Facebook Twitter

ას-671-629-10 17 სექტემბერი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი “გ-ი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ე. მ-შვილის, ნ. ს-შვილისა და გ. გ-შვილის სარჩელი გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” მიმართ, მესამე პირი _ საქართველოს ცეკავშირის გამგეობა, კოოპერატივ გურჯაანის “მეპაიეთა” 2006 წლის 11 მაისის საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის საოქმო განჩინებით, გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” წარმომადგენელ ნ. ხ-შვილის შუამდგომლობის საფუძველზე, ე. მ-შვილის, ნ. ს-შვილისა და გ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ მოტივით, რომ მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა იმ კოოპერატივის საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლის ქონებაც სახელმწიფოს გადაეცა და მან, როგორც იურიდიულმა პირმა, რეალურად არსებობა შეწყვიტა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. მ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა დოკუმენტი კოოპერატივის ლიკვიდაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ამასთან, საგადასახადო ინსპექციაში საიდენტიფიკაციო ნომრით .......... კოოპერატივი “გ-ი” კომპიუტერულ ბაზაშია და ყოველწლიურად ერიცხება საგადასახადო დავალიანება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, კოოპერატივის ლიკვიდაციის დამადასტურებელი დოკუმენტი რომ არსებობდეს, მას ამოიღებდნენ საგადასახადო ნუსხიდან. აღნიშნულის დასადასტურებლად, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა 2008-2009 წლებისა და მიმდინარე წლის საგადასახადო შედარების აქტები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ე. მ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები (ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევები) გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის თანახმად, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში.

მითითებული ნორმის თანახმად, იურიდიული პირის მიმართ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მხოლოდ მისი რეორგანიზაციის შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. კერძოდ, საქმის წარმოება შეწყვეტილია იმ მოტივით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 16 მარტის წერილის თანახმად, იურიდიული პირი საიდენტიფიკაციო ნომრით _ .......... ან/და სახელწოდებით სამომხმარებლო კოოპერატივი “გ-ი” რეგისტრირებული არ არის. ხსენებული წერილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კოოპერატივი “გ-ი” ლიკვიდირებული იყო და, ამდენად, აღარ არსებობდა იურიდიული პირი, რომელსაც პასუხი უნდა ეგო სარჩელზე, რის გამოც სსკ-ის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

მითითებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა შეწყვეტილად (ანუ იურიდიული პირი ლიკვიდირებულად, გაუქმებულად) ითვლება მხოლოდ მისი ლიკვიდაციის ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

იურიდიულ პირთა რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას შესაბამის რეესტრში ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახური.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის 2010 წლის 16 მარტის ¹68306 წერილით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 160) დასტურდება მოპასუხის – გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” ლიკვიდაციის ფაქტი. აღნიშნული წერილით მხოლოდ ის ირკვევა, რომ იურიდიული პირი საიდენტიფიკაციო ნომრით _ .......... ან/და სახელწოდებით სამომხმარებლო კოოპერატივი “გ-ი” რეგისტრირებული არ არის, რაც არ ნიშნავს, რომ გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი “გ-ი” ლიკვიდირებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 31 დეკემბრის დადგენილება გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე (რეგისტრაციის ¹27/6-14) (იხ. ტომი 2, ს.ფ. 231-233). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის 2010 წლის 16 მარტის წერილში კი მითითებულია, რომ ამ სამსახურის არქივში დაცულია “გ-ის რაიკოოპკავშირის” სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (რეგისტრირებული 1997 წლის 31 დეკემბერს, რეგისტრაციის ¹27/6-14). ამდენად, გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” და “გ-ის რაიკოოპკავშირის” სარეგისტრაციო მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. გარდა ამისა, გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” სალიკვიდაციო კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის ¹1 ოქმში, გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი “გ-ი” მოხსენიებულია როგორც “გ-ის რაიკოოპკავშირი” (იხ. ტომი 2, ს.ფ. 167-169). აქედან გამომდინარე გამოსარკვევია, გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი “გ-ი” და “გ-ის რაიკოოპკავშირი” ხომ არ არის ერთი და იგივე იურიდიული პირი. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საგადასახდო შედარების აქტებით “გ-ის რაიკოოპკავშირი”, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია – .........., დღესაც რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად (იხ. ტომი 2, ს.ფ. 333-336), ხოლო გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” ლიკვიდაციის ფაქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ვერ დგინდება მოპასუხე გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” ლიკვიდაციის ფაქტი, ამიტომ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება მოპასუხე მხარის ლიკვიდაციის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რის გამოც ე. მ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს დასრულდა თუ არა გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” ლიკვიდაცია, თანახმად სალიკვიდაციო კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის ¹1 ოქმისა, და კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა თუ არა ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაცია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. მ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.