ას-619-581-2010 29 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თ. თოდრია, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჭ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-იას უფლებამონაცვლე ხ. შ-ია, გ. ა-ია და სხვები
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის განჩინება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-იასა და სხვათა სარჩელი მ. ჭ-იას მიმართ გაუქმებული წყალსაწრეტი არხის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა, დადგინდა წყლის გამტარი არხების გათხრა მ. ჭ-იას, ჟ. ც-იასა და ა. ჭ-იას ნაკვეთების საზღვართან.
მ. ჭ-იას სარჩელი ნ. ც-იას, გ. ა-იასა და სხვების მიმართ არხის ამოვსების, მავთულის აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ჭ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ. ჭ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტ მ. ჭ-იას გამოუცხადებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 თებერვლის განჩინებით მ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2010 წლის 18 აპრილს მ. ჭ-იამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლის განმარტებით, 2009 წელს, როდესაც ხ. შ-იამ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. აბაშაში, ... ქ.¹2-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის არა ნ. ც-ია, არამედ ხ. შ-ია, შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი, იგი დაუსწრებელ გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის განჩინებით მ. ჭ-იას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე დარჩა განუხილველი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის განახლების მოთხოვნის შესახებ განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გაშვების გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჭ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მას კანონით დადგენილი ვადა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განცხადების შეტანის თაობაზე არ დაურღვევია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ჭ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშეE არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მითითებული მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შესახებ მხარემ შეიტყო ჯერ კიდევ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და თანაც ისეთ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა შესაბამისი საჩივრით მიემართა პირველი, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოსათვის, ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს განცხადების დასაშვებობის წინაპირობა, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილით და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-იამ.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 თებერვლის განჩინებით, მ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში.
დადგენილია, რომ 2010 წლის 18 აპრილს მ. ჭ-იამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ 2009 წელს, როდესაც ხ. შ-იამ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. აბაშაში, ... ქ.¹2-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო არა ნ. ც-ია, არამედ ხ. შ-ია. შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე სასმართლოსათვის ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი, იგი დაუსწრებელ გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა, ვინაიდან ამ დროისათვის ნ. ც-ია აღარ წარმოადგენდა მხარეს და ამიტომ იგი არ იყო უფლებამოსილი დაეყენებინა შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის განჩინებით მ. ჭ-იას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გაშვების გამო.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 თებერვლის განჩინების მისთვის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან როგორც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით, ასევე საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. ჭ-იასათვის საქმის წარმოების განახლების საფუძველი ცნობილი იყო ჯერ კიდევ გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2010 წლის 5 თებერვლის განჩინების გამოტანამდე. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის განხილვის პერიოდში, 2009 წლის 14 ივლისს მ. ჭ-იამ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, 2007 წლის 27 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. ც-იამ ხ. შ-იაზე გაასხვისა ქ.აბაშაში, ... ქ. ¹2-ში მდებარე უძრავი ნივთი და, შესაბამისად, ნ.ც-ია აღარ იყო უფლებამოსილი დაეყენებინა შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამ გარემოებაზე მითითებით, კასატორი მ. ჭ-ია მოითხოვდა მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლომ ხსენებული გარემოება არ მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან ჩათვალა, რომ იგი სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვერ იმოქმედებდა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან მ. ჭ-იამ ჯერ კიდევ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეიტყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის შესახებ და თანაც, შესაბამისი საჩივრით მიმართა საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, რაც არ იქნა გაზიარებული, ამიტომ მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებელია და არ უნდა იქნეს განხილული.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჭ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.