ას-657-616-2010 03 აგვისტო, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვტილება, დ. ბ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ბ-ძე ცნობილ იქნა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში მდებარე ზ. ბ-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ნახევრის მესაკუთრედ და ქონების რეალური გაყოფა მოხდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 27 ივნისის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის პირველი ვარიანტის მიხედვით, კერძოდ, პირველმა ნაწილმა მოიცვა საცხოვრებელი ოთახი ¹1 ფართით 27.87 მ2, დამხმარე სათავსოები _ ¹9, ¹10, ¹5, ¹6 და საზაფხულო ფართი “ა” საერთო ფართით 92,42. ხოლო მეორე ნაწილმა: საცხოვრებელი ოთახი ¹3 ფართით 26,8 მ2, დამხმარე სათავსოები _ ¹2, ¹4, ¹7 და ¹8 ფართით 79,89 მ2; მხარეებს საკუთრებაში დარჩათ საცხოვრებელი სახლის ის ნაწილები (ექსპერტის დასკვნის მიხედვით), რომელსაც ისინი ფაქტობრივად ფლობენ. დედის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ო. ბ-ძემ და მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქონების გაყოფა უნდა მოხდეს ექსპერტის დასკვნის პირველი ვარიანტის მიხედვით, ამასთან, გადაწყვეტილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი ოთახი რომელ მხარეს უნდა მიეკუთვნოს, ამიტომ განმცხადებლის მოსაზრებით, გადაწყვეტილება საჭიროებს განმარტებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ო. ბ-ძის განცხადება ამავე სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაოაბზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. ბ-ძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელებულიყო ანდერძის და არა ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ამიტომ მოითხოვა, რომ სასამართლომ იხელმძღვანელოს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით და აღადგინოს სიმართლე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ო. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღრსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ დაუშვებელია იმ გადაწყვეტილების განმარტება, რომელიც აღსრულებულია ან თუ გავიდა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე შეტანილი განცხადება არ დაიშვება და იგი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც ითხოვს ო. ბ-ძე, აღსრულებულია (ტომი 4, ს.ფ. 63). შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე შეტანილი განცხადება დაუშვებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ო. ბ-ძის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე სწორად ცნო დაუშვებლად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.