Facebook Twitter

ას-637-598-2010 3 აგვისტო, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ს-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ჩ-ა (მოსარჩელე)

მოპასუხე _ თ. კ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 17 ნოემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. ჩ-ამ მოპასუხეების _ თ. კ-შვილისა და ვ. ს-შვილის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2005 წლის იანვარში ი. ჩ-ამ თ. კ-შვილს ზეპირი გარიგების საფუძველზე გადასცა 1000 აშშ დოლარი ყოველთვიური 7% სარგებლით. მოსარჩელესა და ვ. ს-შვილს შორის ამავე პერიოდში დაიდო სესხის ხელშეკრულება 1000 აშშ დოლარის ოდენობის თანხაზე, ყოველთვიური 7% სარგებლით. 2008 წლის 7 მარტს მოსარჩელემ თ. კ-შვილის თხოვნით ბანკ “...” გამოიტანა სესხი 6000 აშშ დოლარი, საიდანაც 1500 აშშ დოლარი გამოიყენა საკუთარი საჭიროებისთვის, ხოლო 4500 აშშ დოლარი გადასცა თ. კ-შვილს. აღნიშნული თანხიდან 2400 აშშ დოლარი თ. კ-შვილმა გადასცა ი. ჩ-ას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ თ. კ-შვილს მის სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა სულ 4840 აშშ დოლარი, ხოლო ვ. ს-შვილს _ 2100 აშშ დოლარი (ს.ფ. 1-15).

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: თ. კ-შვილს ი. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 4840 აშშ დოლარის, ხოლო ვ. ს-შვილს _ 2100 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჩ-ასა და მოპასუხეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულებები. თ. კ-შვილის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 4840 აშშ დოლარს, ხოლო ვ. ს-შვილის მიერ გადასახდელი თანხა _ 2100 აშშ დოლარს (ს.ფ. 168-172).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. კ-შვილმა და ვ. ს-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტები მიუთითებდნენ, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხეებს არ დაუბრუნებიათ მისთვის სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხა (ს.ფ. 177-185).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებით თ. კ-შვილსა და ვ. ს-შვილს დაუდგინდათ ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე, თ. კ-შვილს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 193.60 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ხოლო ვ. ს-შვილს იმავე ვადაში დაევალა 84 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენა (ს.ფ. 192-195).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის განჩინებით თ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შევსების ვადის გაშვების გამო (ს.ფ. 205-207).

2010 წლის 7 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა ვ. ს-შვილმა და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 202-204).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის განჩინებით ვ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. ს-შვილმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სააპელაციო სასამართლოს მიმართა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ. 208-211).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ს-შვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ხარვეზის შევსების ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლა და მისი აღდგენა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2010 წლის 6 მაისს, მაგრამ მოუხდა ორსული მეუღლის საავადმყოფოში წაყვანა, რის გამოც 2010 წლის 6 მაისს 18.00 საათამდე ვერ შეძლო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა (ს.ფ. 220).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებით ვ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი.

საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინება ვ. ს-შვილმა ჩაიბარა პირადად 2010 წლის 26 აპრილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 10-დღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 27 აპრილს და დასრულდა 2010 წლის 6 მაისს. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით ვ. ს-შვილმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2010 წლის 7 მაისს, განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას ხარვეზის შევსების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ვ. ს-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ს-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.