Facebook Twitter

საქმე # 190100118002717029

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№709აპ-20 26 იანვარი, 2021 წელი

ვ. ო., 709აპ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ვ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. ვ-მა, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ითხოვს მის შეცვლასა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხულ ქმედებებში უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - აღიარებს და ინანიებს.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით ო. ვ., - დაბადებული 1... წლის 14 სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ო. ვ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 9 ოქტომბრიდან; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ვ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ო. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10500 ლარი, რომელიც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და შეეფარდა ჯარიმა - 10 000 ლარი.

- ო. ვ. 2018 წლის 9 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ფ........... საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე პირადად ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ 144,446 გრამ - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალებების - ,,მორფინის“, ,,ამფეტამინისა“ და ,,მეტამფეტამინი“ს ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონო მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა ო. ვ-მა განმეორებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები „ოპიუმი“ და ,,მეტადონი“.

- ა.......... რესპუბლიკის მოქალაქე ო. ვ-მა, რომელსაც საზღვრის კვეთის ოფიციალური დოკუმენტებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან გასვლა უფიქსირდება 2018 წლის 27 ივნისს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ო. ვ-მა და მისმა ადვოკატმა ლ. ბ-მა, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის შეცვლასა და ო. ვ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხულ ქმედებებში უდანაშაულოდ ცნობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია ო. ვ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ლ. მ-ს, ზ. ვ-ს, ო. ა–ს, ნ. გ-სა და ნ. ჯ-ს ჩვენებებით, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის №........... და ნარკოლოგიური ექსპერტიზის №........ დასკვნებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის დადგენილებით, საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაციითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი ან სამართლებრივი არგუმენტები, თუ რატომ მიიჩნევს კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ და დაუსაბუთებლად, თუმცა სააპელაციო სასამართლოში დავის საგნად იყო ქცეული ო. ვ-ს პირადი ჩხრეკის თვითმხილველი მოწმის - ო. ა-ს სანდოობა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციელების მიუკერძოებლობა, ვინაიდან, მსჯავრდებულის მტკიცებით, სწორედ ო. ა-ს ჰქონდა ავტომანქანაში შენახული ნარკოტიკული საშუალება, რომლის უკანონო შეძენა და შენახვა მას ბრალად შეერაცხა; კასატორი ასევე სადავოდ ხდიდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამტკიცებდა, რომ მის პასპორტში შესაბამისი შტამპის არარსებობა განპირობებული იყო მესაზღვრე-კონტროლიორის დაუდევრობით.

4. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ და სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ო. ვ. ნამდვილად იმყოფებოდა და 2018 წლის 9 ოქტომბერს დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, საზღვრის კვეთის ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ ო. ვ-მა .............ს სახელმწიფო საზღვრი გადაკვეთა 2018 წლის 27 ივნისს, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის პასპორტის მონაცემებით, 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ მას .............ოს სახელმწიფო საზღვარი საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით არ გადმოუკვეთავს. ამასთან, მოწმე ნ. ჯ-ს (შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო) ჩვენების თანახმად, შეუძლებელია, ...........ში შემომსვლელმა პირმა სახელმწიფო საზღვარზე არ გაიაროს საბაჟო კონტროლი, რაც, ერთობლივად აღებული, იმთავითვე და უპირობოდ გამორიცხავს მსჯავრდებულის მტკიცებას ..........ოს სახელმწიფო საზღვრის კანონიერად გადმოკვეთის თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უტყუარად არის დადგენილი ო. ვ-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი, ვინაიდან ვერც კასატორი უთითებს და არც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილა რაიმე გარემოება, რომელიც საეჭვოს გახდიდა, ერთი მხრივ, მოწმე ო. ვ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწმეების - ლ. მ-სა და ზ. ვ-ს ჩვენებების სანდოობას და, მითუფრო, მიუთითებდა მათ შეთანხმებულ მოქმედებაზე, დაებრალებინათ ო. ვ-სათვის არჩადენილი დანაშაული; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: არ იქნებოდა მართებული სამართალდამცავთა ჩვენებების გამოყოფა და მიკუთვნება საეჭვო კატეგორიის მტკიცებულებებთან. არასწორი იქნებოდა ვარაუდი, რომ საზოგადოებაში უსაფრთხოების გარანტორი ინსტიტუტის წარმომადგენელთა ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება რაიმე განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია და რომ პოლიციის თანამშრომლები იმთავითვე არასანდო მოწმეები არიან. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დაკითხოს ჩხრეკის თვითმხილველი პოლიციელები, შეამოწმოს მათი კომპეტენტურობა, საქმის მიმართ რაიმე დაინტერესების ქონა და დამაჯერებლობა. ასევე, როგორც აღინიშნა, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობაც, რაც მნიშვნელოვანი გარანტიაა იმისთვის, რომ არ მოხდეს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის საფრთხის შექმნა. ამდენად, ზემოთ დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე, პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-101-102). საკასაციო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის კვალდაკვალ შეაფასა იმ მოწმე პოლიციელების ჩვენებების სანდოობა, რომლებიც ამხელენ ო. ვ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და მიიჩნევს, რომ ისინი, ერთი მხრივ, არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს, ხოლო, მეორე მხრივ, ეს მტკიცებულებები არ ყოფილა ერთადერთი და გადამწყვეტი მნიშვნელობის ო. ვ-ს მსჯავრდებისათვის, ვინაიდან მისი ბრალეულობა დასტურდება სხვა, დამოუკიდებელი და პირდაპირი მტკიცებულებებით, რომლებიც ზედმიწევნით თანხვდენილია მოწმე პოლიციელების ჩვენებებთან, კერძოდ - მოწმე ო. ა-ს ჩვენებით, რომელიც მართავდა ავტომანქანას, რომლითაც გადაადგილდებოდა ო. ვ. და მიუთითა, რომ ო. ვ-ს პირადი ჩხრეკისას ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება და მოწმე ნ. გ-ს ჩვენებით, რომელიც თარჯიმნის სტატუსით მონაწილეობდა ო. ვ-ს პირად ჩხრეკაში და ასევე ადასტურებს მსჯავრდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ფაქტს, რომლის საპირისპირო მტკიცებაც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ო. ვ-ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.

7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ვ-ს მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი; ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის (გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) თანახმად, ო. ვ. უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული) თანახმად, ო. ვ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ო. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:

3. ო. ვ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან;

4. ო. ვ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქებტით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ო. ვ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს 2018 წლის 9 ოქტომბრიდან;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი