Facebook Twitter

ას-625-586-10 02 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე Pპ. ქათამაძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. კ-ძის, ნ. და ზ. კ-ძეების წარმომადგენლის - გ. ხ-იანის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის, ნ. და ზ. კ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა, და მათი კუთვნილი უძრავი ნივთი, კერძოდ, ქ.თბილისში, ... ¹8 გამოთხოვილ იქნა თანამოპასუხეების _ თ. დ-იასა და ნ. ბ-იას უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა თანამოსარჩელეებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. დ-იამ, ნ. ბ-იამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ გასაჩივრების წესი, კერძოდ, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო განჩინების გამოცხადების მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ. კ-ძემ, ნ. და ზ. კ-ძეების წარმომადგენელმა გ. ხ-იანმა.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მ. კ-ძის, ნ. და ზ. კ-ძეების წარმომადგენლის – გ. ხ-იანის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის დასაბუთებული საოქმო განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა როგორც მ. კ-ძე, ასევე ნ. და ზ. კ-ძეების წარმომადგენელი გ. ხ-იანი, რომელსაც ამ უკანასკნელთა მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე მინიჭებული აქვს სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრების უფლებამოსილება (ტომი 2, ს.ფ. 131-132). ამდენად, გასაჩივრებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდნენ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირები, რომელთათვისაც კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 28 მაისს და ამოიწურა 2010 წლის 8 ივნისს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კერძო საჩივარი მათ შეიტანეს 2010 წლის 15 ივნისს, ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. კ-ძის, ნ. და ზ. კ-ძეების წარმომადგენლის გ. ხ-იანის კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-ძის, ნ. და ზ. კ-ძეების წარმომადგენლის – გ. ხ-იანის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.