Facebook Twitter

ას-666-625-10 03 აგვისტო, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ჩ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 6 თებერვალს თ. ჩ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ. გ-ძის მიმართ მისთვის 30000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ძეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-ძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 აპრილის განჩინებით თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის გამო.

2004 წლის 14 ივნისს თ. ჩ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. ჩ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მის სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მ. გ-ძის წარმომადგენელ რ. ხ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. ჩ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2008 წლის 9 იანვარს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე თ. ჩ-ძის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ჩ-ძე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, დანარჩენ ნაწილში განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2009 წლის 12 ნოემბერს თ. ჩ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლის განმარტებით, 2009 წლის სექტემბერში მან მოიპოვა გარკვეული სახის მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, თ. ჩ-ძემ ახალად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა, რომ მან მოიპოვა შპს “მეზღვაურეთა სამედიცინო ცენტრის” 2009 წლის 10 სექტემბრის ცნობა, რომელშიც მითითებული იყო, რომ მას ნამდვილად ჩაუტარდა ოპერაცია ორივე თვალზე 20 დეკემბერს და 25 დეკემბერს და მისი ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, შესაბამისად, ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, ხოლო სამედიცინო ცნობაში პირდაპირი მითითება აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს მომართვის გარეშე ვერ მოხდებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით თ. ჩ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ჩ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მან წინასწარ შეატყობინა სასამართლოს ავადმყოფობის შესახებ, სადაც ცნობის სახით მითითებული იქნა, რომ მას ნამდვილად ჩაუტარდა ოპერაცია თვალზე და ტრანსპორტირება არ შეეძლო, ხოლო ის გარემოება, რომ ცნობაში პირდაპირ უნდა ყოფილიყო მითითებული სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მას არასწორად უთხრა უარი საქმის წარმოების განახლებაზე, რის გამოც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან გაჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მხარემ არ იცოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ამასთან, მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან წინასწარ შეატყობინა სასამართლოს მისი ავადმყოფობის შესახებ და წარადგინა ავადმყოფობის ცნობა, ხოლო ის გარემოება, რომ ცნობაში პირდაპირ უნდა ყოფილიყო მითითებული სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება ვერ გახდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან კანონის არცოდნა არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის არცოდნა მხარეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. კანონის ცოდნის პრეზუმფცია ყველასა და თითოეულზე ვრცელდება და არ შეიძლება პირი უთითებდეს კანონის არცოდნაზე ან მის არასათანადო გაგებაზე კანონის უცოდინარობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ თ. ჩ-ძემ იცოდა ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი და, შესაბამისად, მას შეეძლო ამ ნორმის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სამედიცინო ცნობა წარედგინა სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითითებული გარემოება, ვერ მიიჩნევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად და, შესაბამისად, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.