Facebook Twitter

ას-607-569-2010 14 ივლისი, 2010 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ს-ის” დირექტორი თ. შ-ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 13 ოქტომბერს შპს “ს-მა” ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა, აჭარის ა/რ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის იჯარით აღებულ ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების სახით 59 277 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “ს-ის” დირექტორმა თ. შ-იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეებს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და შპს “ს-ის” დირექტორ თ. შ-იას 2010 წლის 11 მარტს ჩაბარდა, სააპელაციო საჩივარი კი, ფოსტის მეშვეობით, 1 აპრილს იქნა გამოგზავნილი, შესაბამისად, აპელანტმა დაარღვია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა.

შპს “ს-ის” დირექტორმა თ. შ-იამ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საპროცესო ვადა გაუშვა. პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ს-ს” კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. აღნიშნული საზოგადოება კინოთეატრ “ა-ის” შენობაშია განთავსებული, სადაც სხვა ორგანიზაციებიც ფუნქციონირებს, უპირველეს ყოვლისა კი, თავად კინოთეატრის ადმინისტრაცია. ამ მისამართზე გაგზავნილი სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო დაცვის თანამშრომელმა ჩაიბარა, რომელიც არც შპს “ს-ის” თანამშრომელი იყო და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. გადაწყვეტილება თავად მხარეს გაცილებით გვიან გადაეცა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 14-დღიანი ვადის ფარგლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით შპს “ს-ის” დირექტორ თ. შ-იას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს “ს-ის” დირექტორ თ. შ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელეს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე 2010 წლის 9 მარტს გაეგზავნა. საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (ს.ფ. 96), რომლის ნამდვილობაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2010 წლის 11 მარტს პირადად შპს “ს-ის” დირექტორმა თ. შ-იამ ჩაიბარა. ბარათზე გარკვევითაა აღნიშნული მისი სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა და ხელმოწერა, რომელიც დადასტურებულია შპს “ს-ის” ბეჭდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი თავდაპირველად დაცვის კერძო სამსახურის თანამშრომელმა ჩაიბარა.

ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მხარეს 2010 წლის 11 მარტს ჩაბარდა, ამგვარი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა 12 მარტიდან დაიწყო და 2010 წლის 25 მარტს ამოიწურა. საქმეში წარმოდგენილი კონვერტით კი დასტურდება (ს.ფ. 107), რომ შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2010 წლის 1 აპრილს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი არ იყო, სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებული მუხლის საფუძველზე, იგი განუხილველად უნდა დაეტოვებინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 63-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს-ის” დირექტორ თ. შ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.