროს ე. ს-ას სამკვიდრო ქონების მისაღებად (ტომი III, ს.ფ. 99-102).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ს-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ე. ს-ას უფლებამონაცვლედ გ. კ-ის ცნობით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მოთხოვნა. ამ მუხლით, საპროცესო უფლებამონაცვლეობა განისაზღვრება სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში. აწ გარდაცვლილ ე. ს-ას სადავოდ არ გაუხდია სამკვიდრო ქონება და აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი არ შეუტანია სასამართლოში. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ე. ს-ა მხარეს არ წარმოადგენდა მოცემულ დავაში, ამიტომ მის მიმართ უფლებამონაცვლეობის საკითხიც ვერ დადგებოდა (ტომი 2, ს.ფ. 115-116).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივ­რის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-ას კერძო საჩი­ვარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპე­ლაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების – ზ. ს-ასა და ე. ს-ას მოთხოვნა: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 7 მაისს ნოტარიუს მ. ს-ის მიერ ვ. ს-ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა; ზ. ს-ა და ე. ს-ა ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი ნ. ს-ას დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ; დადგინდა, რომ შესაბამისი ცვლი­ლება შესულიყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში 2008 წლის 7 მაისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გან­ხორციელებულ ჩანაწერში, სადაც სამკვიდრო ქონების, ბათუმში, ...ში მდებარე ბინა 42-ის მესაკუთრედ აღრიცხული იყო ვ. ს-ა (ტომი 3, ს.ფ. 30-37).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნ. ს-ას დანაშთ ქონებაზე ე. ს-ას მემკვიდრედ და თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, ასევე, ზ. ს-ას სამკვიდრო ქონების წილის 1/4 ნაწილამდე შემცირება (ტომი 3, ს.ფ. 40-50)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება შეჩერდა მოსარჩელე ე. ს-ას გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, რვა თვის ვადით (ტომი 3, ს.ფ. 78-81).

სადავო განჩინებით აწ გარდაცვლილი ე. ს-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი ანდერძისმიერი მემკვიდრე გ. კ-ი და საქმის წარმოება განახლდა (ტომი 3, ს.ფ. 99-102).

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გარდაცვლილი ე. ს-ა მოცემულ საქმეზე სათანადო მხარეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან მას არ აღუძრავს სარჩელი სამკვიდრო ქონების მიკუთვნების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი პროცესში უფლებამონაცვლის დაშვებას ითვალისწინებს სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში, ხოლო ე. ს-ა ამ საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, ამიტომ მის მიმართ უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ე. ს-ა მოცემულ საქმეში მხარეს არ წარმოადგენს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ე. ს-ა, ზ. ს-ასთან ერთად, ცნობილია სადავო სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ. მითითებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება ე. ს-ას უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით მას, როგორც მოსარჩელეს, მიეკუთვნა სადავო სამკვიდრო ქონების ნაწილი. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ე. ს-ა განსახილველ დავაში მხარეს არ წარმოადგენს. სხვა საკითხია სათანადო მხარეა თუ არა იგი, ან საერთოდ არის თუ არა მხარე (მოსარჩელე). მთავარია, რომ ე. ს-ა, რომელიც მოცემულ საქმეში წარმოადგენს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს, გარდაიცვალა. ამ იურიდიულ ფაქტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი უკავშირებს გარდაცვლილი მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით, რაც განახორციელა კიდეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი მოწინააღმდეგე მხარის უფლებამონაცვლით შეცვლას სადავოდ ხდის მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ გარდაცვლილი პირი (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) არ წარმოადგენდა მოსარჩელეს, ვინაიდან მას არ ჰქონდა შეტანილი სარჩელი კანონით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უნდა გაირკვეს ვ. ს-ას სააპელაციო საჩივრის განხილვისას, რომელიც სწორედ იმას ეფუძნება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე. ს-ა არასწორად მიიჩნია მოსარჩელედ და არასწორად მიაკუთვნა მას სადავო სამკვიდროს ნაწილი, ვინაიდან მას არ აღუძრავს სარჩელი კანონით დადგენილი წესით.

ამდენად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ს-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.