Facebook Twitter

ას-637-598-2011 6 ივნისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ კ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ-ვა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ. გ-ვამ მოპასუხეების _ გ. გ-შვილისა და კ. კ-ძის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს შორის დადებული 2010 წლის 29 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აღნიშნული ხელშეკრულებით გასხვისებული უძრავი ქონების გ. გ-შვილის საკუთრებაში აღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 24-34, 122-130).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ. გ-შვილსა და კ. კ-ძეს შორის 2010 წლის 29 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; თბილისში, ... ქ.¹37-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა გ. გ-შვილი (ტომი I, ს.ფ. 139-147).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. კ-ძემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 156-164).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინებით კ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ 21.02.2011წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით კ. კ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აღნიშნული განჩინებით აპელანტს დაევალა მისი ასლის გადაცემიდან 10 დღეში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად, დაუშვებლობის გამო;

ხარვეზის დადგენის შესახებ ზემოთ დასახელებული განჩინება კ. კ-ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად და 2011 წლის 11 თებერვალს ჩაჰბარდა მის ბიძაშვილს, დიანა გოგიჩაიშვილს;

2011 წლის 21 თებერვალს კ. კ-ძემ სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომელსაც თან დაურთო ბაჟის სახით 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განმცხადებელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ აღნიშნული მიჩნეულიყო ხარვეზის სრულად შევსებად;

სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა წარდგენილ განცხადებაზე და 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელა;

ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება კ. კK-ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და 2011 წლის 6 მარტს პირადად ჩაჰბარდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადა დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2011 წლის 7 მარტიდან და ამოიწურა 2011 წლის 16 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე, ოთხშაბათი. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დანაწესი, რომლის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 2011 წლის 16 მარტის ჩათვლით.

სააპელაციო სასამართლომ იმაზეც მიუთითა, რომ აპელანტ კ. კ-ძეს არც ხარვეზის ვადის ამოწურვამდე და არც აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლოსათვის არ მიუმართავს განცხადებით ხარვეზის გამოსწორების, ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების ან გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის შესახებ. ამასთან, აღსანიშნავი იყო, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით აპელანტს განემარტა ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები, რითაც მხარისათვის ნათელი გახდა მტკიცებულებათა ის წრე, რომელიც წარდგენილი უნდა ყოფილიყო ბაჟის ოდენობის შემცირების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მიზნებისათვის.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობა სასამართლომ სამართლებრივად დაასაბუთა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული ნორმის დანაწესის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ აპელანტს დაუბრუნა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარი (ტომი II, ს.ფ. 21-25).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება კ. კ-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სახელმწიფო ბაჟის სახით მან გადაიხადა 200 ლარი, ამასთან, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში მიუთითა იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში უნდა იყოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ასეთი ოდენობის თანხა აპელანტმა გადაიხადა, იმავდროულად, მან სასამართლოს სთხოვა განეხილა სააპელაციო საჩივარი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მხარის მოსაზრება არ გაიზიარა, რაც არასწორია (ტომი II, ს.ფ. 28).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით აპელანტ კ. კ-ძეს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ტომი II, ს.ფ. 3-6). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო _ დაკისრებული თანხიდან (3000 ლარი) სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ 200 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (ტომი II, ს.ფ. 15, 14). სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მისი დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც შუამდგომლობა შესაბამის მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. ამასთან, სასამართლომ აპელანტს განუმარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუსვებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი II, ს.ფ. 16-18).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ უზრუნველყო თავისი შუამდგომლობის შესაბამისი მტკიცებულებით დასაბუთება, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია, რომლებიც ქონებრივი მდგომარეობის გამო მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას დაადასტურებდა და დასაბუთებულს გახდიდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით აპელანტს კანონშესაბამისად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 200 ლარი, ხოლო კანონით სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არანაკლებ 150 ლარს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი წარმოებაში უნდა მიეღო.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ხსენებულ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. აღნიშნული საპროცესო ნორმა ადგენს ქონებრივ-სამართლებრივ დავებში სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განმსაზღვრელ კრიტერიუმს, რის მიხედვითაც იანგარიშება ის თანხა, რომლის გადახდაც უნდა დაევალოს სააპელაციო საჩივრის შემტან პირს. იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულების 4% ნაკლებია 150 ლარზე, მაშინ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს 150 ლარის ოდენობით, სხვა შემთხვევაში კი, სახელმწიფო ბაჟი გადახდილ უნდა იქნეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში დავა ქონებრივ-სამართლებრივია, კერძოდ, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აღნიშნული ხელშეკრულებით გასხვისებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება შეფასებულია 75000 ლარად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს სწორად მოთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 ლარის ოდენობით (75000 ლარის 4%). ასეთ ვითარებაში, აპელანტის მიერ მხოლოდ 200 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ ჩაითვლება სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.