Facebook Twitter

ას-632-593-2010 2 აგვისტო, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე Pპ. ქათამაძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჯ. ჭ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით თ. ლ-შვილის სარჩელი მოპასუხე ჯ. ჭ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეს შვილის _ ნ. ჭ-ის რჩენა-აღზრდისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით გადახდა თვეში 100 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჭ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და შვილის რჩენისათვის ალიმენტის სახით თვეში ნაცვლად 100 ლარისა 30 ლარის დაკისრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშველობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ჭ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს საჩივარში ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი ჭ-ს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით, მაგრამ ფოსტიდან დაბრუნდა შეტყობინება, რომლითაც ირკვევა, რომ ჯ. ჭ-ი მის მიერ მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ჯ. ჭ-მა ხარვეზი არ გამოასწორა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი უთითებს, რომ საქმეში იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორ ჯ. ჭ-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ნომერზე სატლეფონო შეტყობინებით (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი (ს.ფ.85).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 22 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 27 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ჭ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.