ას-665-624-10 30 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ჯ.”
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ჯ-ძის სარჩელი შპს “ჯ.-ს” მიმართ სამუშაოზე აღდგენის, სახელფასო დავალიანებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა აღიარებული შპს “ჯ.-ს” გადაწყვეტილება მ. ჯ-ძის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხე შპს “ჯ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10345 ლარის გადახდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს “ჯ.-ს” წარმომადგენელმა რ. ი-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმება და საქმის განახლება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით შპს “ჯ.-ს” წარმომადგენლის რ. ი-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შპს “ჯ.-ს” წარმომადგენელმა რ. ი-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინებაზე და მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს “ჯ.-ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი შპს “ჯ.-ს” წარმომადგენელ რ. ი-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 10 მაისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 11 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 24 მაისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2010 წლის 25 მაისს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ჯ.-ს” დირექტორმა ი. ბ-იმ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განახლება იმ საფუძვლით, რომ 2010 წლის 5 მარტს რ. ი-ძეს შეუწყდა წარმომადგენლის უფლებამოსილება; შპს “ჯ.-ს” გასაჩივრებული განჩინება არ ჩაბარებია და ამ განჩინების შესახებ მისთვის მხოლოდ 2010 წლის 8 ივნისს გახდა ცნობილი; გარდა ამისა, შპს “ჯ.-ს” მიერ რ. ი-ძისათვის გაცემული მინდობილობით მას, როგორც წარმომადგენელს, უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მხოლოდ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ამასთან, მინდობილობა გაცემული იყო ი. ბ-ის მიერ, როგორც ფიზიკური პირის და არა როგორც შპს “ჯ.-ს” დირექტორის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “ჯ.-ს” დირექტორის - ი. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინების ასლი პირადად ჩაბარდა შპს “ჯ.-ს” წარმომადგენელს _ რ. ი-ძეს 2010 წლის 10 მაისს, რაც დასტურდება სასამართლოს გზავნილზე მისი ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 57). აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება მხარისთვისაც ჩაბარებულად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შპს “ჯ-სათვის” სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 11 მაისს და ამოიწურა 2010 წლის 24 მაისს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “ჯ.-ს” წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 25 მაისს (იხ. ს.ფ. 59-77), ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს “ჯ.-მ” 2010 წლის 5 მარტს რ. ი-ძეს შეუწყვიტა წარმომადგენლის უფლებამოსილება.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს.
მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, წარმომადგენლის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის თაობაზე მარწმუნებელი წერილობით მიმართავს სასამართლოს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომ შპს “ჯ.-მ” რ. ი-ძეს 2010 წლის 5 მარტს შეუწყვიტა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე მას სასამართლოსათვის წერილობით არ უცნობებია. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2010 წლის 19 მარტს რ. ი-ძემ, როგორც შპს “ჯ.-ს” წარმომადგენელმა, საჩივარი შეიტანა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მონაწილეობდა 2010 წლის 8 და 19 აპრილის სასამართლო სხდომებში საჩივრის განხილვისას (იხ. ს.ფ. 37-41). საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ შპს “ჯ.-ს” რ. ი-ძესთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ შეუწყვეტია.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს “ჯ.-ს” მიერ გაცემული მინდობილობით რ. ი-ძეს უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში მხოლოდ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და, რომ ეს მინდობილობა გაცემულია ი. ბ-ის მიერ, როგორც ფიზიკური პირის და არა როგორც შპს “ჯ.-ს” დირექტორის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას აქარწყლებს საქმეში წარმოდგენილი ქ.ბათუმის ნოტარიუსის ხ. კ-შვილის მიერ 2009 წლის 2 სექტემბერს განუსაზღვრელი ვადით გაცემული ¹090461470 რწმუნებულება, რომლითაც შპს “ჯ.-ს” დირექტორი ი. ბ-ი (მარწმუნებელი) უფლებამოსილებას ანიჭებს რ. ი-ძეს (რწმუნებულს) წარმოადგინოს მარწმუნებელი საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები (იხ. ს.ფ. 29).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა შპს “ჯ.-მ” დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით, შპს “ჯ.-ს” სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჯ.-ს” დირექტორის - ი. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.