Facebook Twitter

ას-636-597-2011

24 ივნისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ზ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ზ-იას, მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ ი. და რ. მ-შვილების სარჩელები დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე. ბ-იანის მიერ 2008 წლის 28 მარტს გაცემული დადგენილება დ. ზ-იას, ი. და რ. მ-შვილების მიმართ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცე,აზე) უარის თქმის ნაწილში, ნოტარიუს ე. ბ-იანს დაევალა სამკვიდრო მოწმობის გაცემა დ. ზ-იას, ი. და რ. მ-შვილების მიმართ ი. მ-შვილის დანაშთი ქონების 1/3-1/3 წილებზე; გ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ზ-იასა და მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ ი. და რ. მ-შვილების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით გ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე. ბ-იანის მიერ 2008 წლის 28 მარტს გაცემული დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემაზე) უარის თქმის შესახებ, ი. მ-შვილის სამკივდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსს დაევალა სამკვიდრო მოწმობების გაცემა დ. ზ-იას, ი. მ-შვილის, რ. მ-შვილის, გ. მ-შვილის მიმართ ი. მ-შვილის დანაშთი ქონების 1/4-1/4 წილებზე.

2011 წლის 4 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართ დ. ზ-იამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14.09.2009 წლის გადაწყვეტილებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრისა და 2010 წლის 9 მარტის განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით დ. ზ-იას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დალი ზერაგიას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრისა და 2010 წლის 9 მარტის განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ზ-იას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით განსაზღვრული უსწორობის გასწორების წესს, რადგან მხარეს უთითებდა არა სასამართლოს მიერ დაშვებულ უსწორობაზე, არამედ იგი არ ეთანხმებოდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ვერ მიიჩნეოდა უსწორობად.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრისა და 2010 წლის 9 მარტის განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დ.ზ-იას განცხადება დაუშვებლად მიიჩნია, იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო წარმოადგენდა არაგანსჯად სასამართლოს მითითებულ ნაწილებში განცხადების განხილვაზე და, შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა აღნიშნულ განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ზ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ დალი ზერაგიას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას, რის შესახებაც იყო მსჯელობა სასამართლო სხდომაზე.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დ. ზ-იას მოთხოვნა არ შეესაბამება ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული უსწორობის გასწორების წესს, რადგან განმცხადებელი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებაში არსებითი ცვლილებების შეტანას, რაც კანონსაწინააღმდეგოა, კერძოდ, განმცხადებელი ითხოვდა მითითებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის უსწორობის გასწორებს, რომელიც შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. მ-შვილისათვის სამკვიდროს არ ჩამორთმევის თაობაზე ფაქტობრივი გარემოების დადგენას და მიიჩნევდა, რომ საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემობებს შორის არსებობდა წინააღმდეგობა, რაც ფაქტობრივ უსწორობად უნდა ჩათვლილიყო. ამდენად, განმცხადებელი სადავოდ ხდიდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითY დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ვერ მიიჩნევა უსწორობად, რის გამოც, საკასაციო პალატა თვლის, რომ განცხადებაში მოყვანილი მოტივები სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან კანონის თანახმად, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება ნიშნავს სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანას.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დალი ზერაგიას მოთხოვნის განუხილევლად დატოვების თაობაზე განცხადების იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.02.2010 წ. და 09.03.2010წ. განჩინებებში უსწორობის გასწორებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო, როგორც არაგანსჯადი სასამართლო, არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა მითითებულ განჩინებებში უსწორობის გასწორების შეტანის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დალი ზერაგიას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ზ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.