Facebook Twitter

საქმე ¹ას-62-60-2010 1 მარტი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნარცისის” თავმჯდომარე ე. ფ-ევა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ხ-იანი, ი. მ-ოვი, ლ. შ-შვილი, თ. მ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ამხანაგობის თავმჯდომარედ აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ხ-იანმა, კ. მ-ოვმა, ბ. ხ-ოვმა, ლ. შ-შვილმა და თ. მაჭავარიანმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ე. ფ-ევას მიმართ ქ.თბილისში, ... ქ¹3-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნ.” 2008 წლის 14 ივლისის კრების ოქმის ბათილად ცნობისა და ამხანაგობის თავმჯდომარედ ლ. შ-შვილის აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.თბილისში, ... ქ¹3-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნ.” 2008 წლის 14 ივლისის კრების ოქმი ყალბია, ვინაიდან რეალურად მითითებული კრება არ ჩატარებულა და ლ.შ-შვილი ამხანაგობის თავმჯდომარის თანამდებობიდან უკანონოდ იქნა გადარჩეული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნ.”. ამავე სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განჩინებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად მოპასუხის მხარეზე ჩაებნენ ლ.პ-ეცი, ზ.ფი-ავა, გ.გ-ოვა, ზ.დ-შვილი, ლ.კ-შვილი, ნ.ჩ-ელი, გ.ბ-ური, ნ.ბ-ძე, თ.ხ-ია, ი.გ-ია, ლ.ც-შვილი და მ.კი-ძე, ხოლო 2009 წლის 30 აპრილის განჩინებებით არასათანადო მოსარჩელე _ კ. მ-ოვი შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ ი. მ-ოვით, ასევე შეწყდა საქმის წარმოება ბ. ხ-ოვის სარჩელის გამო ე. ფ-ევასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნ.” მიმართ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნ.” 2008 წლის 14 ივლისის ¹8 კრების ოქმი და ლ. შ-შვილი აღდგენილ იქნა ამხანაგობის თავმჯდომარედ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნარცისმა” და ე. ფ-ევამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ე. ფ-ევასა და ბინათმესაკუთრეთა ამხამაგობა “ნ.” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ე.ფ-ევასა და ბინათმესაკუთრეთა ამხამაგობა “ნ.” სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 5 ნოემბერს, რის შესახებ ეცნობათ მხარეებს. საქმის განხილვაზე გამოცხადდნენ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე ს. ხ-იანი, ლ. შ-შვილი, ლ.შ-შვილისა და თ. მაჭ-იანის წარმომადგენელი გ.ნ-შვილი. სასამართლო პროცესი გადაიდო 2009 წლის 7 დეკემბრისათვის, რის შესახებ სხდომაზე გამოცხადებულ პირებს ჩამოერთვათ ხელწერილი, ხოლო გამოუცხადებელ პირებს გაეგზავნათ სასამართლო უწყებები, რომლებიც მათ კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ. სასამართლოს მიერ დადგენილ დროს გამოცხადდნენ ს.ხ-იანი, ლ.შ-შვილი, თ.მ-შვილი, გ.ნ-შვილი, მესამე პირები _ ლ.პ-ეცი და ზ.ფ-ავა, ხოლო აპელანტი მხარე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა. ლ.შ-შვილისა და თ.მ-შვილის წარმომადგენელმა გ.ნ-შვილმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 229-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნ.” თავმჯდომარე ე. ფ-ევამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლო სხდომაზე ე.ფ-ევას გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით _ სასამართლო სხდომის დღეს, 2009 წლის 7 დეკემბერს იგი გახდა ცუდად, აწუხებდა მწვავე ტკივილები, რის გამოც მან ვერ შესძლო საქმის განხილვაზე გამოცხადება. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა იმდენად არ გაუმჯობესებულა, რომ ფეხზე დგომა და გადაადგილება შესძლებოდა. კერძო საჩივარს დაერთო ექიმ შ.ს-იას მიერ 2009 წლის 6 დეკემბერს გაცემული სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმად ე.ფ-ევას დაუდგინდა გავა-წელის მწვავე რადიკულიტი და დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

სააპელაციო პალატის 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ე.ფ-ევასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნ.” სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 5 ნოემბერს, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო კი გადაინიშნა 2009 წლის 7 დეკემბრისათვის.

საქმის განხილვის გადადების შესახებ ორივე მხარეს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა 2009 წლის 7 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ე.ფ-ევა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნ.” არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციო პალატას არ აცნობეს.

ლ.შ-შვილისა და თ.მ-შვილის წარმომადგენელმა გ.ნ-შვილმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნ.” თავმჯდომარე ე. ფ-ევას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. კანონის ხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ აპელანტ ე.ფ-ევას 2009 წლის 7 დეკემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათ დაცვით, თუმცა აპელანტი არც საქმის განხილვაზე გამოცხადებულა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციო პალატისათვის არ უცნობებია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ იგი საქმის განხილვაზე საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა. აღნიშნული არგუმენტის დასადასტურებლად ე.ფ-ევამ მიუთითა კერძო საჩივარზე დართულ ექიმ შ.ს-იას მიერ 2009 წლის 6 დეკემბერს გაცემულ სამედიცინო ცნობაზე, რომლის თანახმად ე. ფ-ევას დაენიშნა მედიკამენტები გავა-წელის მწვავე რადიკულიტის სამკურნალოდ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა ხსენებული ნორმის დანაწესს არ შეესაბამება, კერძოდ: ამ დოკუმენტიდან არ ირკვევა, წარმოადგენს თუ არა ექიმი შ.ს-ია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს; ცნობა გაცემულია და ასახავს ე.ფ-ევას ჯანმრთელობის მდგომარეობას 2009 წლის 6 დეკემბრისათვის, მაშინ, როცა მხარე მიუთითებს, რომ შეუძლოდ გახდა 2009 წლის 7 დეკემბერს; მითითებული მტკიცებულება არ ადასტურებს 2009 წლის 7 დეკემბერს, სასამართლო სხდომის დღეს ე.ფ-ევას ჯანმრთელობის ისეთ მდგომარეობას, რამაც მისი სასამართლოში გამოცხადება ობიექტურად შეუძლებელი გახადა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ნ.” თავმჯდომარე ე. ფ-ევას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.