Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-1233-808(კ-05) 1 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე,)

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 20 აპრილს ა. ს.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41კს ბრძანებით გათავისუფლდა ამავე დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს დაცვის განყოფილების ...-ის თანამდებობიდან და დაინიშნა საბაჟო გადაზიდვებზე ...ის შტატგარეშე მოსამსახურედ.

მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ ბრძანება ¹41კს _ მიღებულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დარღვევით და საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულების სააწინაღმდეგოდ, ვინაიდან ბრძანების გამოცემისას დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე და 108-ე მუხლები, ასევე, შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41კს ბრძანების ბათილად ცნობასა და პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენას.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მაისის განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ა. ს.-ის სარჩელი დარჩა განუხილველი.

2004წ. 20 იანვარს ა.ს.-მ კვლავ მიმართა სარჩელით ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41კს ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ს.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 20 თებერვლის ¹41 კ/ს ბრძანება. ა. ს.- აღდგენილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის დაცვის განყოფილების ...-ის ტოლფას, საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის Yთქმას.

აპელანტი განმარტავდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის «სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულება, ხოლო 2002წ. 5 სექტემბრის ¹279 ბრძანებით კი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საშტატო განრიგი და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაევალა უზრუნველეყო 2002წ. 10 სექტემბრამდე ახალი საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების დაკომპლექტება. განხორციელდა რა საბაჟო სისტემაში სტრუქტურული რეორგანიზაცია, თანახმად «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტისა, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნა საბაჟო სისტემის ყველა მოხელე და მათ შორის _ მოსარჩელე ა. ს.-ც.

სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ადრე არსებული 16 საბაჟოს ნაცვლად შეიქმნა 8 რეგიონალური საბაჟო, რომელსაც მოჰყვა ზოგიერთი თანამდებობის შერწყმა და რამდენიმე თანამდებობის ფუნქციონალური გაუქმება. ასევე გაუქმდა მოსარჩელე ა.ს.-ის ყოფილი თანამდებობა, რომელიც ახალი საშტატო განრიგით არ იყო გათვალისწინებული, რის შემდეგაც საბაჟო დეპარტამენტმა მას შესთავაზა საჯარო სამსახურის შტატგარეშე თანამდებობა, რაზედაც ა. ს.-მ უარი განაცხადა და ამის შემდგომ იგი გათავისუფლდა საბაჟო სისტემიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ს.-ის საჩივარი ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს.-მ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 24 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 29 ოქტომბრის განჩინებით ა. ს.-ის საკასაციო საჩივრი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 თებერვლის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 1 ივნისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 თებერვლის განჩინება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 20 თებერვლის ¹41 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო ა. ს.-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს დაცვის განყოფილების ...-ის თანამდებობა ახალ საშტატო განრიგში აღარ არსებობდა და არც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი და არც შრომის კანონთა კოდექსის 206-ე, 208-ე მუხლები მუშაკის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას აღარ ითვალისწინებდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება ა. ს.-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში ა. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანებით დამტკიცდა საბაჟო დეპარტამენტის ახალი დებულება, რომლის მე-5 პუნქტით განისაზღვრა დეპარტამენტის სტრუქტურა, რომლის ჩამონათვალში დაცვის სამმართველო აღარ იყო მითითებული და არც საბაჟო დეპარტამენტის სხვა რომელიმე სტრუქტურული ქვედანაყოფი ასრულებდა იმ ფუნქციებს, რასაც დაცვის სამმართველო ახორციელებდა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლომ ისე აღადგინა გათავისუფლებამდე დაკავებულ ტოლფას საშტატო თანამდებობაზე მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია, არსებობდა თუ არა იგივე თანამდებობა საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიიჩნია იურიდიულად არასაკმარისად დაუსაბუთებლად, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად ჩათვალა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია‚ არსებობდა თუ არა იგივე თანამდებობა საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში. სასამართლომ არასწორად განმარტა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლი და გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 206-208-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან აღნიშნულ მუხლებს მოცემულ დავასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ხოლო არ გამოიყენა ამავე კოდექსის 26-ე მუხლი, რომლის სათანადო განმარტების შემთხვევაში ადვილად დაადგენდა, რომ ტოლფასი თანამდებობა ეს არის ისეთი თანამდებობა, რომელიც არის იმავე დაწესებულებაში ტერიტორიულად იმავე ადგილას მდებარე სხვა სამუშაო ადგილას, სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, იმავე სპეციალობის, კვალიფიკაციის ან თანამდებობის ფარგლებში შრომის არსებითი პირობების – შრომის ანაზღაურების სისტემისა და ოდენობის, შეღავათების, სამუშაო რეჟიმის შენარჩუნებით. კასატორმა მიუთითა, რომ აღნიშნული პირობების გათვალისწინებით, მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა უამრავია საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლ, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს;

ა. ს.- მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს დაცვის განყოფილების ...-ად, საიდანაც გათავისუფლდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41 კს ბრძანებით და დაინიშნა საბაჟო გადაზიდვებზე ...-ის შტატგარეშე მოსამსახურედ ორი თვის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 1 ივნისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 თებერვლის განჩინება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 20 თებერვლის ¹41 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო, რაც შეეხება სამსახურში აღდგენას, ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ტოლფას თანამდებობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ ა. ს.-ზე, როგორც საჯარო მოხელეზე, ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი და შრომის კანონთა კოდექსის საკანონმდებლო-მატერიალური ნორმები. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმა-დებულებები არ ითვალისწინებს «ტოლფასი თანამდებობის» ცნებას და, შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნილი მუშაკის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას.

რაც შეეხება შრომის კანონთა კოდექსს, აღნიშნულ კოდექსში ტერმინი _ «ტოლფასი თანამდებობა» _ მოხსენიებულია მხოლოდ 109-ე მუხლში, რომელიც შეეხება არჩევით თანამდებობაზე არჩეული მუშაკის გარანტიას და რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება მთლიანობაში გავრცელდეს ყველა სახის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სადავო საკითხზე, იმ მიზეზის გამო, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისო ხასიათის ნორმას და არეგულირებს მხოლოდ ერთი გარკვეული სახის ურთიერთობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას: როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 1 ივნისის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 20 თებერვლის ¹41 ბრძანება ა. ს.-ის სამუშაოდან დათხოვნის ნაწილში. ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, მოცემულ ეტაპზე დავას არ იწვევს თავად ბრძანების კანონშეუსაბამობის ფაქტი. საგულისხმოა, რომ მითითებული ბრძანების ბათილობის საფუძვლად იქცა აქტი, რომელიც გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით. აქტის კანონშეუსაბამოდ ცნობის ფაქტი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს განმარტოს, რომ აღნიშნული, თავის მხრივ, წარმოშობს კასატორის შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ კასატორისათვის შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება სცილდება სასამართლოს ოფიციალურ-უწყებრივ კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას, თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ს.-სთან მიმართებაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ. ამასთან, უნდა გაირკვეს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში და ხომ არ არის კასატორის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ანალოგიური თანამდებობა ახალი განრიგით, ან ხომ არ არის სხვა შესატყვისი სამსახური, რაზეც თანახმა იქნება კასატორი.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ადსტურებს პირის შესაძლებლობას, მოითხოვოს იძულებითი განაცდური, კასატორის ყურადღებას მიაქცევს LLსსკ-ის 406-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, დავის საგნის გადიდება საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, კასატორს აღნიშნული მოთხოვნით არ მიუმართავს არც ერთი ქვემდგომი სასამართლო ინსტანციისთვის, რის გამოც საკასაციო სასამართლო მითითებული მუხლის საფუძველზე მოკლებულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესუალურ შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოწინააღმდეგე მხარეს დაევალება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. დაევალოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ს.-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.