Facebook Twitter

ას-616-578-2010 23 ივნისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა ნ. ს-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 156-159).

აღნიშნულ განჩინებაზე ნ. ს-ძემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ს.ფ. 182).

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის განჩინების ასლი ნ. ს-ძის მიერ მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაჰბარდა მის მეუღლეს 2010 წლის 29 მარტს. 2010 წლის 30 აპრილს ნ. ს-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა განჩინების განმეორებით ჩაბარება. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ განჩინება არ ჩაჰბარებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მეორედ გაგზავნილი განჩინების ასლი ნ. ს-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 17 მაისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის შესატანად დადგენილი საპროცესო ვადა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 30 მარტს, გასაჩივრებული განჩინების თავდაპირველი გაგზავნის შედეგად ნ. ს-ძის მეუღლისათვის ჩაბარების მომდევნო დღეს და ამოიწურა 2010 წლის 11 აპრილს, რომელიც იყო არასამუშაო დღე _ კვირა. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 12 აპრილს. ნ. ს-ძის მიერ კერძო საჩივარი შეტანილია ფოსტის მეშვეობით 2010 წლის 29 მაისს, ანუ კერძო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ს-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, ამავე კოდექსის 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. ნ. ს-ძეს დაუბრუნდეს მ. ლ-შვილის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.