Facebook Twitter

¹ას-635-596-2011 9 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ შპს სადაზღვევო კომპანია «ვ-ი»

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ჯ.შ.ვ-ი»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ა.შ.მ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ვ-ის» მიმართ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის _ 385595 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 2 სექტემბერს შპს «ა.შ.მ-ს” და შპს «... 203-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს «... 203” კისრულობდა მოსარჩელის მიერ საზღაურის წინასწარ გადახდის შემდეგ პროდუქციის მიწოდების ვალდებულებას. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაიცა საბანკო გარანტია შპს სადაზღვევო კომპანია «ვ-ის” მიერ შპს «ა.შ.მ-ის” სასარგებლოდ 230.000 აშშ დოლარზე. მოსარჩელემ პროდუქციის ღირებულება შპს «... 203-ს” გადაურიცხა, თუმცა ამ უკანასკნელს პროდუქცია მოსარჩელისათვის არ მიუწოდებია. ამდენად, მოპასუხე ვალდებულია, შეასრულოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვალდებულება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ვ-ს» დაეკისრა შპს «ა.შ.მ-ის» სასარგებლოდ 385 595 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 5 000 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ვ-მა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და შპს «ვ-ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 316683 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ამავე სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით შპს «ა.შ.მ-ის» უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს «ჯ.შ.ვ-ი». სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, 2011 წლის 7 თებერვალს შპს «ჯ.შ.ვ-ის» მიერ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს «ა.შ.მ-ი» შეერწყა შპს «ჯ.შ.ვ-ს». ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით და ჩათვალა, რომ შპს «ჯ.შ.ვ-ი» წარმოადგენს მოსარჩელე შპს «ა.შ.მ-ის» უფლებამონაცლეს.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებაზე შპს სადაზღვევო კომპანია «ვ-მა» შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნეტის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ მხარეთა უფლებამონაცვლეობის საკითხი დაადგინა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრის მონაცემთა საფუძველზე და არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ბენეფიციარის უფლებების სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამოქალაქო კოდექსის 883-ე მუხლიდან გამომდინარე, საბანკო გარანტიით აღნიშნული უფლება შს «ა.შ.მ-ს» მინიჭებული არ ჰქონდა, შესაბამისად, მოცემულ საქმეში შპს «აგარა შუაგრ ვენჩერი» ვერ ჩაებმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს სადაზღვევო კომპანია «ვ-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანხამად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიული პირის ლიკვიდაცია საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მოდავე მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია სადავო ვალდებულება შესრულდეს ლიკვიდირებული იურიდიული პირის უფლებამონაცვლის მიერ ან ასეთივე პირის მიმართ.

ამავე კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.

ამდენად, კანონით განსაზღვრული ზემოხსენებული შეზღუდვების არარსებობისას იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში უნდა დადგინდეს მისი უფლებამონაცვლე, რომელიც განსახილველ დავაში მისი სამართალმემკვიდრე მხარის ადგილს დაიკავებს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე შპს «ა.შ.მ-ი» რეორგანიზაციის შედეგად შეერწყა შპს «ჯ.შ.ვ-ს» და ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სადავო უფლებამონაცვლეობის დადგენითა და მოსარჩელედ საქმეში შპს «ჯ.შ.ვ-ის» ჩაბმით მოხდა ბენეფიციარისათვის (შპს «ა.შ.მ-ისათვის») მხარეთა შორის არსებული გარიგებით მინიჭებული უფლებების სხვა პირისათვის გადაცემა, ვინაიდან შპს «ჯ.შ.ვ-ი» არ არის მესამე პირი. საზოგადოებების შერწყმისას შპს «ჯ.შ.ვ-ი» გახდა შპს «ა.შ.მ-ის» ყველა უფლებისა და მოვალეობის მატარებელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს «ჯ.შ.ვ-ი» მოცემულ საქმეში შპს «ა.შ.მ-ის» უფლებამონაცვლედ სავსებით სწორად ჩაება და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს სადაზღვევო კომპანია «ვ-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.