ას-624-585-2010 20 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე Pპ. ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ლ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ძის სარჩელი მოპასუხე ა. ლ-ძის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, ა. ლ-ძეს გ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 41500 ლარის, ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის 1867 ლარისა და 50 თეთრის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით გ. ბ-ძის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დადგინდა ა. ლ-ძის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის წესით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ძის წარმომადგენელმა დ. ა-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ლ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს საჩივარში ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საკასაციო პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება კერძო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ 2010 წლის 28 ივნისს გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს ა. ლ-ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით, რომელიც დაუბრუნდა უზენაეს სასამართლოს, არ ირკვეოდა საფოსტო გზავნილის მიმღები პირის ხელმოწერა, ამიტომ ხარვეზის განჩინება 2010 წლის 28 ივლისს დამატებით გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს – დ. ა-შვილს ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ მისამართზე და 2010 წლის 2 აგვისტოს ჩაბარდა თანამშრომელს (ტომი 2, ს.ფ. 28-31).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან პირველად გაგზავნისას ხარვეზის განჩინების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამიტომ მის წარმომადგენელს დამატებით გაეგზავნა ხარვეზის განჩინება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.2 მუხლის თანახმად, ითვლება ადრესატისათვის ხარვეზის განჩინების ჩაბარებად. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ლ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.