Facebook Twitter

ას-606-568—10 16 სექტემბრის 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. ჩ-ძე

წარმომადგენელი_ტ. ა-ავა

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჩ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 7 თებერვალს, ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. ჩ-შვილმა, მოპასუხედ დაასახელა მ. კ-შვილი და 2001 წლის ივლისში საცხოვრებელი ბინის შესაძენად, მოპასუხისათვის ნასესხები 2000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, ზ. ჩ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ. კ-შვილს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-შვილმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამავე სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. კ-შვილის საჩივარი და უცვლელად დარჩა 2008 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის განჩინებით მ. კ-შვილის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინება, 2008 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განჩინებით, მოცემულ საქმეზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2009 წლის 29 ივნისისათვის.

2009 წლის 29 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტ მ. კ-შვილის შვილმა შ. ჩ-ძემ და მიუთითა, რომ აპელანტი გარდაიცვალა 2009 წლის 31 მარტს. განცხადებას თან დაურთო მ. კ-შვილის 2009 წლის 28 აპრილს გაცემული გარდაცვალების მოწმობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით 2009 წლის 31 სექტემბრამდე შეჩერდა სამოქალაქო საქმის წარმოება, აპელანტის მ. კ-შვილის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ამავე სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, ვადის გასვლის გამო განახლდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე მ. კ-შვილის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის წარმოება.

მ. კ-შვილის ოჯახის წევრს დაევალა, სასამართლოსათვის წარმოედგინა სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2009 წლის 16 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. კ-შვილის შვილმა შ. ჩ-ძემ და განმარტა, რომ მ.კ-შვილის შვილებს მოცემული დავისადმი ინტერესი არ დაუკარგავთ, თუმცა მემკვიდრეობა ჯერ არ მიუღიათ და, ვინაიდან სადავო სამართლებრივი ურთიერთობის უფლებამონაცვლე ჯერ არ დადგენილა, მ. კ-შვილის უფლებამონაცვლის დადგენამდე, კვლავ მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა ¹2\ბ-494-09წ. სამოქალაქო საქმის წარმოება ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე აპელანტ მ. კ-შვილის უფლებამონაცვლის დადგენამდე არა უმეტეს 2009 წლის 19 დეკემბრისა.

ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 დეკემბრის განჩინებით განახლდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე მ. კ-შვილის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის ¹2\ბ-494-ის წარმოება.

2009 წლის 29 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით მ. კ-შვილის შვილმა შ. ჩ-ძემ საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა ¹2\ბ-494-09წ. სამოქალაქო საქმის წარმოება, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე აპელანტის მ. კ-შვილის უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს 2010 წლის 31 მარტისა. ამასთან, განჩინებით განიმარტა, რომ, ვინაიდან მ. კ-შვილის საკუთრებაში ირიცხებოდა ლანჩხუთში, ... ქ.¹16-ში მდებარე უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლი, თუკი 2010 წლის 31 მარტისათვის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ იქნებოდა აღნიშნული სამკვიდროს მემკვიდრეთა მიერ მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება, ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, 2010 წლის 31 მარტს, საქმის წარმოების განახლებასთან ერთად, საქმეში სათანადო უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნებოდა მ. კ-შვილის უმკვიდრო ქონების მიმღები სახელმწიფო და სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის სახით მოწვეული იქნებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით განახლდა სამოქალაქო საქმის წარმოება.

სასამართლო სხდომა დაინიშნა 2010 წლის 20 აპრილს. სხდომაზე მოწვეული იქნენ დაინტერესებული პირები - მ.კ-შვილის პირველი რიგის მემკვიდრე შ. ჩ-ძე და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

პალატამ განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში მ. კ-შვილის მემკვიდრეებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ რაიმე დამამტკიცებელი მტკიცებულება იმისა, რომ მათ მიიღეს სამკვიდრო, შესაბამისად, ლანჩხუთში, ... ქ.¹116-ში მდებარე მ.კ-შვილის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლი, როგორც უმკვიდრო ქონება, მიჩნეულ უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს საკუთრებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე მ. კ-შვილის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე, აპელანტის მ. კ-შვილის უფლებამონაცვლედ დაშვებული იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ჩ-ძის წარმომადგენელმა ტ. ა-ავამ.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, მ. კ-შვილს ჰყავს შვილები – კანონიერი მემკვიდრეები, რომელთაგან ერთ-ერთმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო და შ. ჩ-ძეზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა ა\წ 22 მაისს.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებით, მ. კ-შვილის სამკვიდრო-საცხოვრებელ ბინა, მდებარე ლანჩხუთი, ... ქ.¹116-ში, პრივატიზებულია მამკვიდრებლის სახელზე და აღრიცხულია ტექ.ბიუროში. ბინას ადევს ყადაღა თავად მოსარჩელე მხარის მოთხოვნით, აღნიშნული მიზეზების გამო კი სახლი მემკვიდრის სახელზე არ აღრიცხულა.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის აზრით, გასაჩივრებული განჩინებით შეილახა საკუთრების უფლება და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული და გარანტირებული მესაკუთრის ინტერესები. მისივე მითითებით, შ. ჩ-ძე ფაქტობრვი ფლობით დაეუფლა სამკვიდროს, რისი დადასტურებაცაა 2010 წლის 22 მაისს შ. ჩ-ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება და სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში მ. კ-შვილის უფლებამონაცვლედ შ. ჩ-ძის ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ჩ-ძის წარმომადგენლის ტ. ა-ავას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობებიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით, უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმეში მონაწილე მხარის გარდაცვალებით კანონით განსაზღვრული გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს მისი უფლებამონაცვლე, რომელიც განსახილველ დავაში გარდაცვლილი მხარის ადგილს დაიკავებს.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით ირკვევა, რომ მ. კ-შვილი გარდაიცვალა 2009 წლის 28 აპრილს.

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ბიუროში შეიტანს განაცხადს სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს მიღებას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო“.

კერძო საჩივარზე თანდართულია ნოტარიუს ნ. ჯ-ელის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, საიდანაც ირკვევა, რომ მ. კ-აშვილის პირველი რიგის მემკვიდრეა შ. ჩ-ძე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან შ. ჩ-ძემ მიიღო სამკვიდრო, შესაბამისად აღარ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის თანახმად ქონების უმკვიდროდ აღიარების და მისი სახელმწიფოზე გადასვლის სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს,¸რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მ. კ-შვილის უფლებამონაცვლედ განსახილველ საქმეში ჩაებას შ. ჩ-ძე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419, 420 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ჩ-ძის წარმომადგენლის ტ. ა-ავას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს:

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინება.

მოცემულ საქმეში მ. კ-შვილის უფლებამონაცვლედ ჩაბმული იქნას შ. ჩ-ძე და საქმე შემდგომი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.