Facebook Twitter

¹ას-609-574-2011 13 ივნისი, 2011 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ.კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ს-ო» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ხ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის გამო თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ხ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს-ოს» მიმართ მოპასუხისათვის 7530 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2008 წლის 4 თებერვალს შპს «ს-ოსა» და მ. ხ-ძეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ¹95 ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანი იყო ქ.თბილისში, ... გამზირის ¹38-ში მდებარე ¹131 (81,46 კვ.მ) საცხოვრებელი ბინა. ხელშეკრულების საფუძველზე შპს «ს-ოს» გადაუხადა ბინის ღირებულების ნაწილი _ 27730 აშშ დოლარი. 2009 წლის 8 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლის საფუძველზე შპს «ს-ოს» შეთანხმებული გრაფიკის საფუძველზე მიღებული თანხის გადახდა უნდა დაესრულებინა 2010 წლის 28 თებერვალს. 2010 წლის 5 მარტს შპს «ს-ომ» დაუბრუნა 20200 აშშ დოლარი, დარჩენილი თანხა _ 7530 აშშ დოლარი კი არ დაუბრუნებია.

შპს «ს-ომ» სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ თანხის გადახდა შეფერხდა საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს «ს-ოს» მ. ხ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 7530 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს-ომ».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით შპს «ს-ოს» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განჩინება, რომლითაც შპს «ს-ოს» შუამდგომლობის საფუძველზე აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა 5 (ხუთი ) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 301.2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობათა და მის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითება, ასევე გ. ს-ვასათვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 16 მარტს ჩაბარდა შპს «ს-ოს» ოფისმენეჯერს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და დაადგინა, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 17 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 21 მარტს, აპელანტს მითითებულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 63-ე მუხლით და მიიჩნია, რომ შპს «ს-ოს» სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ს-ოს» დირექტორმა გ. ს-ვამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, კანონით დადგენილი წესით მიეცა აპელანტისათვის შესაძლებლობა მისი უფლების სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით დაცვის თაობაზე, აპელანტმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და სასამართლომ ამ ვადის ამოწურვამდე დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩვრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს «ს-ოს» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით შპს «ს-ოს» სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა კონკრეტული საპროცესო მოქმედებების შესრულება დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისა და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისათვის, ამავე სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განჩინებით კი, შპს «ს-ოს» დირექტორ გ. ს-ვას შუამდგომლობის საფუძველზე აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა 5 დღით.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შპს «ს-ოს» საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 16 მარტს ჩაბარდა ოფისმენეჯერ ეთერ ბაღათურიას (ხი. ტ.II, ს.ფ.14).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო შეტყობინება ჩააბაროს მხარეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, დასახელებული ნორმის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და აღნიშნული არც კერძო საჩივრის ავტორს გაუხდია სადავოდ, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განჩინება აპელანტ შპს «ს-ოს» გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ორგანიზაციის უფლებამოსილ თანამშრომელს _ ოფისმენეჯერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია საპროცესო ვადის გამოთვლის წესი. დასახელებული ნორმა მიუთითებს, რომ წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს _ 2011 წლის 17 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 21 მარტს, ორშაბათს. ამასთან, ვადის უკანასკნელი დღე არ ემთხვეოდა არც უქმე და არც დასვენების დღეს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტს არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში და არც შემდგომ სასამართლოსათვის არ მიუმართავს და მისთვის დაკისრებული არც ერთი საპროცესო მოქმედება არ განუხორცილებია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, შპს «ს-ოს» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, აპელანტს დადგენილი საპროცესო მოქმედება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განეხორციელებინა 2011 წლის 21 მარტის 24 საათამდე, ხოლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი სააპელაციო პალატამ 2011 წლის 31 მარტს დაადგინა, რაც შპს «ს-ოს» ამ არგუმენტის გაზიარებას გამორიცხავს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შპს «ს-ოს» მითითებას, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა, მისი სააპელაციო საჩივარი განეხილა სამართლიან სასამართლოს, რადგანაც, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ აპელანტს არ მიუთითებია, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ მართლმსაჯულების არასამართლიანი სასამართლოს მიერ განხორციელება და რომელი უფლება დაირღვა სასამართლო მიერ, ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან _ შეჯიბრებითობა და დისპოზიციურობა, რა დროსაც სასამართლო საქმეს იხილავს მხარის მიერ ამ პრინციპების ფარგლებში თავისუფლად გამოვლენილი ნების საფუძველზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს უფლება აქვს, დავა გადაწყვიტოს საკუთარი შეხედულებით (დაასრულოს მორიგებით, გამოიხმოს სარჩელი, უარი თქვას მოთხოვნაზე ან ცნოს მის მიმართ მიმართული მოთხოვნების კანონიერება), სასამართლოს ყოველთვის ექმნება პრეზუმფცია, რომ მხარე, რომელიც დადგენილი წესით ინფორმირებულია საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე და არ ასრულებს მას არასაპატიო მიზეზით, აღიარებს მისი პოზიციის უმართებულობას ან საერთოდ დაკარგული აქვს ინტერესი დავის მიმართ, ამავდროულად, იმისათვის, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის კანონით აღიარებული ინტერესები, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესი პრეზუმფციასთან ერთად, წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც დადგენილ ვადაში არ ასრულებს დაკისრებულ მოქმედებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულია საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი საბუთების განუხილველად დატოვების შესაძლებლობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შპს «ს-ოს» კერძო საჩივრის არგუმენტებს გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განჩინება კანონიერია, დასაბუთებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «ს-ოს» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. დარჩეს უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.