Facebook Twitter

ას-649-610-10 17 სექტემბერი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ა-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-შვილი

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-შვილის სარჩელი მოპასუხეების ლ. ს-შვილისა და ც. ხ-შვილის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით მ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ა-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა იმ მოტივით, რომ მას გასაჩივრების ვადა არ გაუშვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი მ. ა-შვილს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 3 მაისს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 94). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მ. ა-შვილისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 4 მაისს და ამოიწურა 2010 წლის 17 მაისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ.ა-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 19 მაისს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე რომ, ვინაიდან 4 მაისიდან 17 მაისამდე პერიოდში დაემთხვა 4 უქმე დღე, ამიტომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა მას ჰქონდა 21 მაისამდე.

აღნიშნულ მოსაზრებას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გამოთვლის დროს მხედველობაში არ მიიღება საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი (დანიშნული) ვადის უკანასკნელი დღე, თუ იგი ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს. ასეთ შემთხვევაში ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამ გამონაკლისის გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში უქმე და დასვენების დღე ჩვეულებრივად მიეთვლება საპროცესო ვადას.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის უკანასკნელი დღე იყო 2010 წლის 17 მაისი (ორშაბათი), რომელიც არ ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ამიტომ, ვინაიდან მ. ა-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 19 მაისს, მან დაარღვია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან მხარემ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, ამიტომ მან დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.