ას-60-51-2011 17 მარტი, 2011 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი,მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. კ-ძე, ზ. ა-ოვა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. კ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ს. კ-ძისა და ზ. ა-ოვას მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ.¹5-ში მდებარე ბინა ¹6-ზე მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ასევე, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებიდან 1/2 წილის მიკუთვნება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ო. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესითYგაასაჩივრა ო. კ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ო. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. კ-ძის წარმომადგენელმა გ. გ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მის მარწმუნებელს 2010 წლის 29 სექტემბერს არ ჩაბარებია, ვინაიდან გზავნილის მიმღები _ დ. ბ-იში არ წარმოადგენს აპელანტის ოჯახის წევრს, ხოლო თავად წარმომადგენელმა ჩაიბარა 2010 წლის პირველ ნოემბერს და, ამდენად, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ დარღვეულა, რის გამოც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ო. კ-ძის წარმომადგენელ გ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება ო. კ-ძეს, კერძოდ მის მეუღლე დ. ბ-იშს, ჩაჰბარდა 2010 წლის 29 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 126); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 30 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 13 ოქტრომბერი. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2010 წლის 13 ოქტომბერი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 12 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ. ს.ფ. 133-151).
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მის მარწმუნებელს 2010 წლის 29 სექტემბერს არ ჩაბარებია (როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული), ვინაიდან გზავნილზე ხელმომწერი პირი _ დ. ბ-იში არ წარმოადგენს აპელანტის ოჯახის წევრს, ხოლო თავად წარმომადგენელმა ჩაიბარა 2010 წლის პირველ ნოემბერს და, ამდენად, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ დარღვეულა, რის გამოც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან საქმის მასალებით, კერძოდ, ო. კ-ძისათვის მისამართით გადაწყვეტილების ასლის გზავნილზე გარკვევით არის მითითებული, რომ გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა მისმა მეუღლემ _ დ. ბ-იშმა (იხ. ს.ფ. 126).
სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამ მუხლის შინაარსის მიხედვით, მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ უწყება ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს. ეს იმას ნიშნავს, რომ უწყების ჩაბარების თაობაზე, მხარემაც და წარმომადგენელმაც ერთმანეთს უნდა აცნობონ. მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება, აგრეთვე, თუ იგი ჩაჰბარდა იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უწყება ჩაჰბარდა ო. კ-ძის ოჯახის სრულწლოვან წევრს (მეუღლეს), ხოლო კერძო საჩივრის ავტორმა კი, ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება (დ. ბ-იში ო. კ-ძის ოჯახის წევრი არ არის), რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად აითვალა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა 2010 წლის 29 სექტემბრიდან და არა წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ო. კ-ძის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. კ-ძის წარმომადგენელ გ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.