Facebook Twitter

საქმე # 330100119003060366

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №888აპ-20 21 იანვარი, 2021 წელი

ი. ნ., 888აპ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის უფროსი პროკურორის - ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ნანა ჯაყელმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ. ი-ს დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) შერაცხულ მსჯავრდებაში - სასჯელის დამძიმებას, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ნ. ი-ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტი (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი), კერძოდ, მოწმე ს. ბ. თავის ჩვენებაში უთითებს, რომ მის მიერ ნაქირავებ სახლში ნარკოტიკული საშუალებები მიიტანა და დატოვა სწორედ ნ. ი-მა, რასაც ასევე ადასტურებს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, რომლითაც ირკვევა, რომ ს. ბ-ს დაკავებამდე და მისი დაკავების შემდეგ მასა და ნ. ი-ს შორის ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით შედგა სატელეფონო საუბრები; ნ. ი-სათვის სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი, რადგან სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ ნ. ი-ს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა 19 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც წარმოადგენს მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებისათვის და ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობ გარემოებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ი-ს ბრალად დაედო: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ნ. ი-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 12 ცალად დაფასოებულ, 0,9509 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს‘‘, რაც 2019 წლის 11 აპრილს, ღამის საათებში, გაასაღა ს. ბ-ზე ქ. .............. მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინა №...

- ნ. ი-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ასევე უკანონოდ შეიძინა 19 ცალად დაფასოებული, დიდი ოდენობით - 0,8628 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი‘‘, რომელსაც 2019 წლის 14 აპრილს პირადად ინახავდა .......ში, ........ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „..........‘‘ მიმდებრე ტერიტორიაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ნ. ი., - დაბადებული 1... წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ნ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ი-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

გაუქმდა ნ. ი-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

მსჯავრდებულ ნ. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 აპრილიდან.

ნივთმტკიცებები: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, მისი შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუშები უნდა განადგურდეს; საქართველოს მოქალაქის აიდიბარათი, საზღვარგარეთის პასპორტი და მობილური ტელეფონები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ნანა ჯაყელმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ნ. ი-ს დამნაშავედ ცნობა ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაშიც, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ მსჯავრდებაში - სასჯელის დამძიმება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში ნ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) ბრალდების ეპიზოდში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მითითებულ ეპიზოდში მსჯავრდებულის აღიარება, მოწმეების - ი. თ-სა და გ. პ-ს ჩვენებები, მოწმეების: ი. გ–ს, მ. დ-სა და ა-ს ჩვენებები, ასევე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები - ნ. ი-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად, რითაც მსჯავრდებულისათვის მსჯავრად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. რაც შეეხება ნ. ი-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების პირველ ეპიზოდს, მითითებულ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მოწმე ს. ბ-ს ჩვენება, ხოლო ნ. ი-ს ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, კერძოდ:

4. მოწმე ს. ბ-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 11 აპრილს, ღამით, დაახლოებით 11-12 საათზე, მის მიერ ნაქირავებ სახლში სტუმრობისას, ნ. ი-მა დაუტოვა პაკეტში მოთავსებული 12 პატარა შეკვრა და სთხოვა მათი დროებით შენახვა, ამასთან დაჰპირდა, რომ მას მოგვიანებით წაიღებდა, თუმცა აღარ დაბრუნებულა. მითითებულ პაკეტში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

5. მისი ჩვენების გარდა, ბრალდების მხარე ასევე აპელირებს ნივთიერი მტკიცებულების (მობილური ტელეფონის) გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 13 აპრილის ოქმზე, რომლის თანახმად, იმავე დღეს ნ. ი-სა და ს. ბ-ს შორის შედგა ორი სატელეფონო საუბარი, თუმცა მითითებული სატელეფონო საუბრების შინაარსი აღნიშნული ოქმით არ ირკვევა, ხოლო თავის ჩვენებაში ს. ბ. სატელეფონო საუბრებთან მიმართებით განმარტავს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომელებმა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან რამდენჯერმე დაარეკვინეს ნ. ი-თან და აკითხვინეს, თუ როდის მივიდოდა ამანათის წასაღებად, რაზეც ის პასუხობდა, რომ კიდევ ჰქონდა ........დან რაღაც წამოსაღები და ყველაფერს ერთად წაიღებდა. ს. ბ-ს განმარტებით, მან ივარაუდა, რომ საუბარი იყო ნარკოტიკულ საშუალებებზე. ამდენად, მხოლოდ მათ შორის შემდგარი სატელეფონო კუმუნიკაციის ფაქტი, მითუმეტეს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ არც დათვალიერების ოქმიდან და არც ს. ბ-ს ჩვენებიდან არ ირკვევა, რომ სატელეფონო საუბრები შეეხებოდა სწორედ ნარკოტიკულ საშუალებებს, ვერ იქნება მიჩნეული ნ. ი-ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

6. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ნ. ი-ს 2019 წლის 11 აპრილის ბრალდების ეპიზოდში ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას ნ. ი-სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულ ნ. ი-ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, არ არის ნასამართლევი, აღიარა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი (2019 წლის 15 აპრილის ეპიზოდი), უდავოდ გახადა ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი და მიაჩნია, რომ მითითებული გარემოებებისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, მისთვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია, რომლის დამძიმებაც არ არის მიზანშეწონილი.

8. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე–6 მუხლის 1-ლი ნაწილის (გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის ..., 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ... (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული) თანახმად, ნ. ი-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის უფროსი პროკურორის - ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

3. ნ. ი. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

4. მსჯავრდებულ ნ. ი-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე–6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. მსჯავრდებულ ნ. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 აპრილიდან;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი