ას-598-561-2010 26 ივლისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ც-ძე, ს. ც-ძე და ნ. მ-ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ბ-ა” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაცია
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 1 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ბ-ამ” მოპასუხეების _ ბ. ც-ძის, ს. ც-ძისა და ნ. მ-ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს “ბ-ასა” და ნ. მ-ძეს შორის 2008 წლის 12 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 აშშ დოლარი 2010 წლის 12 მარტამდე. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხით სარგებლობის წლიური 24%. სესხი უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბ. ც-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სს “ბ-ასა” და ნ. მ-ძეს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება ნ. მ-ძის კუთვნილ მოძრავ ნივთებზე, ხოლო ს. ც-ძემ ბანკთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საკრედიტო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მსესხებლის მიერ არაერთხელ დაირღვა კრედიტის დაფარვის შეთანხმებული გრაფიკი, რის თაობაზეც გაფრთხილდნენ მსესხებელი და თავდები პირი. მოსარჩელის მითითებით, 2009 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით ნ. მ-ძის საკრედიტო დავალიანება შეადგენდა 5 646.97 აშშ დოლარს (ს.ფ. 2-11).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ბ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ც-ძესა და ნ. მ-ძეს დაეკისრათ 9 188.72 აშშ დოლარის გადახდა სს “ბ-ის” სასარგებლოდ, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ბ. ც-ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონება და ნ. მ-ძის კუთვნილი, გირავნობით დატვირთული ქონება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავარ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა ს. ც-ძემ ცნო სარჩელი (ს.ფ. 89-95).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ც-ძემ, ს. ც-ძემ და ნ. მ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 102-131).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით ბ. ც-ძის, ს. ც-ძისა და ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აპელანტებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 406 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ს.ფ. 136-137).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის განჩინებით ბ. ც-ძის,. ს. ც-ძისა და ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ. ც-ძეს, ს. ც-ძესა და ნ. მ-ძეს ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაჰბარდათ 2010 წლის 29 აპრილს. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 4 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ სამშაბათი, ხოლო აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ (ს.ფ. 144-146).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ბ. ც-ძემ, ს. ც-ძემ და ნ. მ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ სასამართლოს საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას უნდა გაეთვალისწინებინა იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა გადასახდელი თანხის ოდენობა და აპელანტებისათვის განესაზღვრა გონივრული ვადა ხარვეზის შესავსებად. კერძო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს განჩინების მიმღები სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულ განჩინებაში კი არ არის მითითებული სხდომის მდივანი, რაც განჩინების გაუქმების საფუძველია. კერძო საჩივრის ავტორები ასევე უთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი (ს.ფ. 155-162).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ც-ძის, ს. ც-ძისა და ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ბ. ც-ძის, ს. ც-ძისა და ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი.
გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ სასამართლო განჩინების გზავნილი აპელანტებს ჩაჰბარდათ 2010 წლის 29 აპრილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 5-დღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 30 აპრილს და დასრულდა 2010 წლის 4 მაისს. დადგენილ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივირის ავტორების მსჯელობას, რომ ხარვეზის შესავსებად დანიშნული 5 დღე მოცემულ შემთხვევაში იყო არაგონივრული ვადა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტებისათვის სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შესახებ ცნობილი გახდა არა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით, არამედ _ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, საიდანაც მათ გონივრული ვადა ჰქონდათ, მომზადებულიყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ამასთან, მათ ასევე შეეძლოთ, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიემართათ სააპელაციო სასამართლოსთვის, რისი შესაძლებლობაც არ გამოუყენებიათ. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის პირობის არსებობას, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, როდესაც განჩინებაში არ მიუთითა სასამართლო სხდომის მდივანი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვეტილია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რა დროსაც სხდომის მდივანი არ მონაწილეობს საქმის განხილვაში და მის შესახებ არც განჩინებაში აღინიშნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ბ. ც-ძის, ს. ც-ძისა და ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ც-ძის, ს. ც-ძისა და ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.