Facebook Twitter

ას-660-619-2010 15 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. ს-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ა-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ს-ძის სარჩელი მოპასუხე ნ. ა-ძის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, ჯ. ს-ძესა და ნ. ა-ძეს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება, ჯ. ს-ძეს შვილების _ ლ. და ა. ს-ძეების რჩენისათვის დაეკისრა თითოეულის სასარგებლოდ თვეში 300 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა მათი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის თანხის ოდენობის 40 ლარით განსაზღვრა. იმავდროულად, აპელანტმა ითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მის მიერ გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინებით ჯ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელებას და აღდგენას, გასაჩივრების ვადის ათვლა დაკავშირებულია გადაწყვეტილების გადაცემის მომენტთან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომლის მიხედვით, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ასლი ჯ. ს-ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, მას გზავნილი პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 16 აპრილს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 17 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 30 აპრილს. რამდენადაც ჯ. ს-ძემ სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 11 მაისს, ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. ს-ძის შუამდგომლობა სააპელაციო გასაჩივრებისათვის გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის შესახებ დაკმაყოფილებას ვერ დაექვემდებარებოდა, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების და აღდგენის შესაძლებლობას, ვადის დენა იმპერატიულად დაკავშირებულია მხოლოდ გადაწყვეტილების ჩაბარებასთან.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

კერძო საჩივარში გასაჩივრებული განჩინების არამართლზომიერების დასასაბუთებლად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დროისათვის ჯ. ს-ძე იმყოფებოდა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მას აწუხებდა მაღალი წნევები და ფიზიკურად იყო შეუძლოდ. გარდა ამისა, ჯ. ს-ძეს აქვს მხედველობის პრობლემები. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შესაბამისი სამედიცინო ცნობები, თუმცა სასამართლოს მათზე საერთოდ არ უმსჯელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, საპატიო მიზეზად მიჩნეულია მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ვითარება კანონის დასახელებული ნორმების შესაბამისად იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალების თანახმად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ასლი ჯ. ს-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 16 აპრილს (ს.ფ. 47), ხოლო სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მან წარადგინა 2010 წლის 11 მაისს (ს.ფ. 55-63).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 17 აპრილს და დასრულდა 2010 წლის 30 აპრილს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, მან ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა დაგვიანებით, მხოლოდ 2010 წლის 11 მაისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სრულიად ასაბუთებს ჯ. ს-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას, რის შესაბამისადაც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ განაპირობებს კერძო საჩივრის ავტორის მითითება სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზების არსებობის თაობაზე, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიული ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ჯ. ს-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.