ას-67-58-2011 18 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს «... ... ბანკი»
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. წ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ საიჯარო ქირის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 29 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. წ-შვილმა მოპასუხე სს «... ... ბანკის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან საიჯარო ურთიერთობის დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში გადასახდელი საიჯარო ქირის ანაზღაურება, რაც შეადგენდა 52000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა სს «... ... ბანკისათვის» მის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 დოლარის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ტომი 1, ს.ფ. 1-11).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. წ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს «... ... ბანკს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 52000 აშშ დოლარი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 15 დეკემბერს სს «... ... ბანკსა» და ა. წ-შვილს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს «... ... ბანკმა» 5 წლის ვადით იჯარით აიღო ა. წ-შვილის კუთვნილი, თბილისში, ... 3-ის მე-3 მ/რ-ის ¹310 ...პუსში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი. საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 1400 აშშ დოლარით, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15-დან 20 რიცხვამდე;
საიჯარო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 15 დეკემბრამდე, ხოლო საიჯარო ქირის ოდენობა – 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2010 წლის 15 ოქტომბერს;
სს «... ... ბანკს» 2010 წლის 15 ოქტომბრამდე სრულად ჰქონდა გადახდილი საიჯარო ქირა.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სს «... ... ბანკმა» საიჯარო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონის მოთხოვნების დარღვევით.
სასამართლომ განმარტა, რომ საიჯარო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შესაგებელში მითითებული გარემოება, რომ 2006 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულების 2.3 პუნქტი მას ანიჭებს უფლებას ვადაზე ადრე ცალმხრივად მოშალოს საიჯარო ხელშეკრულება. დასახელებული პუნქტის თანახმად, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მეორე მხარეს შეატყობინოს წერილობით 3 თვით ადრე. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ შეტყობინების და არა ხელშეკრულების ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვეტის უფლებას და საფუძველს. შესაბამისად, სს «... ... ბანკი» ვალდებული იყო ა. წ-შვილისათვის აენაზღაურებინა საიჯარო ურთიერთობების დასრულებამდე (2012 წლის 15 დეკემბრამდე) საიჯარო ქირა 52000 აშშ დოლარი (26 თვის საიჯარო ქირა).
პირგასამტეხლოსთან მიმართებით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებზე, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების 3.3 პუნქტზე. სასამართლოს მითითებით, ამ პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის არასაპატიო ნებისმიერი მიზეზით გადაცილების შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია ვალდებულების შესრულებისათვის რაიმე დამატებითი ვადის დაწესების ანდა გაფრთხილების გარეშე დააიკისროს მოიჯარეს პირგასამტეხლოს გადახდა, რომლის ოდენობა განისაზღვრება დროულად გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
რამდენადაც საქმეზე დგინდებოდა, რომ მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2010 წლის 15 ოქტომბერს, ამასთან, მოპასუხეს სრულად და დროულად ჰქონდა ანაზღაურებული ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადასახდელი მიმდინარე საიჯარო ქირა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძველი (ტომი 1, ს.ფ. 81-85).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «... ... ბანკმა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 89-99).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 დეკემბრის განჩინებით სს «... ... ბანკის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომეტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დგინდებოდა, რომ მოპასუხე სს «... ... ბანკს» გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა 2010 წლის 9 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა. შესაბამისად, მისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2010 წლის 10 დეკემბრიდან და ამოიწურა 2010 წლის 23 დეკემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ხუთშაბათი. ამდენად, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2010 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. საქმეზე დგინდებოდა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა 2010 წლის 24 დეკემბერს ანუ 1 დღის დაგვიანებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ სს «... ... ბანკმა» სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ იგი განუხილველად დატოვა დაუშვებლობის მოტივით. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (ტომი 2, ს.ფ. 3-6).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს «... ... ბანკმა» (წარმომადგენელი გ. გ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის აპელანტისათვის ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ს.ფ. 87-ზე (ტომი 1) განთავსებული 2010 წლის 9 დეკემბრის ხელწერილი, რომელიც დამოწმებულია სს «... ... ბანკის» იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლის ხელმოწერით და შტამპით.
კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში სს «... ... ბანკს» მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდა ორი პირი: გ. გ-ძე და ე. ყ-შვილი. საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის გზავნილი არც ერთ მათგანს არ ჩაჰბარებია. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 9 დეკემბრის გზავნილზე დასმული სს «... ... ბანკის» იურიდიული დეპარტამენტის შტამპი გზავნილის ბანკის წარმომადგენლისათვის ჩაბარებად. აღნიშნული შტამპის გასწვრივ ხელს აწერს სრულიად სხვა პირი (მ. ტ-ვა), რომელსაც არ გააჩნდა და არც ამჟამად გააჩნია საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გზავნილი არ შეიძლება ჩაბარებულად ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისათვის. დასახელებული საპროცესო ნორმის მიხედვით, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით, მაშინ ჩაბარება ხორციელდება ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. მითითებული 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილია, რომ ფოსტის ან კურიერის მიერ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქმის წარმოების წესების» შესაბამისად, სს «... ... ბანკში» 2010 წლის 17 თებერვალს დამტკიცდა ინსტრუქცია «სს «... ... ბანკის» სათაო ოფისში შემოსული კორესპონდენციის წარმოების ერთიანი წესების შესახებ». ამ ინსტრუქციის თანახმად, ბანკის სათაო ოფისში საქმის წარმოების ორგანიზაციას ახორციელებს კანცელარიის განყოფილება. ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად, ბანკში შემოსული ...ესპონდენციის პირველადი მიღება, რეგისტრაცია, სპეციალური შტამპის დასმა, რომელშიც აღინიშნება კორესპონდენციისა და დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი და შემოსვლის თარიღი _ ხორციელდება კანცელარიის განყოფილების მიერ.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2010 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გზავნილი მათთვის გაუგებარი მიზეზის გამო, კურიერმა ბანკის კანცელარიის ნაცვლად მიიტანა იურიდიულ დეპარტამენტში (... გამზირი ¹43), მაშინ როდესაც კანცელარიის სამსახური ფუნქციონირებს იმავე მისამართზე და მას ჩვეულებრივ აბარებენ ყველა გზავნილს. იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა მ. ტ-ვამ, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სასამართლოებში განსახილველ საქმეებთან, საკურიერო სამსახურის წარმომადგენლის თხოვნით დაიტოვა გზავნილი კანცელარიისათვის გადასაცემად და დაუსვა ბანკის იურიდიული დეპარტამენტის შიდა მოხმარებისათვის განკუთვნილი შტამპი გზავნილის მეორე ეგზემპლარზე. იმის გამო, რომ ეს ფაქტი მოხდა საღამოს საათებში, მ. ტ-ვამ დოკუმენტი მეორე დღეს, 10 დეკემბერს, სამუშაო დღის დაწყებისთანავე წარადგინა ბანკის კანცელარიის სამსახურში. კანცელარიამ დოკუმენტზე დასვა შტამპი, მიუთითა შემოსვლის ნომერი და იგი გადაუგზავნა ბანკის გენერალურ დირექტორს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ და თავისი რეზოლუციით დოკუმენტი გადასცა უფლებამოსილ პირს.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სადავო შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს გზავნილი გაიგზავნა კურიერის მეშვეობით, სასამართლოს დოკუმენტი ჩაბარებულად უნდა ჩაეთვალა მხოლოდ ბანკის კანცელარიის შტამპით დადასტურების შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლო გზავნილი სს «... ... ბანკს» ჩაჰბარდა 2010 წლის 10 დეკემბერს და არა 9 დეკემბერს, როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული. შესაბამისად, აპელანტს არ გაუშვია სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადა, ვინაიდან მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2010 წლის 24 დეკემბერს (ტომი 1, ს.ფ. 12-15).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «... ... ბანკის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით მოწესრიგებულია ორგანიზაციისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ უწყების ჩაბარება ორგანიზაციის კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულის ანდა პირისათვის, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ორგანიზაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი სს «... ... ბანკს» გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2010 წლის 9 დეკემბერს ჩაბარდა ბანკის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელს მ. ტ-ვას. აღნიშნული დასტურდება სასამართლო გზავნილზე მისი მიმღების (მ.ტ-ვას) ხელმოწერით და სს «... ... ბანკის» იურიდიული დეპარტამენტის შტამპით. ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება დადასტურებულია ასევე ამავე გზავნილზე სასამართლოს კურიერის ხელმოწერით (ტომი 1, ს.ფ. 87).
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, «სს ... ... ბანკის სათაო ოფისში შემოსული კორესპონდენციის წარმოების ერთიანი წესების შესახებ» ინსტრუქციის მიხედვით, სასამართლო გზავნილი უნდა ჩაბარებოდა ბანკის კანცელარიას და არა იურიდიულ დეპერტამენტს. შესაბამისად, ამ უკანასკნელისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მიიჩნევა ბანკისათვის ჩაბარებად.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას. ინსტრუქცია, რომლის წესების დაცვის აუცილებლობაზეც მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორი, წარმოადგენს ბანკის შიდაორგანიზაციული სახის დოკუმენტს და მისი დაცვის ვალდებულებაც ბანკის თანამშრომლებს ევალებათ. მითითებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების ცოდნას ვერ მოვთხოვთ მესამე პირებს, მათ შორის სასამართლოს კურიერს. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ თავის ოფისში ისე უნდა უზრუნველყოს კორსესპონდენციის მიღების პროცედურა, რომ იგი არ ქმნიდეს რაიმე გაურკვევლობას მესამე პირებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქედან, რომ სს «... ... ბანკის» იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა კურიერისგან პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით და ბანკის შტამპით, კურიერს სრულიად საფუძვლიანად შეეძლო ევარაუდა, რომ გზავნილი ჩაიბარა ბანკის უფლებამოსილმა პირმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს «... ... ბანკს» კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სს «... ... ბანკის» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
ამდენად, სს «... ... ბანკის» კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «... ... ბანკის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.