Facebook Twitter

ას-674-632-2010 3 აგვისტო, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. თ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-იანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ გამოსახლება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ გადაწყვეტილების აღსრულების გადადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2000 წლის 6 სექტემბერს ქ. თბილისის ისანი სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. მ-იანმა მოპასუხე ბ. თ-იას მიმართ მისი კუთვნილი სარდაფიდან გამოსახლების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 4).

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა მოსარჩელის კუთვნილი სარდაფიდან ბ. თ-იას გამოსახლება მასთან ერთად მყოფ პირებთან ერთად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარდაფი, რომლის გათავისუფლებასაც ითხოვდა მოსარჩელე, მის საკუთრებას წარმოადგენდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ არსებობდა შეთანხმება სადავო ფართის დათმობის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 24-25).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბ. თ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა. აპელანტი მიუთითებდა, რომ მოსარჩელე გ. მ-იანს სახლზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, რომელშიც სადავო სარდაფი მდებარეობდა, ჰქონდა დავა მოქალაქე ლ. თ-შვილთან, შესაბამისად აპელანტი მიიჩნევდა, რომ, ვინაიდან გაურკვეველი იყო სადავო ფართის მესაკუთრე, შეუძლებელი იყო საქმის გადაწყვეტა (ტ.1, ს.ფ. 29-30).

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 თებერვლის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის მიხედვით, მოპასუხე ბ. თ-იას უფლება მიეცა, ეცხოვრა სადავო ფართში ერთი წლით _ 2002 წლის 12 თებერვლამდე, რის შემდეგაც ვალდებულებას კისრულობდა, აღნიშნული ფართი გამოეთავისუფლებინა ნებაყოფლობით (ტ.1, ს.ფ. 57-59).

2002 წლის 21 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართეს ბ. და ზ. თ-იებმა და ითხოვეს სააღსრულებო ფურცლის შეჩერება (ტ.1, ს.ფ. 98-99).

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 28 მაისის განჩინებით ბ. და ზ. თ-იების განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 თებერვლის განჩინების აღსრულება გადაიდო მხარეთა შორის თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული დავის (სარდაფის სარემონტო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე) გადაწყვეტამდე (ტ.1, ს.ფ. 116-118).

2010 წლის 1 მარტს გ. მ-ინის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გასცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე (ტ.1, ს.ფ. 133).

2010 წლის 14 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ბ. თ-იამ და ითხოვა გაცემული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის აღსრულების გადადება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2010 წლის 8 მარტს ჩაჰბარდა 2004 წლის 27 თებერვლის განჩინება სარდაფის სარემონტო ხარჯების ანაზღაურებაზე მისი სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ და აღნიშნულ განჩინებაზე აპირებდა კერძო საჩივრის შეტანას (ტ.2, ს.ფ. 2-3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის განჩინებით ბ. თ-იას განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ განცხადების თანახმად, ბ. თ-იას განჩინება გ. მ-იანის მიმართ სარდაფის სარემონტო ხარჯების ანაზღაურების შესახებ ჩაჰბარდა 2010 წლის 8 მარტს, განსახილველი განცხადება კი სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იყო 2010 წლის 14 მაისს, რა დროისთვისაც ბ. თ-იას განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გასაჩივრებული. შესაბამისად, აღსრულების გადადების შესახებ შუამდგომლობა უსაფუძვლო იყო (ტ.2, ს.ფ. 14-16).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. თ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, განცხადების დაწერისას დაუშვა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, 2010 წლის 8 მაისის ნაცვლად მიუთითა 2010 წლის 8 მარტი, რაც საფუძვლად დაედო მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. მას ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 თებერვლის განჩინება განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული ჰქონდა და საქმე სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან ურთავდა შესაბამის მტკიცებულებებს (ტ.2, ს.ფ. 20-21).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 მაისის განჩინება და ბ. თ-იას განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, არსებობს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 28 მაისის განჩინება, რომლითაც ბ. და ზ. თ-იების მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 თებერვლის განჩინების აღსრულება გადაიდო მხარეთა შორის თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული დავის (სარდაფის სარემონტო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე) გადაწყვეტამდე (ტ.1, ს.ფ. 116-118). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 თებერვლის განჩინების აღსრულების განახლების პირობაა მხარეთა შორის სარდაფის სარემონტო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დავის გადაწყვეტა.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სარწმუნოდ არ გამოარკვია, მხარეთა შორის დასრულებული იყო თუ არა დავა სარდაფის სარემონტო ხარჯების ანაზღაურების შესახებ და არსებობდა თუ არა ამ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ბ. თ-ია განცხადებაში აღნიშნავდა, რომ იგი აპირებდა კერძო საჩივრის შეტანას ამ საქმეზე გამოტანილ განჩინებაზე. სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი იქნებოდა დაუშვებელი, რომ ამ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის საკითხი არ გამოურკვევია.

სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა შეამოწმოს, დაცულია თუ არა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 თებერვლის განჩინებით დადგენილი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 თებერვლის განჩინების აღსრულების განახლების პირობა _ არსებობს თუ არა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება მხარეთა შორის სარდაფის რემონტის ხარჯების ანაზღაურების შესახებ დავაზე და ისე გადაწყვიტოს ბ. თ-იას განცხადების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მაისის განჩინება და ბ. თ-იას განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.