Facebook Twitter

ბს-1232-1050-კ-04 24 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: გამგეობის დადგენილება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 28 ივლისს კასატორმა _ ნ. ნ.-მ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის რაიონის გამგეობისა და მ. კ.-ის მიმართ, თელავის გამგეობის 2003წ. 25 თებერვლის ¹17 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, ქ. თელავში, ... მდებარე, 1996 წლიდან ნ. ნ.-ზე განაწილებული ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა ჩაირიცხა ქალაქის ფონდში და განაწილდა მ. კ.-ზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებული განჩინებით, რომელიც საფუძვლად დაედო გამგეობის სადავო დადგენილებას, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორ საცხოვრებელ ბინაზე ნ. ნ.-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. კერძოდ, 2001 წელს აღძრული სასარჩელო განცხადებით, ნ. ნ.-ე ითხოვდა ქ. თელავში, ... მდებარე ¹59 საცხოვრებელი ბინის, სადაც იგი 1977 წლიდან ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა და 1990 წელს მათი საცხოვრებელი ფართის სივიწროვის გამო გამოყოფილი, ქ. თელავში, ... მდებარე ოროთახიანი ბინის მის საკუთრებად აღიარებას, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ნ. ნ.-ის საკუთრებად აღიარებულ იქნა ქ. თელავში, ... მდებარე ¹59 ბინა, ხოლო ... მდებარე ¹22 ბინის კასატორის სარგებლობაში გადაცემის სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოს მითითებით არ არსებობდა.

მოსარჩელე ნ. ნ.-მ მიიჩნია, რომ თელავის გამგეობის ¹17 დადგენილებით უკანონოდ მოხდა ... მდებარე ¹22 ბინის მისთვის ჩამორთმევა. სადავო დადგენილება მიღებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, რადგან ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე არ იყო ჩაბმული საქმის განხილვაში, ასევე 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 53-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილები, რის გამოც, მოსარჩელის აზრით, თელავის რაიონის გამგეობის ¹17 დადგენილება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

ნ. ნ.-ის სარჩელი არ ცნო მესამე პირმა _ მ. კ.-მ და შესაგებლით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაგებლის ავტორის განმარტებით, იგი 1985 წლიდან ცხოვრობდა სამსახურებრივ ოროთახიან ბინაში, 1989 წელს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეუღლესთან ქონებრივი დავის გამო, ბინა ჩააბარა ქალაქის საბჭოში, რის შემდეგაც მ. კ.-ს მიეცა ერთოთახიანი ბინის გამოყოფის გარანტია და იგი დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო ნ. ნ.-ის მიერ გამოთავისუფლებული ერთოთახიანი ბინით, ხოლო ამ უკანასკნელს გამოეყოფოდა ოროთახიანი ბინა. ამდენად, ნ. ნ.-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მას უარი ეთქვა სადავო ბინის გამოყოფაზე უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ნ.-ის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინებით ნ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია და მუითითა, რომ სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილება პრეიუდიციული ძალის მქონედ, რომლითაც ნ. ნ.-ის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა ქ. თელავში, ... მდებარე ბინა ¹59-ზე, ხოლო ... მდებარე ბინის დაკანონებაზე ეთქვა უარი.

სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია სარჩელი დაუშვებლად, რადგან სადავო დადგენილებით ნ. ნ.-ის კანონიერი უფლებები და ინტერესები არ იზღუდება და შესაბამისად, არც თელავის გამგეობის ¹17 დადგენილების გაუქმების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ.-მ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინების გაუქმება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან თელავის რაიონის გამგეობის ¹17 დადგენილება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

საკასაციო საჩივარი არ ცნო თელავის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა, რომელმაც უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებით, ნ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება ქ. თელავში, ... მდებარე ¹59 ერთოთახიან ბინაზე, ხოლო ქ. თელავში, ... მდებარე ოროთახიანი ბინის საკუთრებაზე ნ. ნ.-ს უარი ეთქვა, ვინაიდან სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ აღარ არსებობდა სადავო ოროთახიანი ბინის კასატორის სარგებლობაში გადაცემის იურიდიული საფუძველი, რადგან სადავო ოროთახიან ბინას ნ. ნ.-ე მიიღებდა მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი გამოათავისუფლებდა მის მიერ დაკავებულ ერთოთახიან ბინას (რაზეც მან უარი განაცხადა) და ამ გამოთავისუფლებულ ბინას რიგითობით მისცემდნენ საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ სხვა პირს. სააპელაციო-საკასაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება-განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სსკ-ის მე-10 მუხლების თანახმად, ყველასათვის სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

სააპელაციო-საკასაციო სასამართლოთა გადაწყვეტილება-განჩინებაზე დაყრდნობით ქალაქ თელავის გამგეობამ, რომელიც ზემოაღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა, 2003წ. 25 თებერვალს მიიღო სადავო ¹17 დადგენილება, რომლითაც ნ. ნ.-ზე რიცხული, 1996 წელს განაწილებული, ქ. თელავში, ... მდებარე ოროთახიანი ბინა ჩაირიცხა ქალაქის საბინაო ფონდში და საცხოვრებლად გადაეცა საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ პირს, მ. კ.-ს.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა, თანახმად სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა. კერძოდ, სასამართლოსათვის სავალდებულოა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ ნ. ნ.-ს საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. თელავში, ... მდებარე ერთოთახიანი ¹59 ბინა, ხოლო ... მდებარე ოროთახიანი ბინის გადაცემაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. ამიტომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით ნ. ნ.-ის უფლება სადავო ოროთახიან ბინაზე არ იქნა აღიარებული, რის გამოც თელავის გამგეობას, როგორც მესაკუთრეს, სკ-ის 170-ე მუხლის საფუძველზე, შეუზღუდავად შეეძლო ოროთახიანი ბინის განკარგვა და ნ. ნ.-ის უფლებების შეზღუდვას გამგეობის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

კასატორი ნ. ნ.-ე ქ. თელავის გამგეობის სადავო დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას გამგეობამ არსებითად დაარღვია მისი მომზადება-გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე, 95-ე, 96-ე, მე-8 და მე-13 მუხლები, რასაც საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო დადგენილებით ადმინისტრაციულმა ორგანომ _ ქალაქ თელავის გამგეობამ, როგორც მესაკუთრემ, განკარგა საცხოვრებელი ბინა და გადასცა ფიზიკურ პირს _ მ. კ.-ს. ამდენად, სადავო დადგენილება ეხება ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის ადმინისტრაციული გარიგების _ ბინის ქირავნობის ხელშეკრულების დადებას, რის გამოც ¹17 დადგენილება სამართლებრივად არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს (ქალაქ თელავის გამგეობა) ნების წერილობითი ფორმით გამოხატვაა ფიზიკურ პირთან (მ. კ.-ი) ადმინისტრაციული გარიგების (საცხოვრებელი ბინის ქირავნობის) დადების თაობაზე, რაც რეგულირდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-71-ე მუხლებით, ამიტომ კოდექსის მე-60, 34-ე, 95-ე, 96-ე და სხვა მუხლებზე კასატორის მითითება არასწორია.

ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარს, რადგან კასატორმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დავის საგანს და შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველიც (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 95-ე, 96-ე და სხვა მუხლები) არასწორად მიუთითა, რის გამოც კასაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინება;

3. კასატორი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.