ას-642-603-10 03 აგვისტო, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ტ-ძე, ბ. მ-ძე, მ. მ-ძე და სხვები
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ფ. ტ-ძის, ბ. მ-ძის, მ. მ-ძისა და სხვების სარჩელი მოპასუხეების აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ინვალიდთა სამედიცინო სოციალური რეაბილიტაციისა და საპროთეზო ორთოპედული ცენტრის მიმართ, მოპასუხეებისათვის ხელფასების, კომპენსაციებისა და დავალიანების, სულ 40932 ლარის სოლიდარულად დაკისრებისა და სადავო საკითხთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების _ 5100 ლარის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ თანხის გადახდა _ სულ 32397.24 ლარის ოდენობით, მათვე დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ, მგზავრობისა და სხვადასხვა ხარჯების გადახდა თითოეულ მოსარჩელეზე 100 ლარის _ სულ 5000 ლარის ოდენობით და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 1296 ლარის ოდენობით. მოსარჩელეებს, როგორც არასათანადო მოპასუხის მიმართ აღძრულ სარჩელზე, უარი ეთქვათ შპს “ინვალიდთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციისა და საპროთეზო-ორთოპედული ცენტრისთვის” თანხის დაკისრებაზე უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება 2010 წლის 14 აპრილს სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განჩინებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება სამინისტროსათვის გადაწყვეტილების ასლის, სსკ-ის 70-78 მუხლების მიხედვით, ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა სადავო გადაწყვეტილება, რომლის არსებობის თაობაზე სამინისტრომ შეიტყო მხოლოდ 2010 წლის 31 მარტს, როდესაც დაკარგული საქმის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება შევიდა სამინისტროში. შესაბამისად, სამინისტროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეების - ფ. ტ-ძის, ბ. მ-ძის, მ. მ-ძისა და სხვების სასარგებლოდ დაეკისრათ 32397,24 ლარი სახელფასო დავალიანებების დასაფარად (ტომი 1, ს.ფ. 179-184).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2003 წლის 4 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მითითებულია 2002 წლის 16 სექტემბერი (ტომი 1, ს.ფ. 176-178).
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვტილების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 14 აპრილს (ტომი 2, ს.ფ. 2-20).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განჩინებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, რაც კერძოO საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მისთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. შესაბამისად, სამინისტროს არ ჰქონდა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა სადავო გადაწყვეტილება, რომლის არსებობის თაობაზე მან შეიტყო მხოლოდ 2010 წლის 31 მარტს, როდესაც დაკარგული საქმის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება შევიდა სამინისტროში.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის, ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სადავო გადაწყვეტილების შესახებ სამინისტრომ ჯერ კიდევ 2003 წლის 2 ივლისს იცოდა, თუმცა მას არ გამოუყენებია მისთვის კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის 2003 წლის 24 ივლისის ¹01/17-264 მიმართვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 4-5), საიდანაც დგინდება, რომ აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროში 2003 წლის 2 ივლისს შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი ¹2-194, რომლის თანახმად, მოსარჩელეები მოითხოვდნენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას 3 თვის განმავლობაში. ამდენად, თავად სამინისტრო ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას 2003 წლის 2 ივლისს გადაეცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, სწორედ ამ რიცხვიდან უნდა მოხდეს გასაჩივრების ვადის ათვლა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ამოიწურა 2003 წლის 2 აგვისტოს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 14 აპრილს ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.