Facebook Twitter

საქმე # 130100119002959878

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

1007აპ-20 26 იანვარი, 2021 წელი

ჩ. დ., 1007აპ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ჩ-სა და მისი ადვოკატის - გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ჩ-ს ადვოკატმა გ. მ-მ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, რის გამოც ითხოვს მის შეცვლასა და დ. ჩ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის -პირობთად ჩათვლას; კასატორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გაეუქმებინა დ. ჩ-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ვინაიდან განაჩენის დადგენის დროს - 2019 წლის 18 დეკემბერს აღარ არსებობდა პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შეფარდების საფუძველი, ვინაიდან დ. ჩ-ს მიმართ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა დასრულდა 2019 წლის 22 მაისს, რომელიც არ შეჩერებულა და მსჯავრდებულმა იგი სრულად მოიხადა; ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას, რისი გათვალისწინებითაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენით მოხდა დ. ჩ-ს ორჯერ მსჯავრდება ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენისათვის.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დ. ჩ., - დაბადებული 1... წლის 16 ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჩ-მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 19 მარტს, ღამის საათებში, ქ. მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ჩ-მ და გ. ლ-მ ჯგუფურად იძალადეს ფ. მ-ზე, ხელებისა და ფეხების დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და დ. ჩ-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: დ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. ჩ-ს სასჯელად განესაზღვრა - 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 27 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 მარტიდან 2019 წლის 3 აპრილის ჩათვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ ფ. მ-ს, მოწმეების - დ. ჩ-სა და გ. ლ–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, პირის ამოცნობის ოქმები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ. ჩ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. მსჯავრდებულ დ. ჩ-სათვის შეფარდებულ სასჯელზე კასატორის მტკიცებასთან მიმართებით, რომ თითქოსდა, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გაეუქმებინა დ. ჩ-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, საკასაციო სასამართლო, მიუხედავად მოცემული საკითხის თაობაზე მის მიერ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკისა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის №203აპ-15, 2017 წლის 9 ივნისის №733აპ-16, 2017 წლის 5 დეკემბრის №349აპ განაჩენები), კვლავაც განმარტავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ნებისმიერ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი უპირობოდ უნდა გაუქმდეს და ახალი დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განაჩენთა ერთობლიობის წესი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მატერიალური სისხლის სამართლის ამ დანაწესს აქვს იმპერატიული ხასიათი, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააუქმებს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც შეეხება მხოლოდ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს და არა პირობითი მსჯავრის გაუქმება - არგაუქმების საკითხს, რომელიც მატერიალური სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით დ. ჩ-ს საბოლოო სასჯელად შეფარდებული ჰქონდა - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო, მეორე მხრივ, დ. ჩ-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული ჩაიდინა 2019 წლის 19 მარტს, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. ამდენად, დ. ჩ-ს ახალი დანაშაულის ჩადენისას ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელი არ ჰქონია მოხდილი, იგი პირობითად ჰქონდა ჩათვლილი, რომელიც დაარღვია გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენით, რის გამოც გაუქმდა პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი შეეფარდა განაჩენთა ერთობლიობით, რაც იმთავითვე და უპირობოდ გამორიცხავს კასატორის მტკიცებას ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენისათვის დ. ჩ-ს ორჯერ შესაძლო მსჯავრდების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მომართა მსჯავრდებულ დ. ჩ-ს ადვოკატმა გ. მ-მ, რომელმაც წარმოადგინა დ. ჩ-ს საქმეზე დაზარალებულ ფ. მ–ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულ დ. ჩ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების თაობაზე და ითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულება.

6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ჩ-ს მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი; ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია). ამდენად, დ. ჩ. უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დ. ჩ-ს სასჯელი აეთვალა 2020 წლის 27 ნოემბრიდან და მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 მარტიდან 2019 წლის 3 აპრილის ჩათვლით, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ჩ-სა და მისი ადვოკატის - გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:

3. დ. ჩ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან;

4. დ. ჩ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი