ას-673-631-2010 03 აგვისტო, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ა”
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ბ”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ბ”-ს სარჩელი მოპასუხე შპს “ა”-ს მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს “ა”ს შპს “ბ”-ს სასარგებლოდ დაეკისრა 263732,89 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა”-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით შპს “ა”-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი შპს “ა”-ს ჩაბარდა 2010 წლის 10 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მითითებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შეიტანა 2010 წლის 25 მაისს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იყო 2010 წლის 24 მაისი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ა”-ს წარმომადგენელმა გ. ჟ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ მოტივით, რომ შპს “ა”-ს კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილება მას ჩაბარდა არა 2010 წლის 10 მაისს, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2010 წლის 11 მაისს, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ორგანიზაციის კანცელარიის ჟურნალის შესაბამისი გვერდის ასლი, სადაც მითითებულია, რომ წერილი შემოსულია 2010 წლის 11 მაისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “ა”-ს წარმომადგენელ გ. ჟ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი, მითითებული მუხლების შესაბამისად, ჩაბარდა შპს “ა”-ს კანცელარიას 2010 წლის 10 მაისს, რაც დასტურდება საფოსტო შეტყობინებაზე დასმული ორგანიზაციის კანცელარიის ბეჭდითა და კანცელარიის თანამშრომლის ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 164). საქმის მასალებით ირკვევა ასვე, რომ შპს “ა”-მ სააპელაციო საჩივარი მითითებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, ფოსტის მეშვეობით სასამართლოში გააგზავნა 2010 წლის 25 მაისს (იხ. ს.ფ. 165-177), ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, იყო 2010 წლის 24 მაისი.
შპს “ა”-ს წარმომადგენელი გ. ჟ-შვილი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მის მარწმუნებელს სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მას ჩაბარდა არა 2010 წლის 10 მაისს, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2010 წლის 11 მაისს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს “ა”-ს კანცელარიის ჟურნალის შესაბამისი გვერდის ასლი, სადაც მითითებულია, რომ წერილი შემოსულია 2010 წლის 11 მაისს (იხ. ს.ფ. 186).
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერც კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ე.წ. “კანცელარიის ჟურნალის შესაბამისი გვერდის ასლს” მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, ჯერ ერთი, ეს დოკუმენტი წარმოდგენილია ასლის სახით, იგი არ არის დამოწმებული შპს “ა”-ს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ორგანიზაციის ბეჭდით. ამასთან, ასეც რომ იყოს, ხსენებული დოკუმენტი მაინც ვერ აბათილებს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში მითითებული თარიღის ნამდვილობას, ვინაიდან “კანცელარიის ჟურნალი” წარმოადგენს ორგანიზაციის კონტროლს დაქვემდებარებულ შიდა მოხმარების დოკუმენტს, ხოლო საფოსტო შეტყობინება, რომლითაც ცალსახად დასტურდება შპს “ა”-სათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2010 წლის 10 მაისს ჩაბარების ფაქტი, დამოწმებულია როგორც შპს “ა”-ს კანცელარიის ბეჭდით და კანცელარიის თანამშრომლის ხელმოწერით, ასევე სახალხო ფოსტის - შპს “სკს-ს” ბეჭდით და ფოსტის მუშაკის ხელმოწერით. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, შპს ,,ა”-მ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან მან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს ,,ა”-ს სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,ა”-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.