ას-61-59-10 6 მაისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ინდ. მეწარმე “თ. ა-ძე” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ე-ი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ინდ. მეწარმე “თ. ა-ძემ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ე-ის” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ. მან მიუთითა, რომ 2007 წლის 20 ივნისს მასა და შპს “ე-ის” დირექტორ ზ. ა-შვილს შორის გაფორმდა ექსკავატორ K”კატეპილერ 206-ის” ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც დამქირავებელს გადაეცა ექსკავატორი. დამქირავებელს გამქირავებლისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 180 ლარი. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 31 დეკემბრამდე. დამქირავებელმა გამქირავებლისაგან ექსკავატორი მიიღო 2007 წლის 22 ივნისს, ხოლო დაუბრუნა 2008 წლის თებერვალში. მოპასუხეს დღემდე ქირა არ გადაუხდია. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე “თ. ა-ძის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ინდ. მეწარმე “თ. ა-ძემ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ინდ. მეწარმე “თ. ა-ძის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილით ირკვევა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება პირადად ჩაჰბარდა ინდ. მეწარმე “თ. ა-ძის” წარმომადგენელ გ. ძ-უას 2009 წლის 2 ოქტომბერს. მან აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 19 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი შეტანილია 14 – დღიანი ვადის დარღვევით, კერძოდ, ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 3 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2009 წლის 16 ოქტომბერს. მან კი 3 დღის დაგვიანებით შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ინდ. მეწარმე “თ. ა-ძემ”. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადად 2009 წლის 19 ოქტომბერი, რადგან სააპელაციო საჩივარი შეტანილია გორის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ფოსტის მეშვეობით, რომელსაც სააპელაციო საჩივარი ჩააბარა 2009 წლის 15 ოქტომბერს, რაზედაც არსებობს შესაბამისი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ინდ. მეწარმე “თ. ა-ძის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აპელანტმა 14 - დღიანი ვადის დარღვევით შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება პირადად ჩაჰბარდა ინდ. მეწარმე “თ. ა-ძის” წარმომადგენელ გ. ძ-უას 2009 წლის 2 ოქტომბერს. მართალია, მისი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შევიდა 2009 წლის 19 ოქტომბერს, მაგრამ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე “თ. ა-ძის” წარმომადგენელმა გ. ძ-უამ ფოსტაში ჩააბარა სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 15 ოქტომბერს (ს.ფ.99). სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა ამოიწურა 2009 წლის 16 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტს არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილი 14 – დღიანი ვადა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ინდ. მეწარმე “თ. ა-ძის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ინდ. მეწარმე “თ. ა-ძის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.