Facebook Twitter

ას-667-626-10 20 სექტემბერი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. უ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ი. დ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. დ-შვილის სარჩელი ზ. უ-ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა, ზ. უ-ძეს ი. დ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 6600 აშშ დოლარის გადახდა, ზ. უ-ძეს ი. დ-შვილისაგან დაუბრუნდა ავტომანქანა “მიცუბიში სფეის ვაგონი”.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. უ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით ზ. უ-ძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა _ 264 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (გამოკლებული 264 ლარი) ოდენობით (ტომი 2, ს.ფ. 107-108).

ამავე სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით ზ. უ-ძის განცხადება ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 15 დღით გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღით (ტომი 2, ს.ფ. 112-113).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ზ. უ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტ. 2, ს.ფ. 119-121).

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. უ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსებულად ჩათვალა იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან არ ჰქონდა ეკონომიური შესაძლებლობა, ხარვეზი მოგვიანებით გამოასწორა, ამასთან ეგონა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა მხოლოდ სამუშაო დღეებს მოიცავდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ. უ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით ზ. უ-ძეს დაევალა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა და ჩაბარდა 2010 წლის 29 აპრილს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 115). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 30 აპრილს და ამოიწურა 2010 წლის 6 მაისს. დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მის მიერ ხარვეზის შევსების ვადის გაშვება საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან ეკონომიური მდგომარეობის გამო დროულად ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა და, ასევე მას ეგონა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა მხოლოდ სამუშაო დღეებს მოიცავდა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და, უპირველესად აღნიშნავს, რომ აპელანტს დასაბუთებული შუამდგომლობით სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ სასამართლოსათვის არ მიუმართავს. მას არც საკასაციო სასამართლოში წარმოუდგენია მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება ეკონომიური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის დროულად გადახდის შეუძლებლობის შესახებ. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ასევე ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორს არასწორად ესმოდა კანონი და ფიქრობდა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა მხოლოდ სამუშაო დღეებს მოიცავდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის არცოდნა მხარეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. კანონის ცოდნის პრეზუმფცია ყველასა და თითოეულზე ვრცელდება და არ შეიძლება პირი უთითებდეს კანონის არცოდნაზე ან მის არასათანადო გაგებაზე კანონის უცოდინარობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ ზ. უ-ძის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. უ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.