Facebook Twitter

ას-66-57-2011 5 აპრილი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ნ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ბ-ი», შპს «ო-სი»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს რ. ნ-შვილმა და გ. ჯ-ერმა მოპასუხეების _ შპს «ბ-ისა» და შპს «ო-სის» მიმართ შენობის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების, სახლის კედლის ჯდენის შედეგების ლიკვიდაციისა და არსებული პროექტით შენობის აღმართვის აკრძალვის მოთხოვნით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხეებმა 2006 წლის შემოდგომიდან მეზობელ მიწის ნაკვეთზე დაიწყეს მშენებლობა, რომელიც ხორციელდებოდა კანონმდებლობის დარღვევით, რაც ლახავდა მოსარჩელეების, როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების კანონით დაცულ უფლებებს და აყენებდა მათ ქონებრივ ზიანს.

2008 წლის 1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს თ. ხ-იამ და მ. კ-შვილმა მოპასუხეების _ შპს «ბ-ის», შპს «ო-სი 9-ის» და შპს «ტ. ლ-ის» მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და არსებული პროექტით შენობის აღმართვის აკრძალვის მოთხოვნით. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მათი საცხოვრებელი კედლიდან 60 სმ-ის დაშორებით მეზობელ მიწის ნაკვეთზე შენდებოდა 7 სართულიანი შენობა. აღნიშნული შენობის ქვაბულის ჩაჭრა მოხდა მოსარჩელეების სახლის კედლისა და საძირკველის გაშიშვლებით, კედელმა დაკარგა მდგრადობა და სახლს გაუჩნდა ბზარები, რამაც მოსარჩელეებს მიაყენა ქონებრივი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნულ სარჩელებზე საქმის წარმოება გაერთიანდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ნ-შვილის, გ. ჯ-ერის, თ. ხ-იასა და მ. კ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ნ-შვილმა, თ. ხ-იამ და მ. კ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი რ. ნ-შვილის ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო ამავე სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით თ. ხ-იასა და მ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შპს «გ. პ-ის» წარმომადგენელ დ. მ-ძის შუამდგომლობა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება რ. ნ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და რ. ნ-შვილის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

დასახელებლი განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ნ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ის გარემოება, რომ შენობა აღიმართა არ ნიშნავდა დავის საგნის აღარ არსებობას, ვინაიდან მოთხოვნის საფუძველი იყო, რომ არ აღმართულიყო შენობა და აღმართულ შენობას მისთვის ზიანი არ მიეყენებინა, რაც დღესდღეისობით არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ა1» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ რ. ნ-შვილის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ქ.¹41-ში მდებარე, თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მოპასუხეთათვის _ შპს «ბ-ისა» და შპს «ო-სისთვის» დავალება და ... ქუჩა ¹37-39-ში არსებული პროექტის შენობის აღმართვის აკრძალვა.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისში, ... ქუჩა ¹37-39-ში ნაგებობის მშენებლობა დასრულებულია, რაც თავად კერძო საჩივრის ავტორს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სადავოდ არ გაუხდია (იხ. ტ.5 ს.ფ. 146). აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ სარჩელის მითითებულ ნაწილში აღარ არსებობს დავის საგანი, ვინაიდან მოსარჩელის ნების არარსებობის მიუხედავად, მხარეთა შორის სადავო საგანი უკვე გადაწყვეტილია.

საქმის მასალებით დადგენილია ასევე და არც რ. ნ-შვილი ხდის სადავოდ, რომ თბილისში, ... ქუჩა ¹41-ში მდებარე შენობის გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოების განხორციელება უზრუნველყოფილი იქნა თბილისის მერიის ძველი თბილისის გამგეობის მიერ, რაც დასტურდება სამუშაოების შემსრულებლის _ შპს «ა-ის» მიერ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით შედგენილი ხარჯთაღრიცხვით (იხ. ტ IV, ს.ფ. 244-262). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა შესრულებულია, რაც ცხადყოფს, რომ სადავოდ ქცეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდ უკვე დაცულია და, შესაბამისად მისი იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე, დავის საგანი აღარ არსებობს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული სწორად მიიჩნია საქმის წარმოების შეყვეტის საფუძვლად, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.