ას-638-599-2010 26 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ვ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 19 ნოემბერს მ. ბ-იამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბ. ვ-შვილის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ქ. პირველი ჩიხის ¹3-ში მდებარე 1384 კვ.მ ფართის საერთო სარგებლობისა და საკუთრების მიწის ნაკვეთიდან სახლთმფლობელობაში მისი ხვედრითი წილის გათვალისწინებით დამოუკიდებელ, იზოლირებულ სარგებლობაში კუთვნილი ნაწილის გამოყოფა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ.ქუთაისში, ... ¹3 ჩიხში მდებარე 1384 კვ.მ საერთო სარგებლობისა და საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მ. ბ-იას დამოუკიდებელ, იზოლირებულ სარგებლობაში გამოეყო მიწის ნაკვეთი მისი კუთვნილი ნაწილის ხვედრითი წილის გათვალისწინებით გაშენებული და მიმდებარე მიწის ნაკვეთი, სახლთმფლობელობის სარგებლობის აუცილებლობის გათვალისწინებით, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის “ა” და გამოყოფილი “ა-1” ნაწილებს შორის გამყოფი კედლის შუა წერტილიდან გაივლის სახლის მართობული ხაზი ... ქუჩის პირველი ჩიხის მიმართულებით ღობემდე. აღნიშნულის შედეგად მ. ბ-იას უნდა გამოეყოს მიწის ნაკვეთი მთლიანი ფართით 186,37 კვ.მ, აქედან გაშენებული ფართი 50,71 კვ.მ, თავისუფალი მიწის ფართი 134,88 კვ.მ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ვ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით ბ. ვ-შვილს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 150 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით ბ. ვ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ვ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსებულად ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ მან ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ ძმის ავადმყოფობის გამო ვერ მოასწრო გადახდილი ბაჟის ქვითრის წარმოდგენა სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ბ. ვ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით აპელანტ ბ. ვ-შვილს ხარვეზის შევსების მიზნით, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოსადგენად მიეცა 5 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ს.ფ. 73-74).
დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი ბ. ვ-შვილს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2010 წლის 13 მაისს (იხ. ს.ფ. 75). შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2010 წლის 18 მაისი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ბ. ვ-შვილმა ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოში არ წარუდგენია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა, თუმცა ძმის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოში წარდგენა, ამიტომ მას ხარვეზი შევსებულად უნდა ჩაეთვალოს.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით აპელანტს დაევალა, მისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში, როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. აქედან გამომდინარე, ის გარემოება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ხარვეზის შევსებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დადგენილ ვადაში არ ყოფილა წარდგენილი სასამართლოში, რაც ასევე დავალებული ჰქონდა აპელანტს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში დროულად წარდგენა ვერ შეძლო მისი ძმის ავადმყოფობის გამო, ასევე ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბ. ვ-შვილის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ბ. ვ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ამიტომ მას მთლიანად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ვ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 150 ლარი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.