ას-655-615-2010 23 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე Pპ. ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ბ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სს “კ-ის” სარჩელი მ. ბ-შვილისა და თ. ა-ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, მ. ბ-შვილს სს “კ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 7065.33 ლარისა და პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებაზე, სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2010 წლის 22 იანვრიდან სესხის სრულ დაფარვამდე. დადგინდა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხის უზრუნველასყოფად, იძულებითი აუქციონის გზით, უნდა განხორციელდეს, ქ.ქუთაისში, ..., II შესახვევის ¹3-ში მდებარე, თ. ა-ძის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებით მ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს საჩივარში ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. აღნიშნული განჩინების ასლი მ. ბ-შვილს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2010 წლის 14 ივლისს (ს.ფ. 80). საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მ. ბ-შვილმა ხარვეზი არ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.