Facebook Twitter

ას-634-595-2010 05 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ს-ია

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ფ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ფ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ... ¹7-ში მცხოვრები, 1907 წელს დაბადებული ს. ჟ-ინა გამოცხადდა გარდაცვლილად, გარდაცვალების თარიღად მიჩნეულ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაინტერესებულმა პირმა ნ. ს-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინებით ნ. ს-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას გავლენა არ მოუხდენია ნ. ს-იას უფლებებზე და, შესაბამისად, მას არ ჰქონდა მოცემული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ს-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. ს-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ფ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹7-ში მცხოვრები, 1907 წელს დაბადებული ს. ჟ-ინა გამოცხადდა გარდაცვლილად, გარდაცვალების თარიღად მიჩნეულ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ. ფ-ძის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. ს-იას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენს იმ პირს, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, გააჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დარღვეულა მისი უფლება, ხოლო თავისთავად ს. ჟ-ინას გარდაცვლილად გამოცხადება ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ნ. ს-იას თანასაკუთრების უფლებაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და დამატებით განმარტავს შემდეგს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის უფლების სუბიექტებს. კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ს-იას მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ფ-ძის განცხადების საფუძველზე, გარდაცვლილად გამოცხადდა ს. ჟ-ინა, რომელიც კერძო საჩივრის ავტორთან, ნ. ს-იასთან ერთად, წარმოადგენს ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹7-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიმართ რ. ფ-ძის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ის, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა მოითხოვოს გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე – მდებარე ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹7-ში, სამკვიდროს გახსნა, ხოლო შემდეგ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მასა და გარდაცვლილად გამოცხადებული პირის მემკვიდრეებს შორის ურთიერთობის დარეგულირება, საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის ან მის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღების გზით.

კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მიმართ, ის ასევე ვერ უთითებს, თუ მატერიალური კანონმდებლობით დაცული მისი რომელი უფლება ან კანონიერი ინტერესი დაირღვა სადავო გადაწყვეტილებით. მართალია, ნ. ს-ია, ს. ჟ-ინასთან ერთად, წარმოადგენს ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹7-ში მდებარე უძრავი ნივთის თანამესაკუთრეს, მაგრამ ამ ნივთის ერთ-ერთი თანამესაკუთრის გარდაცვლილად გამოცხადება თავისთავად არ ნიშნავს კერძო საჩივრის ავტორის თანასაკუთრების უფლების დარღვევას. საყურადღებოა, რომ ს. ჟ-ინას ჩვეულებრივ ვითარებაში (ბუნებრივი სიკვდილით) გარდაცვალების შემთხვევაშიც, მის კუთვნილ თანასაკუთრების წილზე გაიხსნებოდა სამკვიდრო და მოწვეულ იქნებოდნენ გარდაცვლილის მემკვიდრეები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში, უმკვიდრო ქონება გადავიდოდა სახელმწიფოზე (სკ-ის 1319-ე და 1343-ე მუხლები). ასეთ შემთხვევაში ნ. ს-ია, ცხადია, ვერ მიუთითებდა მისი უფლების დარღვევაზე, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს ს. ჟ-ინას არც კანონისმიერ და არც ანდერძისმიერ მემკვიდრეს. იგივე უნდა ითქვას სადავო გადაწყვეტილების მიმართაც, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სამკვიდრო გაიხსნება გარდაცვლილად გამოცხადებული პირის – ს. ჟ-ინას თანასაკუთრების წილზე, რომელზეც რაიმე პრეტენზიას ნ. ს-ია ვერ აცხადებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ. ფ-ძემ, მისი იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე, სადავო გახადა ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹7-ში მდებარე უძრავ ნივთზე თანასაკუთრების თაობაზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. ფ-ძის მოთხოვნა - ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹7-ში მდებარე უძრავი ნივთის ერთ-ერთი თანამესაკუთრის - ს. ჟ-ინას გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ, არანაირად არ ნიშნავს მითითებულ უძრავ ნივთზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის თაობაზე განმცხადებლის მიერ დავის დაწყებას. ამასთან, რ. ფ-ძე მომავალში რომც აპირებდეს ასეთი დავის დაწყებას, ს. ჟ-ინას გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹7-ში მდებარე უძრავი ნივთის მეორე თანამესაკუთრის – ნ. ს-იას მიერ თავისი უფლებების დაცვაზე. იგივე უნდა ითქვას “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე სასარჩელო წარმოების დროს ნ. ს-იას მიერ თავისი უფლების დაცვაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ს-ია არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს, ანუ სააპელაციო საჩივრის უფლების სუბიექტს. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. ს-იას სააპელაციო საჩივარი მართებულად ცნო დაუშვებლად, ამიტომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.